ჩარკვიანი: ეს ნატვრა მაქვს, დეპუტატი გავხდე და გვერდით ნათაღლითარი რუსული ვექტორი მყავდეს?!

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერ და პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მასთან იყო შეთავაზება მაჟორიტარობის თემაზე და მისი საკითხი მოგვარებულია, თუმცა აცხადებს, რომ მისი ნატვრა პარლამენტში მოხვედრა არ არის.

როგორც ჩარკვიანმა “აიპრესს” უთხრა, ნამდვილად არ არის მისი ნატვრა, რომ პარლამენტში მოხვდეს და სხვადასხვა მხარეს რუსული ვექტორის წარმომადგენლები ეჯდნენ. პოლიტიკოსოსის თქმით, მისი სურვილია რეფორმატორული პროცესი დაიწყოს და ამბობს, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

“რა თქმა უნდა, ჩემთან იყო შემოთავაზებები და რა თქმა უნდა იქნებოდა, ამდენი ხანია მოვდივარ და “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი ვარ. ბუნებრივია იყო ეს შემოთავაზება და ჩემი, როგორც ერთი პერსონის თემა აბსოლუტურად მოგვარებულია. მაგრამ, პირადად თქვენ როგორ ფიქრობთ, ამდენი წლების მანძილზე მე დეპუტატობა მინდოდა და ეგ ნატვრა მქონდა, რომ პარლამენტში მოვხვდე?! ერთ მხარეს ერთი ნათაღლითარი რუსული ვექტორი მეჯდეს და მეორე მხარეს მეორე ნათაღლითარი რუსული ვექტორი და მესამე მხარეს მესამე ნათაღლითარი?! ეს არის ჩემი მიზანი?! დედას გაფიცებთ, თქვენ ამას ხედავთ ჩემს პიროვნებაში?! გარანტიას გაძლევთ, რომ თავს არ მოვიჭრი ჩემი ხალხის წინაშე. ეგ რომ მდომოდა, როგორმე მოვახერხებდი პარლამენტში მოხვედრას 21 წლის მანძილზე. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე ამას რაღაცნაირად მოვახერხებდი. ეგრე არ გამოვა ეგ ამბავი.

პროცესი არის სრულიად ახალი. რეფორმატორული პროცესი დაიწყება. მე ერთხელ ვთქვი, მათ შორის თქვენთან ინტერვიუშიც, რომ თუ ვინმეს რამე შიში აქვს, რომ ძალოვანი უწყებები არ მოხვდეს ვიღაც ერთი პარტიის ხელში, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ მემორანდუმი და ამას ყველა ერთად მოვაწერთ ხელს, შესაბამისად პრობლემაც მოხსნილი იქნება. მაგრამ, ამათ ისევ ძველებურად უნდათ წაიყვანონ პროცესი. ეტყობა მათთვის, ზოგიერთებისთვის ფულის კეთებისთვის 30 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა. მაგრამ არა! ახალგაზრდების დრო მოვიდა, ახალი კადრის დრო მოვიდა. რომ გაიძახიან მე იმას ვალაგებ და ამას ვალაგებო, ვინ რას ალაგებს?! ხალხმა უნდა იცოდეს და კარგი, გაკრიალებული, პროგრესული სია უნდა მივაწოდოთ  ადამიანებს. ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, გამორიცხული ამბავია”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ ანუ “ძალა ერთობაშია” ფორმატში მუშაობენ? – პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა”.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად