ჩავუშოღლუ: რუსეთი სირიაში ასადის რეჟიმის ქმედებებზეა პასუხისმგებელი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რუსეთმა სირიაში სამთავრობო ძალების ქმედებები უნდა გააკონტროლოს. ინფორმაციას სააგენტო ТАСС ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული საკითხი ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა განიხილეს.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ჯარების ქმედებებზეა პასუხისმგებელი.

“რუსეთმა  [ბაშარ ასადის] რეჟიმის ქმედებები უნდა გააკონტროლოს” – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მიმდინარე წლის 4 ივნისს, ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, სირია-რუსეთის სამხედრო ალიანსი სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ თავდასხმისას აკრძალული და შერეული ტიპის იარაღს იყენებს.

ადამიანთა უფლებადამცველების განცხადებით, 26 აპრილის შემდეგ, იდლიბის, ჰამასა და ალეპოს პროვინციებში ანტი-სამთავრობო ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასობით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 200 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

როგორც HRW აღნიშნავს, რუსეთი და სირია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალულ კასეტურ საბრძოლო იარაღსაც იყენებს. გაერო-ს მონაცემებით, რეგიონში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...