ბუღაძე: გაბუნიას საქციელი მიუღებელია, ამან მოდელირებული “ქრონიკა” გამახსენა

ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “სხვა შუა დღეში” განაცხადა

“ჩვენ ამ ეთერში ვართ დ უნდა ვთქვა, რომ გიორგი გაბუნიას საქციელი, რომელიც ჩემთვის იყო სრულიად აღმაშფოთებელი და მიუღებელი. და, ვინც რა უნდა თქვას, თუ არის ვერსია, ვიღაცას რაღაც სტრატეგია ჰქონდა ან თუ კონკრეტულ ადამიანს ეპატაჟური სურვილი აქვს და ეგოცენტრიზმის მომენტია, პირადი ეპატაჟი თუ არა, მე ეს არ მაინტერესებს. ვიმეორებ, პოლიტიკა არის ის, რაც არის ზედაპირზე.

ეს რაც მან გააკეთა, გამახსენა მოდელირებული “ქრონიკა”. იმიტომ რომ ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, ჩვენ 4 ომის ტრავმით ვცხოვრობთ. ამას ვერ იაზრებენ ადამიანები. ანუ რას გულისხმობს ეს ტრავმა – როდესაც შენ რაციონალურად ვერ რეაგირებ რაღაც მოვლენაზე, როდესაც შენ შეპყრობილიხარ რაღაც ამ საშინელი ტრავმული გამოცდილებით, როგორც მოდელირებული “ქრონიკის” მარაზმი…

მესმის, რომ არსებობს პოლიტიკური კონტექსტი, არსებობს კონკრეტული ჟურნალისტის ამბიცია, დაუფიქრებლობა თუ იდიოტიზმი. მაგრამ, არსებობს ძალინ მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც სცდება ამ კონტექსტს. ეს არის ამ საშინელი გამოცდილების ტრავმა, ჭრილობაა გახსნილი…

გავიგეთ, რომ პუტინს ნიღაბი ჩამოვხადეთ, მაგრამ მერამდენედ ჩამოვხადოთ ეს ნიღაბი ჩვენი ჯანმრთელობის და ფსიქიკის ხარჯზე?! მე ეს შეკითხვა მაქვს ეპატაჟისტების თუ, კონსპირაციული თეორიებიდან გამომდინარე სტრატეგიკოსების მიმართ, თუ ასეთები არიან. აქ ჭორებზე ვრეფლექსირებ – მე, ეს არ მაინტერესებს!

ტრავმა, ეს არის გასააზრებელი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს ომის შიშით და ამას ყველა ხელისუფლება იყენებდა, ამას გულწრფელად ვამბობ”, – ლაშა ბუღაძე.

შეგახსენებთ, 7 ივლისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აგინა.
ჟურნალისტის განცხადების შემდეგ, “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა. 8 ივლისს, ღამით დემონსტრანტები შეიკრიბნენ და გიორგი გაბუნიას გათავისუფლება მოითხოვეს. უსაფრთხოების გამო, ტელეარხმა რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეწყვიტა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლის ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ეთერში გავიდა, “ქართველთა დიდი სირცხვილია”.

8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერეს, მაგრამ მის გათავისუფლებას არ გეგმავენ.

8 ივლისიდან, რუსეთმა თბილისში ანტირუსული პროტესტის გამო, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა.
8 ივლისს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობას შესთავაზა, ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფის საპასუხოდ, რუსეთს საქართველოდან ღვინისა და მინერალური სასმლის მიწოდება აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...