A1 ბანერი

“C ჰეპატიტის პროგრამის 100 ბენეფიციარიდან 98%-იანი ელიმიანცია გვაქვს” – ინტერვიუ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან

„ჯამში, რაც დაიწყო გრიპის ეპიდემია,  აჭარაში H1N1 ვირუსით ლეტალობა 8 შემთხვევაში დადასტურდა.  თუმცა  თუ ნახავთ იმ ყოველდღიურ სტატისტიკას,  რასაც ვაქვეყნებდით, დაახლოებით რამდენიმე ასეული პაციენტი მკურნალობდა კლინიკებში და მათ შორის  საკმაოდ ბევრი ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებებში. ამ ფონზე 8 შემთხვევა არ არის სტატისტიკურად დიდი ციფრი, თორემ ერთი ადამიანის გარდაცვვალებაც უდიდესი ტრაგედიაა ჩვენთვის.“ – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე „აიპრესთან“ ინტერვიუში გასულ წელს აჯამებს.

რატომ იწვევს კითხვის ნიშნებს ანტივირუსული ვაქცინაცია მედიკოსებსა და საზოგადოებაში, რა იწვევს ლეტალურ შედეგს, როგორ დავიცვათ თავი ინფექციებისგან, რამდენად დაცულია მომსახურების ხარისხი სამედიცინო დაწესებულებებში და რა განაპირობებს მედიკამენტების სიძვირეს, ასევე რომელი უფასო პროგრამებით შეგიძლიათ ისარგებლოთ აჭარაში „აიპრესის „ კითხვებს  აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე პასუხობს:

რამდენად  სწორად  და ეფექტურად ახორციელებს აჭარის ჯანდაცვის  სამინისტრო  H1N1 ვირუსთან  ბრძოლას, მაშინ როცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ე.წ. ღორის გრიპით  გარდაცვალების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა?

ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ეს შემთხვევა იყო ძირითადად დაგვიანებული. ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმე დღის კი არა, კვირის შემდეგ მიმართეს მაღალი ცხელების შემდგომ. უმეტეს მათგანს ჰქონდა სხვა ქრონიკული მძიმე დაავადებები. აუცილებელია სამოქალაქო განათლების ამაღლება  ამ მიმართულებით. უნდა დაიჯეროს ყველამ, რომ ვაქცინით მართვადი დაავადებების შემთხვევაში, იმუნიზაცია არის ერთადერთი საშუალება ამ დაავადების შესაჩერებლად და დასამარცხებლად. ეს პრეპარატი არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადასტურებული მედიკამენტი და ამ მასალით იცრება ევროპული ნაწილიც.

რაც შეეხება წითელას ინფექციას, ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციისთვის სტუდენტების ასე ვთქვათ, იძულებაც დასჭირდა, რამაც გარკვეულწილად საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. რა იწვევს მოქალაქეების უნდობლობას მედიკამენტის მიმართ?

თურმე, ჩემს კოლეგებს შორისაც არიან ადამიანები, რომლებმაც რატომღაც დასვეს კითხვა და სწორედ ამ დასმულ კითხვას ღირს თუ არ ღირს ვაქცინის გაკეთება, მოჰყვა უკუშედეგი. ექიმმა საკუთარ თავთან უნდა გადაწყვიტოს, ის ემსახურება მედიცინას თუ რაღაც სხვა კომერციას. თუ დაფიქსირდა  მსგავსი  შემთხვევა, მაშინ სხვა კონტროლის  მექანიზმი ერთვება.  დღეს გვაქვს წითელას რეგისტრირებული 25 შემთხვევა, თუმცა დადასტურებული 8 და შარშან გვქონდა ჩვენ ყველაზე მაღალი ციფრი, რეგიონებს შორის აჭარას. აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტი ინტერვენცია ამ  მიმართულებით ჩვენთან განხორციელდა. მოვიძიეთ ყველა გამოტოვებული ბავშვთა კონტიგენტი ბაზებში და მოვახერხეთ ამ ოჯახების დარწმუნება, რომ მოსულიყვნენ იმ გამოტოვებულ აცრაზე. ბევრს საერთოდ არ ჰქონდა ჩატარებული და დავარწმუნეთ, რომ ეს აუცილებელი იყო. ამან მოგვცა საკმაოდ დიდი შედეგი.  საქართველო არის ეპიდაფეთქების ზონა და აჭარა, ამ შემთხვევაში, ყველაზე მშვიდი რეგიონია. ერთეული შემთხვევები გვაქვს და  ყველა ეს მოქალაქე არის  ძირითადად ასაკოვანი ადამიანები, რომლებმაც არ  მიმართეს გასულ წელს აცრისთვის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის უფასო, ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს,  ბოლო დროს საზოგადოებაში, სულ  უფრო აქტუალური ხდება საკითხი, თუ რატომ არის ორ მეზობელ ქვეყანას შორის ასეთი რადიკალური სხვაობა. მოქალაქეთა ნაწილი მისთვის საჭირო მიდიკამენტების შესაძენად ხშირად მიმართავს თურქეთის რესპუბლიკას. რას ფიქრობთ მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე და რამდენად ადეკვატურია ფასები მოსახლეობის შემოსავალთან მიმართებაში?

მე არა ვარ ამ დარგის ექსპერტი, თუმცა იმ შემოსავლებიდან, რაც საშუალო მოსახლეობას აქვს, ეს მედიკამენტები, რა თქმა უნდა, ძვირია. თუმცა, ამ ნაწილში, გარკვეულწილად ჩემი კოლეგებიც სცოდავენ, თუნდაც იგივე მართვად დაავადებებზე.  ავიღოთ ვთქვათ იგივე ჰიპერტონია, რომელიც იკურნება ლარად ნაყიდი მთელი თვიური დოზით, ვიღაცა ამის ნაცვლად ახირებულად აბნევს მოქალაქეს, ბენეფიციარს და უწერს ძვირადღირებულ მედიკამენტს.

მართალია, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველასთვის ყველა მედიკამენტი არ არის ხელმისაწვდომი და ეს არის რეალობა. საყოველთაო ჯანდაცვამ მოახერხა ის რომ მანამდე მოქალაქეებს შეგვქონდა მედიკამენტი კლინიკაში, ეს სისტემა ეხლა მთლიანად შეიცვალა. ნებისმიერი მედიკამენტი, თავისი ხარისხის თუ სიძვირის მიუხედავად, პროგრამის შემადგენელი ნაწილია და მოქალაქეს მედიკამენტი კლინიკაში არ შეაქვს. სააფთიაქო მედიკამენტები კი კერძო ბიზნესია და აქ სახელმწიფო არ ერევა. ყოველთვის არის მეორე მხარე, რაიმე ფორმით სახელმწიფო რომ ჩაერთოს, ვიცი ამას რაც მოჰყვება, თუმცა რეალობა არის ასეთი: პატარა ქვეყანა ვართ და სიძვირეს ზოგჯერ ესეც ქმნის. თუ მეზობელ ქვეყანაზე ვიძახით ( თურქეთი) ერთდროულად რომ ვიღაც რომელიღაც ანტიბიოტიკს შეიძენს ვთქვათ 20 000 მილიონ მოქალაქისთვის, იმას შეიძლება მისცენ ძალიან დიდი ფასდაკლებით, ჩვენი ქვეყანა კი როდესაც მედიკამენტს იყიდის 20 000 მოქალაქისთვის, იმას ფასდაკლება შეიძლება საერთოდ არ გაუკეთონ. ფასთა ერთ-ერთ დიდ ნაწილს ესეც წარმოქმნის.

თქვენ სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანდაცვის ჩართულობა ახსენეთ, რამდენად ეფექტურია ჯანდაცვის სისტემა კონტროლის მექანიზმის თვალსაზრისით?  ანუ სამედიცინო მომსახურების ხარისხს ვინ აკონტროლებს? განასაკუთრებით პრობლემურია მედ-ცენტრი, რომლის მომსახურების კვალიფიკაციაც ბოლო პერიოდში არაერთხელ დადგა ეჭვქვეშ??

სხვადასხვა კლინიკების შემთხვევაში მომსახურების ხარისხი სხვადასხვაა, მაგრამ თუ ავიღებთ მაღალი ჰაი-კლასის მომსახურებას, 100 ქულიანს, ჩვენთან ის მერყეობს 60 ქულამდე. ხარისხის კონტროლი შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა და რეგულირების სააგენტოსი. ირიბად  მხოლოდ და არა პირდაპირ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მეც ვესწრები ამ სამედიცინო შემთხვევების გადაცდომების,თუ ხარისხის შემსწავლელი ჯგუფის საქმიანობას და ვხედავ იქ რეალობა როგორ არის, მაგრამ აქ აჭარა გამონაკლისი არ არის. გადაცდომები ხდება ყველგან, არ ვიცავ არცერთი კლინიკის ინტერესს, უბრალოდ არასწორი აქცენტირებაა ერთ კონკრეტულ კლინიკაზე. ჩვენ თვალს ვადევნებთ ევროპულ გამოცდილებას და მსგავსი და უფრო მეტი შემთხვევებიცაა იქ. საქართვველოში, რეგიონში მაინც ყველა ერთმანეთს იცნობს და ყურადღება ერთი პაციენტის მიმართ უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან იქ ნაკლებად სენსიტიურია ასეთი ფაქტები. მე ვერ გეტყვით რომ რაიმე განსხვავებული დიაგნოზებით ან დიდი ეფექტით ბრუნდება ყველა უცხოური კლინიკებიდან.

რადგან კლინიკების მომსახურებაზე ვსაუბრობთ ბოლო დროს სულ უფრო აქტუალურია ბათუმის ახალი  რესპუბლიკური სავადმყოფოს ბედი. დარჩება თუ არა ის სახელმწიფო დაქვემდებარებაში და  რა თანხებით იგეგმება  მისი  ტექნიკური აღჭურვილობის  შეძენა?

პირველი – ეს იქნება სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საკუთრება. მეორე – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჩვენთან ერთად შეიმუშავა სახელმწიფო კლინიკების განვითარების სტრატეგია, ზუგდიდი, თბილისის რესპუბლიკური, საჩხერის, და თბილისის ონკოლოგიური – ამ ხუთი კლინიკით ავითარებს ამ სტრატეგიას. ჩემი სურვილიც არის, რომ მალე დასრულდეს, მაგრამ არსებობს პროცესები, რამაც ხელი შეგვიშალა, თუნდაც რეგულაციები სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად გადაკეთება მოგვიწია დასრულებაზე მისული მშენებლობის. ჩვენთვის მთავარია ხარისხი და უსაფრთხოება. მე არ მოვაწერ ხელს მის გახსნას, სანამ არ ვიქნები დარწმუნებული სრულ უსაფრთხოებაში. ვიღაცას რომ ეჩქარება, არ ნიშნავს არაფერს. არ მაქვს საწოლების პრობლემა რეგიონში, არა მაქვს სერვისების პრობლემა, არ ვართ ის რეგიონი, რომლისგანაც პაციენტი მიდის სხვა რეგიონში.

ეხლა ვართ ინვენტარით აღჭურვის მოლაპარაკების ეტაპზე გადასული. ვცდილობთ ცენტრალურთან წილობრივად მოვახერხოთ ახალი ინვენტარით აღვჭურვოთ, იმიტომ რომ იმ ძველი ინვენტარით იქ არ გადაისვლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ჯანდაცვისა და ჩვენი ჩართულობით მოხდება ეს. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გაშვებისთვის დაგვჭირდება დაახლოებით 15 მილიონამდე ინვენტარისთვის. წლები არა, მაგრამ თვეები დაჭირდება ამ პროცესს, – განუცხადა „აიპრესს“ ზაალ მიქელაძემ. შეგახსენებთ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსთან ნაწილი პერიოდულად აქციაბეს მართავს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მის გასხვისებას გეგმავს, მათი ეჭვი კი ახალი კლინიკი მშენებლობის გაჭიანურებამ გაამყარა. საავადმყოფოს მედ-პერსონალი საპროტესტო ბანერებით რამდენიმე დღის წინ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც ჩავიდა.

ბოლო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით  განსაკუთრებით სენსიტიურია სოციალური აგენტების მომსახურების საკითხი, არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან მუშაობის დროს. როგორია ამ მიმართულებით მდგომარეობა აჭარაში?  სოციალური აგენტების გადამზადების მიმართულებით რას გეგმავს სამინისტრო?

ზოგადად, ტენდენცია ამ მიმართულებით  მზარდია ანუ სერვისის მიწოდებაზე მოთხოვნაა მზარდი, თორე ეს არ ნიშნავს რომ ბენეფიციარების  რაოდენობა გაიზარდა.  არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების რაოდენობა გაზრდილა არცერთი სტატისტიკით, უბრალოდ ეს საკითხები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და აქედან გამომდინარე, მეტი მოთხოვნა გაჩნდა სერვისებზე. ზუსტად ანალოგიური სიტუაციია სოციალური აგენტების მომსახურების მიმართულებით. სოც. მუშაკებზე მოთხოვნა გაიზარდა ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ხარისხის ზრდამ მოითხოვა. ერთი სოციალური მუშაკი არ უნდა იყოს თუნდაც 100 ბენეფიციარზე  მიმაგრებული. ჩვენ ირიბად  ვართ ამ პროცესში, ვაწვდით ინფორმაციას მოთხოვნებთან დაკავშირებით და ჩვენი იდეაა მსგავსი კადრების მომზადება ვთხოვოთ, რადგან გვაქვს უნივერსიტეტი და შესაბამისი ბაზა, არის სოციალური მიმართულების ფაკულტეტი.  დაანონსდა რომ მათი ანაზღაურება შესაძლოა ავიდეს 2000 ლარამდეც, შესაბამისად მსურველთა რაოდენობაც გაიზრდება და რატომაც არა, რეგიონში არის შესაბამისი პირობები, კარგი კადრების მოაამზადებლად.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები ახსენეთ, რა ეტაპზეა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ? როგორია სტატისტიკა  ამ მიმართულებით,  მზარდი  თუ პირიქით?

პირველ ეტაპზე, პროგრამაში  ჩართული 100 ბენეფიციარიდან  95 მთლიანად გათავისუფლდა ამ ვირუსისაგან, თუმცა მერე უკვე ორკომპონენტიანი მედიკამენტი ჩაერთო და უკვე ავედით 98%  ელიმინაციაზე. რეალურად ასეა. ჩვენ ერთადერთი ვართ, პილოტები   მსოფლიოში, რომელმაც გაბედა და ჩართო მთელი ქვეყანა ამ პროგრამაში. ამიტომ ამ შანსის გაშვება არ შეიძლება, ვიდრე ეს პროგრამა დასრულდება.

აჭარაში  დაახლოებით უნდა იყოს 15 000-მდე,  აქედან  5 000 ბენეფიციარი უკვე ჩართულია ამ პროგრამაში.  ჩვენ დავიწყეთ სამ კომპონენტიანი სკრინინგი, თავიდან მხოლოდ C ჰეპატიტის  და რადგან საკმაოდ დიდი რესურსი იხარჯება ამაში ადამიანური, ფინანსური, ვიკვლევთ აივ შიდსსაც და ტუპერკულიოზსაც, ანუ სამ კომპონენტიან სკრინინგს ვეძახით.

პირველ პერიოდში, ამ წელსვე მოვიცავთ  2 000-მდე მოქალაქეს და შემდეგ წელს  უკვე დარჩენილებს. გვაქვს მიზანი, რომ ყველა მოქალაქე იყოს ჩართული და გამოკვლეული C ჰეპატიტზე.   C ჰეპატიტის დადასტურების შემთხვევაში, პირველადი კვლევის ნაწილს, რომელიც საქართველოში თანაგადახდის პრინციპით ხორციელდება, აჭარაში ჩვენ, საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ და ქალაქ ბათუმის მერიამ ავიღეთ თავზე.

რა პროექტებს ახორციელებს ჯანდაცვის  სამინისტრო შეზღუდული შსესაძლებლობის მქონე პირებისთვის,  ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა რეგიონში, რა აქვს სამინისტროს გეგმაში მათი პირობების გასაუმჯობესებლად?

პრაქტიკულად ყველა პროგრამაში, რაც აჭარაში გვაქვს,  პირველი პუნქტი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 41 პროგრამა გვაქვს, ყველა მათგანი არის გათვლილი შშმ პირებისთვის. მათ არც მოცდის პრინციპი აქვთ, ანუ გადახდის ყველაზე მეტ წილს სწორეთ მათზე ვიღებთ და ჩვენ, ქვეყნის მასშტაბით, პირველებმა დავიწყეთ მოზრდილი მოსახლეობის რეაბილიტაციის პროგრამა. ყველა ის საჭიროება, რაც მათ შეიძლება დაუდგეთ, ეტლების სხვადასხვა სახეობა, სპეციალური საწოლები, ჟანგბადად წარმომქნელები, თუ ხველის ამომქაჩველები, სმენის სხვადასხვა საშუალებები, თუნდაც კოხლეარული ინპლანტი, რომლის ერთი ნაწილის გაფუჭება 15 000  ლარი ღირს, ისიც კი ჩავდეთ პროგრამაში.

რაც უფრო ღრმად მივდივართ, ვხედავთ, რომ ჩამონათვალი  შეიძლება უფრო მეტი გაჩნდეს. სახელმწიფომ დადგენილებაში შეიტანა ცვლილება და აწია ასაკი ელექტროეტლებზე. თუ აქამდე  14 წელს ზემოთ გაიცემოდა,  წელს უკვე იქნება 6- 14 წლამდეც განსაკუთრებულ შემთხვევებში.  ამან ახლა სხვა საჭიროება გააჩინა,  ამას ხვალვე ვერ ვიზამ, თუმცა გრძელვადიან პროგრამაში ჩავდეთ, რომ ამ ეტლების სპეციალური ამწეები შევიძინოთ, რომლებიც გადაუტანს  შშმ პირს ავტომანქანაში. ცხადია, ეს ყველაფერი გარკვეულ ფინანსურ მოცულობას მოითხოვს და ჩვენ ვცდლიობთ, ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში, მაქსიმალურად მოვარგოთ პრიორიტეტებს.

რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სგანგებო ბრიფინგზე დაუსვეს შეკითხვა თქვენს თანამდებობაზე საკადრო ცვლილების შესახებ, გქონდათ თუ არა ამასთან დაკავშირებით საუბარი თორნიკე რიჟვაძესთან. ხომ არ იყო  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და თქვენს შორის რომელიმე საკითხზე გაურკვევლობა, რის გამოც შესაძლოა პოსტი დატოვოთ?

ჩვენ გუნდურად ვმუშაობდით და გუნდურად ვმუშაობთ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა  სხვაა, არცერთ თავმჯდომარესთან, მე არ გამრჩენია კითხვის ნიშნები ამ მიმართებით, რომ ვთქვათ ვიღაცასთან მიღირს თუ არა მუშაობა. ნამდვილად მიღირს იმიტომ ვარ აქ. არავინ არაფერს არ გაძალებს, არსად მუშაობას. ჩემი სურვილი, რომ  ადამიანი გამხდარიყო პრიორიტეტი  ამ ქვეყნისთვის და არა სადღაც შენობა, ან შადრევანი და ა. შ. დავინახე გუნდი, ვისაც სურვილი აქვს, რომ ადამიანზე იყოს მორგებული და ჩემი მიმათულებით მითუმეტეს. ურთიერთობაში ჩვენ არასდროს პრობლემა არ გვქონია  და პირიქით, სამუშაოსთან ერთად მეტი გაბედულება მოგვცა ყველას. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი, ამ დროს იქ ვიყავი მე გვერდით ოთახში მესმოდა ეგ კითხვა, უბრალოდ უფლება არ მქონდა ბრიფინგის დროს გამოვსულიყავი  და ჩამეხედა თვალებში თქვენი კოლეგისთვის და მეკითხა იდეა საიდან მოდისთქო, მაგრამ ამდენის უფლებას ვერ მივცემდი თავს

ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრად 2016 წელს ყოფილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დანიშნა. 2018 წელს კი ახალმა მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 4 წევრიანი მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ 2 წევრით განაახლა. ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები თანამდებობებს ამ დრომდე ინარჩუნებენ.

ავტორი: მაია შავაძე 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...