ბურჯანაძე ჩარკვიანზე: არაპოლიტიკოსების გამონათქვამებზე საუბარს არ ვაპირებ, მას პოლიტიკოსად არ ვთვლი

“ერთინი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “კანონი და სამართალის” ლიდერის თაკო ჩარკვიანის კრიტიკას უპასუხოდ ტოვებს. ბურჯანაძის თქმით, ჩარკვიანს პოლიტიკოსად არ თვლის და არაპოლიტიკოსების გამონათქვამების შეფასებას არ აპირებს.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ პრორუსულ და პროპუტინისტურობაში ოპოზიციიდანაც გადანაშაულებენ ხოლმე. ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა სერიოზულად გაკრიტიკებთ ხოლმე…

_ არა, სერიოზული კრიტიკით ვერავინ ვერ გამოდის, მოდით ნუ დავაკონკრეტებთ. ეს არ არის სერიოზული კრიტიკა. ეს არის ემოციებზე და ცარიელ სიტყვებზე აგებული კრიტიკა. იმიტომ, რომ არცერთი არგუმენტი არ არსებობს, ერთ მაგალითს თუ მაინც მოიყვანენ როდის იმოქმედა ჩვენმა პარტიამ ისე, რაც შედის რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებში. ან როდის გააკეთა ასეთი განცხადება ჩვენმა პარტიამ?!

_ მაინც უნდა გკითხოთ კონკრეტულად, თაკო ჩარკვიანია ერთ-ერთი ვინც გამოირჩევა ხოლმე თქვენი კრიტიკით. ხშირად მაქვს მასთან ინტერვიუები და ყოველთვის ხაზს უსვამს ამას. რა პასუხი გექნებათ მის კრიტიკაზე?

_ არა, არ მაინტერესებს. მე პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ. არ ვაპირებ არაპოლიტიკოსების გამონათქვამებზე საუბარს.

_ არ არის თაკო ჩარკვიანი პოლიტიკოსი?

_ ეს თქვენი გადასაწყვეტია. მე ასე ვთვლი, როგორც გიპასუხეთ.

_ ამბობთ, რომ არ მიგაჩნიათ პოლიტიკოსად, თუმცა ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იჯდა იმ მაგიდასთან, რომელშიც სრული ოპოზიციური სპექტრი იღებდით მონაწილეობას.

_ ერთ მაგიდასთან ჯდომა არაფერს არ ნიშნავს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად