ჩარკვიანი: ბოკერია და სხვები არჩევნებზე აფორიაქდნენ, მოუგებელ ბრძოლაში რა დროს საბნის გლეჯვაა?!

გაერთიანებული ოპოზიციისა და პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი არ იზიარებს მოსაზრებას იმაზე, რომ პროპორციული არჩევნების შესახებ ბიძინა ივანიშვილის დაპირება, “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” მიწერის მცდელობა იყო გრიგოლ ვაშაძის მხრიდან .

როგორც თაკო ჩარკვიანმა “აიპრესს” განუცხადა, ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან უკვე გამოჩნდა, რომ ეს არის არჩევნების კონტექსტში “საბნის გლეჯვა”. ჩარკვიანი პოლიტიკოსებს მიმართავს, რომ ჯერ არმოგებულ ბრძოლაში რა დროს ამაზე ბრძოლაა.

„როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, თუ გახსოვთ დაიწყო ხელმოწერების მილიონიანი კამპანია. პარლამენტში შევიდა 600 000 ხელმოწერა. მერწმუნეთ, რომ მხოლოდ ამან განაპირობა გრიგოლ ვაშაძის ეს განცხადება.

არ არის ეს ასე, რომ ვაშაძემ პროპორციული არჩევნების მოპოვება, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა აღარ შეასრულა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაწერა. ვაშაძემ თქვა ასეთი ფრაზა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ხელიდან გამოგლიჯა ხელისუფლებას დაპირება პროპორციული არჩევნებისა“. აქ არსად მიწერა არ არის. არავინ უგულებელყოფს და ვერც მოხდება ეს იმ ახალგაზრდების თავგანწირულ და გადამწყვეტ ბრძოლას ამ ყველაფერში. მე ვერცერთი სიტყვა ვერ ვნახე იმ ბრძოლის მიწერისა. შეგიძლიათ თარიღი ამოიღოთ, როდის შევიდა პარლამენტში 600 000 ადამიანის ხელმოწერა. გრიგოლ ვაშაძემ, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, თავი ვალდებულად ჩათვალა იმ 600 000 ხელმომწერთან, რომ ეს თქვა. მისი ეს განცხადება მე ასე გავიგე, რომ ამის თქმა სურდა.

მე მოვისმინე განცხადებები შემდეგი ოპოზიციის პროდასავლური ლიდერების მხრიდან. ერთმანეთს ასწრებდნენ განცხადებებს ზურა ჯაფარიძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია. სამწუხაროა, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მე არ მახსოვს ასეთი მწვავე პროტესტი იმ რუსული ვექტორის და პოლიტიკანების მიმართ. ამიტომ, დიდ შეცდომად მიმაჩნია დასავლური ვექტორის ლიდერებმა ასე საჯაროდ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარონ მეორე დასავლური ვექტორი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, ეს მას შემთხვევითი არ ჰგონია? – პასუხობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჰგონია ეს შემთხვევითი.

„ეს არის კვლავ სამომავლოდ გათვლილი „ოხერ არჩევნებზე“. ნახეს კვლევები, სადაც მომატებულია ხარისხი ნაციონალური მოძრაობის. რა დროს საბნის გლეჯვაა ჯერ მოუგებელ ბრძოლაში. ხომ ნათლად ჩანს, რომ სამომავლო არჩევნებისთვის აფორიაქდნენ?! რა არის დასამალი? იმ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებით არის შესული ბოკერია პარლამენტში. მე მაგალითად, მე ეს აღვიქვი იმგვარად და არა მარტო მე, რომ ეს იყო სამომავლო ომისთვის გათვლილი პროტესტი.

ახალგაზრდები შეიძლება გაღიზიანდნენ და ეს გასაგებია, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერებს რაც შეეხება, ბოკერიას და სხვებს ჯერ არ მოგებულ ბრძოლაში სხვა ინტერესები გაუჩნდათ. აი ამის სუნი დატრიალდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის აზრით, პროპორციული არჩევნების შესახებ დაპირება “ნაცმოძრაობის” და “გაერთიანებული ოპოზიციის” მონაპოვარია.

“მთელი საპრეზიდენტო კამპანია პროპორციულ არჩევნებზე ვლაპარაკობდი. ახალგაზრდები და ეს ყველაფერი შესანიშნავია, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, მაგრამ როცა ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ კოალიციურ მთავრობაზე და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი დავიწყეთ, ეს კაციშვილს არ უხსენებია”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ეკა კვესიტაძის “კვირის აქცენტებში”.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად