“ჩემი მიზანი ახალი პოლიტიკის შექმნაა” – ინტერვიუ ანა დოლიძესთან

რატომ გადაწყვიტა შესულიყო თბილისის მერობისთვის ბრძოლაში? რისი შეცვლა უნდა და რა არის მისი ამოცანა პოლიტიკაში? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე საუბრობს, რომელიც მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ინტერვიუების ფარგლებში ჩავწერეთ:

_ რატომ გადაწყვიტეთ, რომ თბილისის მერად გეყარათ კენჭი, იმ ფონზე, როდესაც სამი გამოკვეთილი ფავორიტია რეიტინგების თვალსაზრისით?

_ ეს სამი კანდიდატი, რომელზეც საუბარია, მათგან ერთი იყო „ლუფთჰანზას“ თანამშრომელი მოსკოვში, მეორე ფეხბურთელი, ჩვეულებრივი, (ვხუმრობ) და მესამე იყო უშიშროების აკადემიის სტუდენტი. მათ უკან არის უდიდესი რესურსები, უამრავი ფულია ჩადებული, მათი პიროვნებების შექმნაში, ამიტომ მათი ლიდერობაც ჩაბეტონებული არ არის მომავალში.

მე მინდოდა გამომეკვეთა ის ხალხი, რომელსაც სურს ნახოს სიახლე ჩვენ პოლიტიკაში და ეს პოლიტიკა გადატვირთოს, ახალი თამაშის წესები შემოიტანოს ვიღაცამ. თუნდაც ის, რომ არ იყოს აღქმული რაიმე განსაკუთრებულ მოვლენად ის, რომ მერად ქალი იყრის კენჭს. ეს მაინც ხომ გადავტეხე?! ჩემი ამოცანა ამ არჩევნებზე იყო ის, რომ მოვემზადოთ იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყებთ ახალი პოლიტიკის შექმნას ქვეყანაში – ეს იქნება საკითხებზე დაფუძნებული პოლიტიკა და არა პირად თავდასხმებზე, სიძულვილსა და ორპოლუსიანობაზე.

_ ახალი სიტყვის თქმა გინდოდათ პოლიტიკაში? ეს იყო თქვენი მთავარი მიზანი და არა ვთქვათ გამარჯვება?

_ ახალი პოლიტიკის შექმნა არის ჩემი ზოგადი მიზანი. ამიტომ დავდექი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარად შარშან და ამ შემთხვევაშიც რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, ყველა შემთხვევაში მე გავაკეთებ იმას, რომ ქართული პოლიტიკა გახდება საქმიანი. დღეს ის საქმიანი არ არის.

_ ამას ეყოფა მარტო ანა დოლიძე?

_ არა, მარტო არანაირად არა – მე და ჩვენი მხარდამჭერები.

_ კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი პარტიის რეიტინგი? დასაწყისის და პოლარიზებული გარემოს გათვალისწინებით საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გაქვთ – დაახლოებით 3%.

_ ის ხალხი, ვინც დღეს კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ, ამ ხალხისთვის მე კი არ ვარ მნიშვნელოვანი, არამედ ეს დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი. უმრავლესობა ამბობს, რომ ახალი სახეები და ახალი პოლიტიკა გვინდაო და არსებული პარტიები არ გამოხატავს ჩემს ინტერესებსო, ამას ამბობს ძალიან დიდი რაოდენობა. მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ არჩევანი.

მე რომ აქ არ ვყოფილიყავი, ვინ იცოდა, რომ გახარია შემოვიდოდა იგივე პრეტენზიებით, შესაბამისად იქნებოდა ტრადიციული არჩევანი – ორპოლუსიანობა, რამაც დააპაუზა ეს ქვეყანა.

_ რა არის თქვენი პრიორიტეტი? თბილისის მერობის შემთხვევაში რას შეცვლით?

_ ჩვენ კამპანიას ჰქვია „ქალაქი ხალხისთვის“. ჩვენ პირველებმა წარვადგინეთ პროგრამა და ხედვა. ვთქვით, ლოზუნგი, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმია, ჩვენთვის საკმარისი არ არის. ამომრჩეველს ცოტა მეტი რაღაცის ნახვა უნდოდა. ამიტომ, ჩვენთვის მთავარია, რომ ამ ქალაქში რეალიზებული იყოს ყველანაირი მოქალაქე და არა მარტო შავი ჯიპის მქონე ხალხი, როგორც დღეს არის. „ქალაქი ხალხისთვის“ – ამაში იგულისხმება, რომ აქ უნდა იყოს სწორი ინფრასტრუქტურა. ქალაქი ბავშვებისთვის უნდა იყოს სასიამოვნო და დღეს ბავშვები მარგინალიზებული გვყავს. სცადეთ მიიყვანოთ ბავშვი ა პუნქტიდან ბე პუნქტში და მიხვდებით. ამ ქალაქში არ არის ბავშვების ადგილი, სადღეგრძელოების მიუხედავად. ეს არის ჩვენი კონცეფცია.

_ უფრო კონკრეტულად გვითხარით – რას შეცვლით მაგალითად სატრანსპორტო პოლიტიკაში? იგივე მეტროს მოდერნიზების მიმართულებით ან ტრავმაის თუ შემოიყვანთ?

_ დღეს არ არის საკმარისი რაოდენობის ტრანსპორტი. მაგალითს გეტყვით – დიდი დიღომი. დილით სცადეთ დიდი დიღომიდან გამოხვიდეთ ქალაქში და ნახავთ, რა მდგომარეობაშია ხალხი. იგივე მდგომარეობაა კუკიაზე, სვანეთის უბანში თუ სხვა. უამრავი უბანია, სადაც ვერ მიხვალთ. ვერ მიხვალთ ვერც გოთუას ქუჩაზე. იცით რატომ? ამ თემებს წყვეტს ხალხი, რომელთაც ამ სფეროში არაფერი ესმით. არაკომპეტენტური მმართველობაა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა ამ ხელისუფლების პირობებში.

_ გასაგებია რა პრობლემაც არის, მაგრამ თქვენ რას შეცვლით?

_ ახლა ერთ ინტერვიუში ყველაფერს ვერ მოგიყვებით, ჩვენ გვაქვს 6 პუნქტიანი გეგმა და შეგვიძლია ჩაგიგდოთ. იწყება იმით, რომ უნდა დავასრულოთ დიდი პროექტები, ან უნდა დავიწყოთ, რომელიც „ქართული ოცნების“ დროს მიტოვებული ან არშესრულებულია, დამთავრებული უსაფრთხო ქალაქის იდეით. რომლის მიხედვითაც შემოვიღებთ რეგულაციებს, რომ მაგალითად ბენზინგასამართი სადგურები არ უნდა იყოს დასახლებულ პუნქტებთან და სკოლებთან. ასევე შემოვიღებთ უფასო სავალდებულო ტესტირებას ტყვიის შემცველობაზე ბავშვებში. ეს ჩემი ინიციატივაა და ამას მაინც გავიტანთ. შემოვიღებთ სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლს. ესეც არ არის ახლა, რომელიც ევროპული რეგულაციაა. 6 პუნქტისგან შედგება და ყველა მიმართულებით იშლება და შეგვიძლია ჩაგიგდოთ.

_ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი ამჯერად მაინც თუ ჩამოვა საქართველოში და მიიჩნევთ თუ არა, რომ ის არის პოლიტპატიმარი?

_ პოლიტპატიმარი როგორ არის, თავისუფალია. პოლიტთავისუფალია.

რაც შეეხება მის ჩამოსვლას, ჩვენ უნდა ვისწავლოთ სააკაშვილის განცხადებებთან თანაცხოვრება. ვურჩევთ მედიასაც, რომ ნუ შექმნით ალიაქოთს მისი განცხადებებიდან. ის არის აქტიური პოლიტიკოსი, არსად წასვლას არ აპირებს და ამ განცხადებებით ახდენს თავისი ამომრჩევლის მობილიზებას.

_ ანუ, არ ელოდებით მას თბილისში?

_ მე ვარ იურისტი და სიამოვნებით გავაკეთებ სამართლებრივ კომენტარს, აქ რომ დავინახავ თბილისში.

_ გასაგებია, რომ დაპატიმრებული არ არის და პოლიტპატიმარი ვერ იქნება, არასწორად დავსვი კითხვა, მაგრამ პოლიტდევნილიც არ არის ის?

_ პოლიტდევნილის დეფინიცია ძალიან, ძალიან ვიწროა. სააკაშვილს პასუხსაგები აქვს ძალიან ბევრ საკითხზე და მისი ბრალეულობა უნდა გადაწყდეს კანონის უზენაესობის პრინციპებით სამართლიანი სასამართლოთი. მანამდე, კითხვები რომ არსებობს მისი საქმიანობის მიმართ, ამისი მჯერა. უფრო სწორად, მთავარი კითხვები მე თვითონ მაქვს – რა როლი ჰქონდა რეპრესიული სისტემის აწყობაში, რომელიც აქ იყო.

მას ნამდვილად საპასუხო აქვს ამ კითხვებზე. მან ეს პასუხი უნდა გასცეს. ის, რომ „ოცნებამ“ აურია, ეს ერთიმეორესთან დაკავშირებული არ არის.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...