ჩეხეთის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვგმობთ ყირიმის ანექსიას

ჩეხეთის პრემიერმინისტრმა ანდრეი ბაბიშმა აღნიშნა, რომ ოფიციალური პრაღა მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე გმობს რუსეთის ქმედებებს ყირიმსა და დონბასში.

”მოვედი მკაფიო გზავნილით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ვგმობთ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიას, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიას”, – განაცხადა ბაბიშმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მშვიდობიანი გზის გარდა, კონფლიქტის მოგვარების სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს 2008 წლის შემდეგ ჩეხეთის მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია უკრაინაში.

”ეს ვიზიტი და ჩვენი შეხვედრა უკვე იმაზე მეტყეველებს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ახალ დონეზე ადის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამავე დროს, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ იგი პრემიერმინისტრის, ანდრეი ბაბიშის პოზიციას “სწორად, დემოკრატიულად და ევროპულად” მიიჩნევს.

”ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინაა. ეს არის ჩეხეთის პოზიცია უკრაინის მოქალაქეებისა და ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ”, – დასძინა ზელენსკიმ.

ბაბიშმა დაადასტურა, რომ ჩეხეთის მთავრობა მზადაა, დონბასში სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად