ჩარკვიანი: ივანიშვილმა “გადაგვაგდო”! როცა ქველმოქმედებაში სამშობლოს გაყიდვას მოგთხოვენ, ეგ ქველმოქმედება აღარაა

ივანიშვილმა “გადაგვაგდო”! ვინც ეს ვერ დაინახა “ლაგამამოდებულებს” ვეძახი, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ჩარკვიანი იმასაც ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს გაუჩნდა ეჭვი, რომ ივანიშვილი პრორუსი იყო, მაშინ როდესაც მეცხრე არხზე ვასილ მაღლაფერიძის გადაცემა გავიდა და აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო იყო დადანაშაულებული. პოლიტიკოსის თქმით, მაშინ დაწერა წერილი სახელწოდებით: “მე, ვასილ მაღლაფერიძე, გრომიკო და სამების ამშენებელი”.

გთავაზობთ ინტერვიუს მონაკვეთს:

_ ერთ დროს აქტიურად უჭერდით მხარს ივანიშვილს. რა გახდა ის წყალგამყოფი, რომ ჯერ მას სამოქალაქო აქტივისტის პოზიციით დაპირისპირებოდით და შემდეგ კი გადაწყვიტეთ, რომ თავად ჩართულიყავით პოლიტიკურ პროცესში?

_ 2012 წლის ივლისში „მეცხრე არხზე“ მოვისმინე გადაცემა, რომელიც მიყავდა ვასილ მაღლაფერიძეს. იქ ლაშა ნაცვლიშვილი ყავდათ სტუდიაში მაღლაფერიძეს და მთელი გადაცემა მიდიოდა იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი. რომ დამთავრდა გამოვედი ოთახიდან და მამაჩემმა მითხრა, რატომ ხარ შეშფოთებულიო. რომ ვუთხარი რაც იყო, კი მაგრამ ეგ ბიძინას არხი არ არის, რატომ მიდის ეგ გადაცემაო?…

იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის ოპოზიციაში ვიყავით, 2008 წელს ჯაჭვში ვიდექით. ეუბნებოდნენ მამაჩემს მაშინ, რატომ დგახარ მიას ჯაჭვშიო, რაზეც პასუხობდა, რომ საქართველოს ჯაჭვში ვდგავარ რუსეთის წინააღმდეგო. ის ბინძური სტატია, რომელიც ჯანსუღს დაუწერეს, სწორედ ამან გამოიწვია, რომ ინგასთან თქვა, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია.

_ მისი ერთი ცნობილი ფრაზა მახსოვს – „ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანები“.

_ მას ეუბნებოდნენ, რომ შენ იმ დროს აქ არ ცხოვრობდიო? დიახ, ცხოვრობდა გაზეთის რედაქტორი იყო დათა თუთაშხიას ბეჭდავდა და წერდა: ტყვია მიზანში მოსახვედრია“ და „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“-ო. დიახ აქ ვცხოვრობდით მაშინ, როდესაც ფოთოლიც კი არ ბრუნავდა. არსებობენ კაცები და არაკაცები, ვაჟკაცები და არავაჟკაცები და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ვაჟკაცი კაცის შვილი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ჯანსუღის ის ინტერვიუ არსებობს და ინგა გრიგოლიას ამის გამო სულ მადლობას ვეუბნები ხოლმე. ერთია ოპოზიციაში იყო და მეორეა, რომ სააკაშვილის სიძულვილს ქვეყანა გადააყოლეს.

_ როდესაც ივანიშვილის ოპოზიციაში მიდიოდით, უხერხულობას არ გრძნობდით?

_ გადავახტი თემას და კარგია, რომ დამაბრუნე. როდესაც ეს წავიკითხე და ჯანსუღმა მკითხა რამეს ეჭვობო და გავუზიარე ჩემი აზრი, დავწერე წერილი, რომელიც ლაშა ტუღუშს გავუგზავნე „რეზონანსში“ დასაბეჭდად. მან ეს წერილი უცვლელად დამიბეჭდა, რომელსაც სათაური ჰქონდა: „მე ვასილ მაღლაფერიძე, გრომიკო და სამების ამშენებელი“.

_ გრომიკო რატომ?

_ ვეკითხებოდი გრომიკო ხომ არ ხარ-მეთქი.

ამის შემდე აგვისტოში მან ისეთი სიმპატიები გამოხატა ირაკლი ალასანიას მიმართ. მან ირაკლი ხელიც მოარტყა და თქვა, რომ მე ამას ქვეყნის მართვასაც ჩავაბარებდიო. ეს რომ ვნახე, მე და მამაჩემმა ერთმანეთს დავურეკეთ გახარებულებმა, რომ ჩვენი ეჭვი „მეცხრე არხზე“ გასული გადაცემის გამო, უსაფუძვლო იყო. ჩავთვალეთ, რომ რახან მან ასეთი ფრაზა ამოთქვა, ეს ნიშნავდა, რომ დასავლეთს ემხრობოდა, რადგან ალასანია დასავლეთის მომხრე იყო.

მაპატიეთ ჟარგონისთვის და მთელი ქართული საზოგადოება მოგვატყუა და „გადაგვაგდო“ ივანიშვილმა. დავინახეთ ეს საზოგადოებამ და ვინც არ დაინახა, მათ ლაგამამოდებულებს ვეძახი. მსახიობებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ა. შ. ეგ რომ ქველმოქედებას ეძახის, ის ქველმოქმედება არ არის, რადგან ქველმოქმედება უანგაროა და შენ რომ ამაში სამშობლოს გაყიდვას მოგთხოვს, იმას ქველმოქმედება აღარ ჰქვია. მან ხომ შეგნებულად დაგვასვა პრეზიდენტად ზურაბიშვილი? რომლის გაკეთებული განცხადებებიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა რუსეთმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად