ჩარკვიანი: პატრონ-ყმურ წყობაში რეფორმის იმედი ნუ გვექნება, შესაძლოა ბატიაშვილმა მეტი მოინდომა და არ აპატიეს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი “აიპრესთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ დღეს საქართველოში პატრონ-ყმური წყობაა და ამ წყობაში რეფორმის იმედი არ უნდა გვქონდეს.

ჩარკვიანი ამ ფორმით გამოეხმაურა განათლების მინისტრის თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას. პოლიტიკოსი ამბობს, რომ შესაძლოა სურვილი გაუჩნდა რაღაცა უკეთესად ყოფილიყო და ესეც არ აპატიეს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა ასეთი სურვილი არც გასჩენია. გთავაზობთ ინტერვიუს ამ მცირე მონაკვეთს, ხოლო ინტერვიუს სრულად მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ ახსენეთ განათლება და თემატურად გადავალ განათლების მინისტრის შეცვლაზე. მან დააანონსა და დაიწყო განათლების რეფორმა. ამ რეფორმის მთავარ აქტორებად ჩანდნენ ბატიაშვილი და ბახტაძე, დღეს კი აღარც ერთია მთავრობაში. ამ ფონზე რა ბედი ელის რეფორმას?

_ არანაირი რეფორმა არ შეიძლება განვითარდეს პატრონ-ყმურ წყობაში. ამის იმედი ნუ გვექნება. თავად ივანიშვილის დამოკიდებულება გამორიცხავს რაიმე პროგრესს.

_ რას შეეწირა მიხეილ ბატიაშვილი?

_ მე ვერ გეტყვით, რას შეეწირა, მაგრამ თუ ის არ იქნება, სხვას დანიშნავს. შესაძლოა, მართლა მოინდომა ოდნავ მეტის გაკეთება ამ ადამიანმა. მე ვერ გეტყვით. არც ამაში ვარ დარწმუნებული, მაგრამ შეიძლება სურვილი გაუჩნდა და სურვილიც არ აპატიეს.

_ უკავშირდება ია კერზაიას საქმეს?

_ არ ვიცი, ალბათ დაუკავშირდება, მაგრამ სურვილსაც კი არ აპატიებს ივანიშვილი, რომ როგორ გაგიჩნდათ სურვილი, ოდნავ ინიციატორი აღმოჩნდეთ რაიმესი. მე, რასაც ვყვირი 7 წელია, ეს ამ ყველაფრის თანმდევია. დღეს საქართველოში არის პატრონ-ყმური წყობა და ეს ამბავი უნდა დასრულდეს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად