ბულგარეთში ქართველმა მოჭიდავეებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს (ვიდეო)

ბულგარეთში დასრულდა “დან კოლოვის და ნიკოლა პეტროვის” სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.

ბულგარეთის “დან კოლოვი და ნიკოლა პეტროვი” თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის წლის ოთხი სარეიტინგო ტურნირიდან რიგით მეორე იყო რუსეთის “ივან იარიგინის” შემდეგ, რომელშიც ქართველი მოჭიდავეები არ მონაწილეობდნენ. რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობას, ორი სარეიტინგო ტურნირი, ზაგრების ღია პირველობა და უნგრეთის გრან პრი, უკვე ჩატარდა და კლასიკოსებისთვის დან კოლოვი და ნიკოლა პეტროვი სარეიტინგოთა რანგში არ გადის.

სარეიტინგო ტურნირის მონაწილეს პირველი ადგილისთვის 8 ქულა ერიცხება, მეორე ადგილისთვის – 6 ქულა, მესამე ადგილისთვის – 4 ქულა, მეხუთე ადგილისთვის (რეპეშაჟის ფინალში დამარცხებულები) – 2 ქულა და გარდაა ამისა, მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე, იღებენ დამატებით ქულებს: 10 მონაწილემდე – 6 ქულა, 10-დან 20 მონაწილემდე – 8 ქულა, 20-ზე მეტი მონაწილე შემთხვევაში – 10 ქულა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთში რიგი ლიდერების გარეშე, 10-დან 9 წონაში ასპარეზობდა. ნაკრების წევრებმა სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლეს და კიდევ ერთი მედალზე შეგნებულად თქვეს უარი: 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა 7:2-ზე და 11:2-ზე სუფთად მოუგო შეხვედრები ეგვიპტელ ხალედ ომრ ზაკი მოჰამედ აბდალა და ნამ კუნჯინ ნამს, მაგრამ ერთ-ერთ შეხვედრაში ხელის ტრავმა მიიღო და შესაზლო გართულების თავიდან ასაცილებლად არც გუშინ უკრაინელ ოლექსანდრ ხოტიანოვსკისთან არ იჭიდავა ნახევარფინალი და არც დღეს, რუს საიდ გამიდოვთან მესამე ადგილისთვის საჭიდაოდ არ გავიდა.

დღეს ხალიჩაზე საქართველოს ნაკრებიდან 97 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე ზვიად მეტრეველი გავიდა, მაგრამ მან ვერ შეძლო რეპეშაჟის ნახევარფინალის მოგება, საბოლოოდ მე-7 ადგილზე გავიდა და გუნდს 6 ქულა შესძინა.

გუნდურ ჩათვლაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის პირველი ადგილი 147 ქულით აშშ-ის გუნდმა დაიკავა. მათ ანგარიშზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია. მეორე რუსეთის ნაკრები იყო 115 ქულით, მათ 2 ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს. მესამე ადგილზე 100 ქულით თურქეთის გუნდი გავიდა, მეოთხეზე უკრაინა – 88 ქულა. საქართველოს ნაკრები 80 ქულით მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ქართველ მოჭიდავეთა ინდივიდუალური შედეგები ასეთია:
1 ადგილი, ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), 25 ქულა – ოქრო
მე-2 ადგილი, ირაკლი მწითური (92 კგ), 20 ქულა – ვერცხლი
მე-3 ადგილი, ნიკოლოზ კენჭაძე (79 კგ), 15 ქულა – ბრინჯაო
მე-5 ადგილი, გენო პეტრიაშვილი (125 კგ), 10 ქულა
მე-7 ადგილი, ზვიად მეტრეველი (97 კგ), 6 ქულა
მე-9 ადგილი, ოთარ გოგავა (61 კგ), 4 ქულა
მე-15 ადგილი ლევან ქაელეხსაშვილი (70 კგ)
მე-20 ადგილი გიორგი ღონიაშვილი (57 კგ)
29-ე ადგილი სანდრო ამინაშვილი (82 კგ)

კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის რუსეთის ნაკრებმა 6 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და დიდი უპირატესობით გაუსწრო მეტოქეებს. ერთადერთი ჩავარდნა მათ 87 კგ წონით კატეგორიაში ჰქონდათ, სადაც ფავორიტად მიჩნეულმა მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით ჩაკვეტაძემ პოლონელ ტადეუშ მიხალიკთან წააგო მეოთხედფინალში და მე-7 ადგილზე გავიდა.

უფროსი ასაკის მოჭიდავეთა შორის უახლოესი შეჯიბრება, მსოფლიო თასის გათამაშება თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის, 15-17 მარტს რუსეთში, სახა-იაკუტიის დედაქალაქ იაკუტსკში გაიმართება. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
57 კგ – ლაშა ლომთაძე
51 კგ – თორნიკე ქათამაძე
65 კგ – ამირან ვახტანგაშვილი
70 კგ მირზა სხულუხია
74 კგ – ზურაბ ერბოწონაშვილი
79 კგ დავით ხუციშვილი
86 კგ ტარზან მაისურაძე
92 კგ დავით მარსაგიშვილი
97 კგ მამუკა კორძაია
125 კგ როლანდ ანდრიაძე

მსოფლიო თასზე 2018 წელს ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. ისინი თავდაპირველად ორ ქვეჯგუფად არიან დაყოფილები. საქართველო აშშ-ის, ირანის და მონღოლეთის გუნდებთან, ხოლო მეორე ქვეჯგუფში რუსეთს, კუბის, იაპონიის და თურქეთის ნაკრები გუნდები არიან.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად