ჩამონგრეული ჭერი, გაბზარული კედლები-ფოტორეპორტაჟი იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმიდან

გაბზარული კედლები, ჩამონგრეული ჭერი, ჩატეხილი იატაკი – ასე გამოიყურება დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მდებარე ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი, რომელიც 1966 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მემორიალური ნივთები, ფოტოები და წიგნები ინახება.

ოთახი სადაც ვეფხისტყაოსანი ფრანგულად ითარგმა და ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

მუზეუმის დირექტორი ნათელა მგალობლიშვილი განმარტავს, რომ “მუზეუმი წლებია ამ მდგომარეობაშია. გაბზარულია კედლები, ჩამოყრილია ბათქაში, დაზიანებულია ჭერი, ჩამტვრეულია იატაკი.

ჩვენ რაც შეგვიძლია არაფერს ვაკლებთ, თუმცა წლები მაინც თავისას შვრება და მიხედვა უნდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ოთახში ერთი და იგივე სურათია. მაგალითად, იმ ოთახში სადაც ვეფხისტყაოსანი ფრანგულად ითარგმნა ელექტროენერგია არ არის. ამ ოთახში ბევრი უნიკალური წიგნი ინახება, ასევე ყველა ნივთი დიდ პუბლიცისტს ეკუთვნის. არის იმედები და დაპირებები რომ უახლოეს მომავალში მოხდება მუზეუმის რეაბილიტაცია, “-აცხადებს მუზეუმის დირექტორი ნათელა მგალობლიშვილი.

მუზეუმის დირექტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ავარიულ მდგომარეობისა, მუზეუმი ვიზიტორთა ნაკლებობას არ განიცდის.

“სახლ-მუზეუმს ბევრი სტუმარი ჰყავს, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე უცხოეთიდან., გაოცებულები და გაკვირვებულები გადიან, საოცარი გარემოა აქ, თითოეული დეტალი წარსულის ანარეკლია, ეზო იდუმალებით მოცულია, სხვათა შორის აქ საუკუნის ხნის მაგნოლია დგას,”- აღნიშნავს მგალობლიშვილი.

მუზეუმებში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია აცხადებს, მუზეუმები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და მერიას მიმდინარე წელს გადმოეცა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

“რა თქმა უნდა ინფორმირებული ვარ დიდი პუბლიცისტისა და მწერლის იონა მეუნარგიას სახლ-მუზემში არსებული პრობლემის შესახებ. თუმცა, მოგეხსენებათ აღნიშნული მუზეუმი მერიის განკარგულებაში არ იყო, მიმდინარე წელს გადმოგვეცა. შესაბამისად დაიგეგმება სარეაბილიტაციო პროცესი და უახლოეს მომავალში ჩატარდება მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები,”- განაცხადა ზუგდიდის მერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად