ბრიტანეთმა Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა შესაძლოა 29 ნოემბრისთვის დაამტკიცოს

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო საშუალებების კონტროლის სააგენტომ, ამერიკული კომპანიის Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა შესაძლოა 29 ნოემბრისთვის დაამტკიცოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Telegraph ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური, მარეგულირებლის მხრიდან შესაძლო დამტკიცების ფონზე, ემზადება მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებისთვუს 1 დეკემბრიდან. დაგეგმილია, რომ პირველი ვაქცინაცია ჩაუტარდებათ ექიმებს, ასევე მოხუცთა თავშესაფრებში მყოფ პირებს. შემდეგ, როგორც გაზეთი წერს, დეკემბრის შუა რიცხვებში 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების ვაქცინაცია დაიწყება, ხოლო წლის ბოლოს კი 70 წელზე უფროსი ასაკის. იანვარში, 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას შეეძლებათ აცრა. მოსალოდნელია, რომ ყველას ვაქცინაციის ჩატარება მხოლოდ მომავალ გაზაფხულზე მოხდება.

ამერიკელმა იმუნოლოგმა მონსეფ სლუღიმ, რომელიც ხელმძღვანელობს მეცნიერთა გუნდს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სწრაფი განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განუცხადა CNN-ს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ აშშ-ს მკვიდრთა ვაქცინაცია შეიძლება დაიწყოს 11 დეკემბერს. მისივე თქმით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია Pfizer-ისა და BioNTech-ისგან ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას დაამტკიცებს.

გასულ კვირას ბრიტანეთის ხელისუფლებამ განმარტა, რომ ლონდონში უკვე გაფორმებულია წინასწარი კონტრაქტები Pfizer-ისა და BioNTech-ისგან 40 მილიონი დოზის ვაქცინის მოწოდებაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 170 პროექტი არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების მიზნით. 11 აგვისტოს რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა ვაქცინა, სახელწოდებით Sputnik V.

საერთო ჯამში, ბრიტანეთში კორონავირუსის გამო 55 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კვირას დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად