ბურჭულაძე გვარამიას: ჩემი სოლიდარობა ნიკას, არ დანებდე! ან პატიმრობა ან სიმართლე და თავისუფლება!

პაატა ბურჭულაძე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს ეხმაურება.

“რა იმიჯს უქმნიან ქვეყანას ეს მართლა მოღალატეები, ყველა ცნობილი ადამიანი, ვინც აკრიტიკებს უნდათ, რომ თაღლითად და ქურდად გამოაცხადონ.
მთავარია, პროკურატურამ ბრიფინგი გამართოს და ბინძური ჭორები გაავრცელოს. უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში, ნეტა თუ დარჩა ვინმე, ვინც ვერ ხვდება სინამდვილეს? ერთ-ერთი პირველი ხომ მე ვიყავი, ვისაც ფონდ “იავნანას” უპოვარი ბავშვების შესაწირი ყულაბებიდან ხურდა ფულის მოპარვა დააბრალეს. განა დაიჯერეთ ვინმემ? მაშინ რომ ყველას ხმა ამოეღო იქნებ არც მისულიყო აქამდე საქმე…
ივანიშვილის მონებს და მათ “საგმირო” საქმეებს ვინც ამხელდა და ამხელს,ყველა უნდათ რომ დააშინონ, დააბინძურონ, ციხეში გამოკეტონ. რუსთავი 2 და ნიკა გვარამია პირველ რიგში, ამ მართლა თაღლითებმა, სააშკარაო მხილება ვეღარ აიტანეს და მისდგნენ. ჩემი სოლიდარობა ნიკას, არ დანებდე! ან პატიმრობა ან სიმართლე და თავისუფლება! დღეს რაც არ უნდა მოხდეს შენ მაინც გამარჯვებული ხარ, ბოლომდე ჩამოხადე ნიღაბი, რაც მანამდე აკეთეს, შენი ძალისხმევით ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი!” – წერს პაატა ბურჭულაძე.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების საკითხის განმხილველი სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის გირაოს – 80 000 ლარის შეფარდებას და ქვეყნიდან გაუსვლელობას ითხოვს. თუმცა, გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

“პროკურატურას ვეუბნები თქვენ გაქვთ 2 არჩევანი ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში. ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა, მე არ მოგცემთ საშუალებას არცერთი მესამე ვარიანტის. არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. მე არ გადავიხდი არანაირ გირაოს – მაღალს უბრალოდ ვერ და დაბალს არ. იმიტომ, რომ მე ვარ უდანაშაულო. არანაირი შინა პატიმრობა.

ვერც ეჟვანს ვერ შემაბამთ, ვერც სახლში ვერ დამაბამთ,ვერც გირაოს ვერ გადამახდევინებთ. ამის გამო ბოდიშს ვუხდი ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან, მაგრამ არა უშავს ჩვენ ავიტანთ, აგვიტანია უარესიც იგივე ადამიანის გამო, რომელსაც მე დავასამარებ და რომლის კაპიტულაციასაც ჩავიბარებ მე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ გუშინ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად