ბუნდესლიგის მე-10 ტურის შეხვედრა მიუნხენში „ბაიერნს” და ლაიფციგის „რასენბალშპორტს” შორის 3:3 დასრულდა

გერმანიაში ბუნდესლიგის მე-10 ტურის 9-დან 6 შეხვედრა დასრულდა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა მიუნხენში გაიმართა, სადაც ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერი „ბაიერნი” მე-2 ადგილზე მყოფ ლაიფციგის „რასენბალშპორტს” ხვდებოდა.

გუნდებს შორის ბუნდესლიგაში გამართული 8 მატჩიდან 4 „ბაიერნს” ჰქონდა მოგებული, სამი ფრედ იყო დასრულებული და მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის მარტში, საკუთარ მინდორზე ჰქონდა მოპოვებული გამარჯვება „რასენბალშპორტს.” ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ერთ, ანგარიშით 1:1 დამთავრებულ შეხვედრაში გავიდა გოლები.

სტატისტიკიდან გამომდინარე მცირეგოლიანი შეხვედრის მოლოდინი არ გამართლდა. თამაში ორმხრივი იერიშებით დაიწყო და უკვე მე-17 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. გოლი ლაიფციგელთა ფრანგმა ნახევარმცველმა ხრისტოფერ ნკუნკუმ გაიტანა.

შეხვედრის 30-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა, გერმანიაში დაბადებულმა ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე ჯამალ მუსიალამ გაათანაბრა ანგარიში.

ოთხი წუთის შემმდეგ თომას მიულერმა დააწინაურა „ბაიერნი”, კიდევ ორ წუთში კი „რასენბალშპორტის” ნახევარმცველმა, ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის, პატრიკ კლიუვერტის შვილმა ჯასტინ კლიუვერტმა გაათანაბრა ანგარიში და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით წავიდნენ.

მეორე ნახევრის დაწყებიდან 3 წუთი არ იყო გასული, როცა „რასენბალშპორტის” შვედმა ნახევარმცველმა ემილ ფორსბერგმა მესამედ აიღო მასპინძელთა კარი.

75-ე წუთზე თომას მიულერმა მეორედ აიღო სტუმართა კარი და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:3.

მე-10 ტურის ამ დროისთვის დასრულებული სხვა შეხვედრების შედეგები ასეთია:

„ჰერტა” – „უნიონ ბერლინი” 3:1(0:1)
„კიოლნი” – „ვოლფსბუგი” 2:2(2:1)
„არმინია” – „მაინცი” 2:1(2:0)
„აინტრახტი” – „ბორუსია” დორტმუნდი 1:1(1:0)
„ფრაიბურგი” – „ბორუსია” მენხენგლადბახი” 2:2(1:1)

ტურის დარჩენილ შეხვედრებში „ვერდერი” „შტუტგარტს მიიღებს, „შალკე” – „ბაიერს”, ხოლო „ჰოფენჰაიმი კი „აუგსბურგს”

ამ დროისთვის სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

„ბაიერნი” 10 თამაშიდან 23 ქულა;
„რასენბალშპორტიი” 10 თამაშიდან 21 ქულა;
„ბორუსია” დორტმუნდი 10 თამაშიდან 19 ქულა;
„ბაიერი” 9 თამაშიდან 19 ქულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად