ბურჯანაძე: “რესპუბლიკელები” მზად იყვნენ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა ეღიარებინათ

წლების წინ „რესპუბლიკური პარტია“ ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებდა საქართველო ალიანსში მიეღოთ, სანაცვლოდ მზად იყვნენ, რომ სახელმწიფოებს ჩვენი ტერიტორიების სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინათ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის იდეას „აიპრესთან“ საუბრისას „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი. 

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „რესპუბლიკელებს“ ეს იდეა წლების წინ ჰქონდათ და იგი პროგრამაშიც ჰქონდათ შეტანილი.

„უსუფაშვილის განცხადება ნიშნავს იმას, რაზეც „რესპუბლიკური პარტია“ მზად იყო. ვგულისხმობ იმას, რომ მოუწოდებდა ქვეყნებს საქართველო ნატოში მიეღოთ და სანაცვლოდ მზად იყო სახელმწიფოებს აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოეცხადებინა. 

არა ერთ კონფერენციაზე ჰქონდათ მათ ასეთი წინადადებები. თავის პროგრამაშიც კი ჰქონდა „რესპუბლიკურ პარტიას“, რომ თურმე ჯერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა გვეღიარებინა და მერე მომხდარიყო საქართველოს ინტეგრაცია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, რაც აბსოლუტური აბსურდია. გუშინდელმა განცხადებამ სრულიად ცხადყო, რომ „რესპუბლიკელებისთვის“ ასეთი განცხადებები შემთხვევითი არ არის“, – აცხადებს ბურჯანაძე.

პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს კონკრეტულად როდის გააჟღერა პარტიამ ეს იდეა. კითხვაზე, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში? – პასუხობს რომ მანამდეც.

„ეს იდეა „რესპუბლიკელებმა“ ძალიან დიდი ხნის წინ გააჟღერეს, წლების წინ. 

თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში? 

მანამდეც.

„რესპუბლიკურ პარტიას“ საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. შეგიძლიათ ამოიღოთ მათი საპროგრამო დოკუმენტები და ძალიან ნათლად დაინახავთ ამას. მაგარმ ვიმეორებ, გუშინდელი განცხადება სრულიად საკმარისია დასკვნების გამოსატანად“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში.  

შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ ნატოს წევრობამდე საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზები უნდა განთავსდეს:

„დღეს პირველად ვაცხადებ,"რესპუბლიკური პარტია" ამ არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ ისახავს მიზნად, სანამ ნატოს წევრობა გახდება რეალობა, საქართველომ უნდა იზრუნოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განთავსებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის აუცილებელი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად უნდა დაისახოს ქართულმა სახელმწიფომ.

იმიტომ რომ ის ვითარება რომელიც ჩამოყალიბდა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ კიდევ უფრო ვრცელ გეოპლიტკურ სივრცეში, ჩვენ გვავალდებულებს მივიღოთ არაორდინალური გადაწყვეტილებები", – განაცხადა უსუფაშვილმა.

ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...