ბრიტანეთის ხელისუფლება ყასბებზე 800 ვიზას სასწრაფო წესით გასცემს

ბრიტანეთის მეღორეობის სექტორში წარმოქმნილი პრობლემების შესუბუქების მიზნით ბრიტანეთის ხელისუფლება ყასბებისთვის დროებითი ვიზების სასწრაფო წესით გაფორმებას გეგმავს

ბრექსიტმა ბრიტანეთის მეღორეობიის სექტორს პრობლემები შეუქმნა. მეღორეობის ფერმებში და სასაკლაოებზე მუშახელის დიდი ნაკლებობაა.

ფერმებში არსებული ჭარბი რაოდენობით ღორების მასობრივი დაკვლის თავიდან აცილების მიზნით მთავრობა სასაკლაოების და ფერმების 800 უცხოელი მუშაკისთვის დროებითი ექვსთვიანი ვიზის სასწრაფო წესით გაფორმებას გეგმავს.

მეღორეობის მიმართულების ბიზნესით დაკავებულებისადმი მიმართვაში მთავრობა აცხადებს, რომ დროებითი ვიზები არ ემსახურება პრობლემის გრელვადიან გადაწყვეტას. მთავრობა იმედოვნებს, რომ კომპანიები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ ადგილობრივი მუშახელის სწავლებას, მათ კარიერულ ზრდას, ხელფასების მომატებას, მეტ და გრძელვადიან ინვესტიციებს ჩადებენ ამ მიმართულებით და არ იქნებიან დამოკიდებულები იაფ უცხოელ მუშახელზე.

სასაკლაოების და მეღორეობის ფერმების მუშაკთათვის სასწრაფო წესით ვიზების გაცემამდე ბრიტანეთის ხელისუფლებამ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო მეფრინველობის დარგში არსებული 5500 მუშახელის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად.

ბრექსიტის შემდეგ წარმოშობილ მწვავე პრობლემათა ჩამონათვალში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა აგრეთვე დაახლოებით 100 000 სატვირთო ავტომობილის მძღოლის და დოკის მუშების ნაკლებობა.

აღსანიშნავია, რომ სასწრაფო წესით ვიზების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას მთავრობამ არ გაითვალისწინა ფერმერთა და ბიზნესმენთა სურვილი და არ შეამსუბუქა ვიზის მიმღებისთვის ენის ცოდნაზე დაწესებული მოთხოვნები

კომენტარები
იტვირთება...