Charlie Hebdo-მ ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს თავზე ცეცხლწაკიდებული მაკრონის ფოტო მიუძღვნა

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo გამოაქვეყნა კარიკატურა, რომელზეც ცეცხლწაკიდებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარია გამოსახული.

გარეკანზე გამოსახულია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელსაც თავზე ცეცხლწაკიდებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ადგას. ქვემოთ კი გამოსახულია წარწერა “რეფორმა”, ხოლო მაკრონი ამბობს: “კონსტრუქციებით დავიწყებ”.

ცეცხლი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ცეცხლმა მოიცვა შენობის კონსტრუქცია, ჩამოიშალა შპილი და ტაძრის საათი, აგრეთვე განადგურებულია თითქმის მთელი ჭერი.

ინციდენტის ადგილას მუშაობდა 400-მდე მეხანძრე. ხანძრის ჩაქრობისას დაშავდა ორი პოლიციელი და ერთი მეხანძრე. გადარჩენილი რელიქვიები და ხელოვნების ნიმუშები გადაიტანეს პარიზის მერიაში, იქიდან კი ლუვრის მუზეუმში გადაიგზავნება. ამ ეტაპზე ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. მოხერხდა შენობის კონსტრუქციისა და ორი კოშკის შენარჩუნება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია. პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

“აიპრესი” გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...