ჩარკვიანი: სააკაშვილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და უნიჭიერესი ადამიანია თავისი პლუს-მინუსებით

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საინტერესო პიროვნებაა თავისი პლუს-მინუსებით, რომელსაც სჩვევია უკიდურესი განცხადებებიც, რომელიც თავად მას აზიანებს. მისივე თქმით, სააკაშვილის ინსტიტუციების თვალსაზრისით ბევრი რამე აქვს გაკეთებული, რაც გაფუჭებულ საქმეს გადაწონის.

აღნიშნული განცხადება თაკო ჩარკვიანმა “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა, რომელსაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ, მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ მონაკვეთს:

_ არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი თავისი განცხადებებით ნებსით თუ უნებლიედ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს? თუნდაც ის, რომ მეორე ტურში ანტიმიშისტებმა მისი განცხადებების გამოც მისცეს ხმა ზურაბიშვილს. მან თქვა, რომ ბიზნესმენებს მოვატანინებ ფულებს და ა. შ. რამდენად ჯდება თანმიმდევრულ პოლიტიკაში?

_ იცით რა მიშაა. მას ასე დავახასიათებდი, რომ ეს არის ადამიანი თავისი პლუს-მინუსებით. ეს არის უნიჭიერესი ადამიანი.

_ ყველაზე ნიჭიერი?

_ უნიჭიერესების მეტი რა არის?!

_ უნიჭიერესი ნიშნავს ყველაზე ნიჭიერს.

_ ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანია. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. ამ გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა. რა თქმა უნდა, მას აქვს ხოლმე უკიდურესი ტიპის განცხადებების გაკეთება და ესეც შედის მისი პერსონალიის დახასიათებაში. შეიძლება რაღაც მომენტში მისი განცხადება მომგებიანი არ იყო, მაგრამ თვეები რომ გადის ხოლმე, ხვდები, რომ იმდენად უნდოდა და უნდა სიკეთე. საინტერესო ტიპია თავისი პლუს-მინუსით.

_ მისი უკიდურესი განცხადებები პროცესს აზიანებს?

_ უფრო თავად დააზიანა მიშა, მაგრამ იმდენი აქვს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით გაკეთებული, თუნდაც სწრაფი და ჩქარი ენერგეტიკით ინსტიტუტების შენების თვალსაზრისით, რომ მაინც ის გადაწონის, ვიდრე გაფუჭებული.

_ ინსტიტუტები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ის სისასტიკე, რომელზეც საუბრობდით?

_ იცით რაშია საქმე? საქმეს ასე ვერ დააყენებ. ადამიანზე მაღლა ვერაფერს ვერ დააყენებ. მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტების დროს ძალიან ბევრ სახელმწიფო ამშენებელს მოსვლია ძალიან დიდი სისასტიკე. ვერ ზომავენ ხოლმე, ხან ახალგაზრდა ასაკის გამო. ხან ვფიქრობ ხოლმე, რომ დასანანია იმ პერიოდში მას რომ არ ვიცნობდი, თუმცა შეიძლება არც მოესმინა, ვერ გეტყვით. ახალგაზრდა ადამიანმა, რომელმაც ნახა ფოფხაძე-ყანდიაშვილის მსგავსი ბევრი ადამიანი, ვერ მოზომოს. შესაძლოა დანაშაულებრივ ქმედებებში ნაწილი იცოდა, ნაწილი კი არ იცოდა.

მაგალითად, ციხის კადრებში ნაწილი კატასტროფაა, ნაწილი კი დადგმულია. ბედუკაძეს გმირად რომ აღიარებ, ის ხელისუფლება ხომ არ უნდა გვინდოდეს?! რა თქმა უნდა სრულად არ არის დადგმული, დადგმული კი არა ისეთი სისასტიკეა, რომ უდიდესი დანაშაულია, მაგრამ დადგმულიც დანაშაულია. არ გაიგოთ ისე, რომ ან „ვაპრავებ“, ან ვადანაშაულებ. ობიექტურად ვაფასებ.

მე ამას ვაბრალებ მათ ახალგაზრდობას, როცა რაღაცებს ვერ ზომავდნენ და გარკვეული ქმედებები გადავიდა სისასტიკეში და ხალხმა სწორად გაუშვა სახლში, მაგრამ ის, რომ პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ აქვთ, ეს არასწორია. თუ არ აქვთ ხმების მიღების უფლება, ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარონ და იქ გაირკვეს. 500 000 ხმა მიიღო და შენ გინდა 500 000 ადამიანი დამნაშავედ გამოაცხადო?! ეს შენი ერის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებაა. მეტსაც გეტყვით, როდესაც სააკაშვილს იჭერდნენ უკრაინაში ფეხზე ავდექი ორჯერ და აღმოვაჩინე, რომ ადამიანი, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი არ მინდოდა რომ დაეჭირათ და ორჯერ ავდექი ფეხზე. პუტინის დასაჭერი პრეზიდენტი არ მყოლია მე, არ მყავს და არ მეყოლება არასდროს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად