ჩარკვიანი: წინა ხელისუფლების დროს უსასტიკესი დანაშაულები იყო, მაგრამ ინსტიტუტების შენება იყო უძლიერესი

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს უსასტიკესი დანაშაულებრივი ქმედებები იყო და ამის საილუსტრაციოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ ხალხს იმდენად ეშინოდა ქუჩაში გამოსვლის, რომ მაში დაახლოებით 30 კაცი იდგა ქუჩაში და ამ ტრაგედიას აპროტესტებდნენ.

ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. აქვე ჩარკვიანი იმასაც ამბობს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა იყო უძლიერესი.

თაკო ჩარკვიანი: ვინაიდან სააკაშვილის დროს ვიყავი ოპოზიციაში და ამის კადრებიც არსებობს. შეგიძლიათ მოიძიოთ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტის გამო 30 ადამიანი ვიდექით რუსთაველზე. მაშინ ხალხს ეშინოდა ქუჩაში გამოსვლა.

_ ვისი ბრალი იყო ეს, რომ ეშინოდათ?

_ იმ ხელისუფლების. ოპოზიციაში აბა რატომ ვიყავი?! დანაშაულებრივი ქმედებები იყო. სასტიკი დანაშაულებრივი ქმედება იყო სანდრო გირგვლიანის ამბავი. დავუშვათ, რომ რაღაც დააშავა და დააკავე, რატომ მიგყავს ოქროყანის ტყეში, თუ პოლიცია ხარ? პოლიციაში წაიყვანე. რა თქმა უნდა უსასტიკესი დანაშაულებრივი ქმედებები იყო და იმიტომ ვიყავი ოპოზიციაში, მაგრამ ამ გადასახედიდან ჩანს, რომ თურმე სახელმწიფო ინსტიტუტების შენება იყო უძლიერესი. ფაქტია და ჩამოვთვლი კიდეც. ოპოზიციაში ვიყავი წლები, ჩვენ გვქონდა გაზეთი „ქართული სიტყვა“, ჯანსუღი იყო რედაქტორი, ვანო პავლიაშვილი კი მოადგილე. რას არ ვბეჭდავდით იმ გაზეთში. დასავლეთისკენ ლტოლვა უდავოდ იყო და მუდმივი მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენ გავმხდარიყავით დასავლეთის წევრები. ახლა არა თუ მუშაობა, ჯგუფი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ მან იმუშაოს იმისათვის, რათა საქართველო როგორმე მალე გახდეს ნატოს წევრი და ეს ჯგუფი მხოლოდ დეოკუპაციაზე უნდა მუშაობდეს. ეს უნდა იდოს ჩვენს ტვინში. თუ სააკაშვილის დროს შვილმოკლულ დედას ვიცავდი, ახლა შვილმოკლულ მამას ვიცავ – მაჩალიკაშვილს. გაგრძელდა დანაშაულებრივი ქმედებები და სამაგიეროდ დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ახლა ვხედავ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას, თვალების დათხრას რუსთაველზე და გავრილოვის ღამეს. გაბედა გავრილოვმა და მოსინჯა, შეეგუებოდა თუ არა სახელმწიფოებრიობის დაკარგვას საქართველო. მაჩალიკაშვილს დაზარალებულის ცნობას არ აძლევენ. ხდება ადამიანების მოტაცება, ამის მაგალითია მუხთარლის საქმე. ეს ყველაფერი თაროზე დევს. აი ეს იყო წყალგამყოფი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად