“ჩემი მერობისას პრიორიტეტი თბილისის ყველა უბნის თანაბრად განვითარება იქნება” – ინტერვიუ თამარ კეკენაძესთან

რატომ გადაწყვიტა ჩაერთოს თბილისის მერობისთვის ბრძოლაში? რატომ გააკეთა არჩევანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ირგვლივ შექმნილ პოლიტიკურ პლატფორმაზე? რა არის მისი პრიორიტეტი და რას ჰპირდება თბილისელებს? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე საუბრობს:

_ რატომ გადაწყვიტეთ, რომ შესულიყავით ამ ბრძოლაში, სადაც ხედავთ, რომ სამი მთავარი ფავორიტია და ალბათ თქვენც დამეთანხმებით ამაში. ამ ფონზე, როგორ ხედავთ თქვენ შანსებს?

_ პირველ რიგში მადლობა ინტერესისთვის და კითხვისთვის.

მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ბრძოლაში შესვლის პროცესს. ჩემთვის და „მესამე ძალისთვის“ – იმ გუნდისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენ, 2 ოქტომბერი ის არჩევნებია, საიდანაც უნდა დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდი თუ რა როლი შეიძლება მქონოდა ამ ბრძოლაში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა წინასაარჩევნო პროცესში. როდესაც გუნდში ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ვიქნებოდი, ნამდვილად არ მიფიქრია იმაზე, თუ ვინ იქნებოდნენ სხვა კანდიდატები. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ამ არჩევნებზე გავაკეთო ყველაფერი რაც ჩემს ხელთაა, რათა 2 ოქტომბერს დავიწყოთ „ქართული ოცნების“ ცვლილების პროცესი.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ველაპარაკოთ იმაზე, თუ რატომ ვცვლით ერთი მხრივ ხელისუფლებას, მაგრამ მეორე მხრივ – რას გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც ეს ხელისუფლება შეიცვლება. წინასაარჩევნო პერიოდში ვცდილობთ ვილაპარაკოთ კონკრეტულ ინიციატივებზე, რაც ხელს შეუწყობს თბილისელებისთვის ყოველდღიურობის გაუმჯობესებას, მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. წარმოვადგინეთ კომპლექსური გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მეორე მხრივ საშუალო ხელფასი, რომელიც წლებია ერთი და იგივეა ანუ მსყიდველობითი უნარი საერთოდ დაკარგული აქვს და მესამე შევქმნით განვითარების პირობებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ეს იყო ის ამოცანები, რაც გადამწყვეტი გახდა ჩემთვის, რომ დავთანხმებოდი თბილისის მერობის კანდიდატობას.

_ პროგრამა გაქვთ და სად შეუძლია ამომრჩეველს მისი ნახვა?

_ დიახ, პროგრამა გვაქვს და ის წარვადგინეთ დაახლოებით 10 დღის წინ. ის დევს ჩემს პირად გვერდზეც და ამ დღეებში უკვე გამოქვეყნდება საიტზე partiebi.ge და მოქალაქეებს შეეძლებათ შეადარონ მერობის ყველა კანდიდატის პროგრამა.

რაც შეეხება იმ  სამ კანდიდატს, მე პატივს ვცემ, ვინც გადაწყვიტა, რომ მონაწილეობა მიიღოს თბილისის მერობის არჩევნებში. მე არ ვანაწევრებ ასე, ვის მეტი შანსი აქვს და ვის ნაკლები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ვინც თვლიდა, რომ გარკვეული წვლილი შეეტანა ამ ბრძოლაში, გადადგა ეს ნაბიჯი, რაც მიხარია. ამ შემთხვევაში ოპოზიციური კანდიდატების პოლიტიკურ ბრძოლას ვგულისხმობ, რომელშიც ყველანი ერთად ვართ. ამის მერე უკვე თბილისელებზე იქნება დამოკიდებული, რა ტიპის არჩევანს გააკეთებენ ისინი.

_ ახსენეთ მაგალითად მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა როგორ აპირებთ ამას და უთხარით ჩვენს მკითხველს, რა არის თქვენი პროგრამული პრიორიტეტი?

_ ჩვენ პროგრამაში 6 ძირითადი მიმართულება გვაქვს და ემსახურება იმ მიზნებს, რაც ჩამოვთვალე. მოკლედ ვიტყვი ყველას შესახებ.

პირველ რიგში ეს ეხება თბილისის ყველა უბნის თანაბრად განვითარებას. ყველა უბანი უნდა გახდეს ქალაქის სახე და პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ უნდა დავასრულოთ იმ სტერეოტიპით ცხოვრება, რომ არსებობს პრესტიჟული და არაპრესტიჟული უბნები.

_ აქ ხაზს უსვამთ იმას, რომ კალაძე ცენტრის მერია რეალურად? ცენტრზე ზრუნავს და ქალაქის გარეუბნები მიტოვებულია?

_ ასეც არის, თუმცა ამ შემთხვევაში როდესაც ჩვენ პროგრამას ვადგენდით, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ გვიფიქრია კალაძის პრიორიტეტებზე. უბრალოდ, ჩვენ ვუყურებთ იმ რეალობას, რაც ქალაქში არის ამ წლების განმავლობაში და ვთვლით, რომ ეს არასწორი რეალობაა, რაც უნდა შეიცვალოს. თბილისელებს არ უნდა გვიწევდეს სხვადასხვა სერვისის მისაღებად გარეუბნებიდან თუნდაც იუსტიციის სახლში მისვლა იმისათვის, რომ ელემენტარული სერვისი მივიღოთ. აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის მომსახურება უნდა იყოს ყველა უბანში, სადაც ერთი მხრივ თბილისელები შეძლებენ სერვისების მიღებას და მეორე მხრივ ეს ადგილები იქცევა სხვა ტიპის ჩართულობის ცენტრებადაც – იქნება ეს საგანმანათლებლო თუ სხვა. ეს ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთონ საკუთარი უბნების განვითარებაში და იმ ტიპის ჩართულობაში თუ რა ტიპის ჩართულობა უნდა შეიძინოს უბანმა.

მეორე ეს არის ურბანული განვითარება. ბევრ უბანში ე. წ. მკვდარი ზონები გვაქვს. ანუ ყოფილი საწარმოო მშენებლობებია, რომელსაც უნდა შევძინოთ ახალი ეკონომიკური ფუნქცია. იმიტომ, რომ ბიზნესმა ახალი სივრცეები რომ აითვისოს, ბოლო წლებში განსაკუთრებით მწვანე ზოლებში იჭრება. გვინდა, რომ განვითარება მოხდეს არსებულ, განაშენიანებულ ადგილებში, სადაც საჭიროა მისი განახლება და ახალი ტიპის ინვესტიციები.

შემდეგი არის პოტენციალი, რომელიც თბილისს აქვს ცოდნის და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. ეს ინიციატივა „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელს“ ჯერ კიდევ 2017 წელს ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ წლები დაიკარგა. იმის ნაცვლად, რომ თბილისს დაეკავებინა რეგიონული ცენტრის ნიშა ამ თვალსაზრისით, ეს გააკეთეს ჩვენმა მეზობლებმა. თუმცა, ვთვლით, რომ ეს პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს. შესაძლებელია, რომ 4-5 წლიან პერსპექტივაში აიტი-სექტორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში. აქ ორი მიმართულებით განვითარებაზე ვსაუბრობთ. ერთი ეს არის ე. წ. მაღალტექნოლოგიური ობიექტების განთავსება და მეორე მხრივ ინვესტიციები ახალგაზრდებში, რათა გავზარდოთ კვალიფიციური პერსონალი. ამ სფეროში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალა იქნება, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ კონკურენცია გაწიოს საერთაშორისო დონეზე.

კიდევ ერთი მიმართულება ეხება სატრანსპორტო პოტენციალის გამოყენებას. ვგულისხმობ, როგორც საჰაერო, ასევე ლოგისტიკურ მიმართულებას. არა მხოლოდ ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენებას ვგულისხმობთ, არამედ სატრანზიტო პოტენციალს აქვს მნიშვნელოვანი დანიშნულება უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ასევე შესაძლებელია ლოგისტიკის ცენტრების მოწყობა აეროპორტის გზაზე, რაც დაახლოებით 5 000 დამატებით სამუშაო ადგილს გააჩენს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მეგა პროექტები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ტრანსპორტის პრობლემის გადაჭრას. პირველ რიგში, უნდა აღდგეს ტრამვაის ქსელი და არა მხოლოდ ძველ ქუჩებზე, ეს გადასახედია – დღევანდელ რეალობაში რომელ ქუჩებზე უნდა აღდგეს. მაგრამ ეს ქსელი აუცილებლად უნდა მივიდეს ისეთ უბნებში, როგორიც არის დიდი დიღომი, ლილოს დასახლება და აუცილებელია აეროპორტთან დაკავშირებაც.

_ მეტროს ერთგვარი გაგრძელება უნდა იყოს?

_ დიახ. ამავდროულად ჩვენ გვინდა, რომ ღია მეტროთი დავაკავშიროთ თბილისი-რუსთავი და თბილისი-მცხეთა. რუსთავის მოქალაქეები მთლიანად არიან მოწყვეტილები ეკონომიკურ საქმიანობას. ვფიქრობთ, რომ თუ დაკავშირება მოხდება, ეს ამ პრობლემასაც გადაწყვეტს.

_ ფინანსური თვალსაზრისით ამ პროექტების გაკეთება მოსახერხებელია?

_ არ არის ეს იაფი პროექტები, თუმცა ძალიან რეალისტურია ამ პროექტების განხორციელება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით. კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროგრამების მხარდასაჭერი პროგრამები არსებობს, ამ შემთხვევაში ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ვგულისხმობ.

_ დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი ამ პროექტის განსახორციელებლად?

_ მაგალითად ტრამვაის ნაწილის აღდგენის პროექტზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს დაახლოებით 130 მილიონის ღირებულებების პროექტია, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ძალიან რეალისტურია ამ პროექტი გაკეთება.

კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება რკინიგზის გადატანას. პირველ რიგში სატვირთო მატარებლების გადატანაზე ვსაუბრობთ. ეს ხელს შეუწყობს სატრანსპორტო პოტენციალის გამოყენებასაც. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ტვირთებმა სწრაფად გაიარონ საქართველოს ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რკინიგზა იყოს შესაბამისი სტანდარტის. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ამ ტიპის განვითარება.

ჩვენთვის ასევე პრიორიტეტია ის, რომ თბილისი იყოს უსაფრთხო და კომფორტული ქალაქი არა მარტო თბილისელებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. გვაქვს კონკრეტული ინიციატივები , როგორც ახალი მწვანე ზოლების შესაქმნელად, ასევე ის, რომ სწორად მოვუაროთ არსებულ ურბანულ მწვანე სივრცეებს და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი სანერგე მეურნეობების განვითარებას. ჩვენ პროგრამაში არის ისეთი ტიპის ინიციატივებიც, როგორიც არის ფასიანი პარკინგი და მიღებული შემოსავლის რეინვესტირება ახალ, მწვანე სივრცეებში.

_ ე. წ. ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით რა გეგმა გაქვთ?

_ მნიშვნელოვანია ის, როგორ მოვახერხოთ ამ ნაწილის დაკავშირება მტკვართან, რათა მდინარის პოტენციალის გამოყენება შევძლოთ. მათ შორის ტურისტული მიზნებისთვის. მოხდეს ამ ტერიტორიის დაკავშირება მტკვართან ხიდებით თუ სხვა საშუალებებით, ისე როგორც ევროპის ქალაქებშია და რაც ყველას ძალიან მოგვწონს.

თუმცა, ეს არის გრძელვადიანი პროექტი, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ დაზიანდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესები, რომელიც განთავსებულია ე. წ. ელიავას ბაზრობაზე. ამას სჭირდება სპეციალისტებთან ერთად დამატებითი შესწავლა თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ბაზრობის ეტაპობრივად გადატანა სხვა ადგილას და ამ ტერიტორიის დაკავშირება მტკვართან.

_ დასასრულისკენ წავიდეთ და უთხარით ამომრჩეველს მოკლედ, რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი?

_ თბილისს სჭირდება მერი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, მეორე მხრივ აქვს გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის და აქვს ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს თბილისი და იცის რა პრობლემებიც აწუხებს თბილისს. ვეცდები ამომრჩეველი ამ მოკლე პერიოდში დავარწმუნო, რომ მე ვიქნები სწორედ ამ ტიპის მერი. შემდეგ უკვე მათზე იქნება დამოკიდებული, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი.

_ პირადად თქვენ თამარ კეკენაძემ რატომ აირჩიეთ „სტრატეგია აღმაშენებელი“? წლების წინ იყავით ალასანიას გუნდში და დაინახეთ ღირებულებითი თანხვედრა?

_ მე დღესაც „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ვარ. მესამე ძალა არ არის ახალი პოლიტიკური პარტია. ეს არის პოლიტიკური პლატფორმა, სადაც გაერთიანებულები ვართ პარტიები – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“. რაც კიდევ უფრო ღირებულია, არის ის, რომ ჩვენ შევძელით იმ ადამიანების გააქტიურება, რომლებსაც წლების მანძილზე კი ჰქონდათ სურვილი, რომ საკუთარი ქალაქების განვითარებაში ჩართულიყვნენ, მაგრამ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თავის დაკავშირება არ უნდოდათ. ამ პლატფორმამ მეტი თავისუფლება მისცა.

ჩემთვის და „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მარტივი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან წლების განმავლობაში „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პარტნიორები ვართ და ჩვენ ერთი ლიბერალური ოჯახის წევრები ვართ ევროპის დონეზე. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, მასთან წლების განმავლობაში გვაკავშირებს თანამშრომლობა. ეს არის გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით სწორი ხედვა აქვს. ამიტომ თანამშრომლობა ბუნებრივად შედგა. ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები ჩვენი საერთო ძალისხმევის პირველი ნაბიჯია. სამომავლოდ ვგეგმავთ უფრო მეტად გაფართოებას.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...