ჩავუშოღლუ: ანკარა F-35 ტიპის ამერიკული გამანადგურებლების შეძენით კვლავ დაინტერესებულია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა მეხუთე თაობის F-35 ტიპის ამერიკული გამანადგურებლების შეძენით ჯერ კიდევ დაინტერესებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

მისივე თქმით, თურქეთის ხელმძღვანელობას F-35 პროგრამიდან გამოსვლის შესახებ არასდრპოს გამოუცხადებია.

”ჩვენ ამ გეგმის განხორციელებას კვლავ ვცდილობთ, გვსურს F-35 ტიპის გამანადგურებლები შევიძინოთ. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, სხვა ალტერნატივას მოვძებნით”,- განაცხადა ჩავუშოღლომ ნორვეგიაში ვიზიტის დროს.

დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ გამანადგურებლების შეძენის თაობაზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თურქეთი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.

”სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს რუსეთი იყოს”,- დასძინა ჩავუშოღლუმ.

უფრო ადრე, 30 აგვისტოს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ანკარა მოსკოვთან ერთად მეხუთე თაობის რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავის სუ-57-ის შესყიდვის თემას განიხილავს.

”თუ შეერთებული შტატები F-35– ის თაობაზე ამჟამინდელ პოზიციას შეინარჩუნებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ვიზრუნებთ”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვაშინგტონმა თურქეთს F-35 მრავალფუნქციური გამანადგურებლების მიწოდებაზე უარი მას შემდეგ უთხრა, რაც ანკარამ მოსკოვისგან S-400 საზენიტო სარაკეტო სისტემები შეიძინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად