ბურჯანაძე: “რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია “ნაციონალებს” სიმპათიებს ღიად უცხადებენ”

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში გარკვეულ პოზიციებს დღემდე ინარჩუნებს. ამის შესახებ ბურჯანაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას განაცხადა.



"დიახ, ის, რომ ძალიან ბევრ ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები თანამდებობებზე დარჩნენ, ამაზე დღეს ყველა ლაპარაკობს, ამ ხელისუფლების გარდა! გარდა ამისა, ხელისუფლებაშიც და ვითომ ოპოზიციაშიც არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობას“ სიმპათიებს უცხადებენ!"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.



მისივე თქმით, "რესპუბლიკელები" და ალასანიას პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" სიმპათიებს ღიად უცხადებენ.



"როცა სააკაშვილი ამბობს, რომ ის დაბრუნებას აპირებს და ამისათვის არჩევნები სულაც არ სჭირდება, ეს ნათლად მიანიშნებს, თუ რა გეგმები აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ ადამაინებს, რომლებიც სააკაშვილის უკან დგანან"- განაცხადა პარტიის ლიდერმა. მისივე თქმით, დღეს რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფილიყო, საქართველო 100%-ით რუსეთ-უკრაინის ომში იქნებოდა ჩართული, რაც ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ გაანადგურებდა.

"თუმცა ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ რუსეთს საქართველოს მხრიდან მეორე ფრონტს გაუხსნიან, რაც საქართველოს საბოლოოდ დაღუპვა იქნება! საქართველოს ხელისუფლებისგან მთლად ასეთ უგუნურებას არ ველოდები, მაგრამ სააკაშვილისა და მისი პატრონების მთავარი ამოცანა რუსეთის დასუსტებაა და მათ არც საქართველოს და არც უკრაინის ბედი არ აინტერესებთ!" –  განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები
იტვირთება...