A1 ბანერი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი საერთაშორისო სამართალს მუდმივად არღვევს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერემი ჰანტის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის ქმედებებს ეწინააღმდეგება, რადგან ის საერთაშორისო სამართალს მუდმივად არღვევს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

“დღეს, გაერთიანებულმა სამეფომ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ევროკავშირმა, ავსტრალიამ, კანადამ და შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მკაფიო სიგნალი გაუგზავნეს, რომ შარშან, ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე და შავი ზღვის სანაპიროზე თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელი იყო”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯერემი ჰანტის თანახმად, ეს სანქციები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს ეწინააღმდეგება, რადგან ის საერთაშორისო სამართალს მუდმივად არღვევს.

“ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებას უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობის საპასუხოდ კვლავ გავაგრძელებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

15 მარტს, ევროკავშირის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების ე.წ შავ სიაში 8 პირი მოხვდა.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...