ბრიტანეთი Saudi Aramco-ზე განხორციელებულ თავდასხმებში ირანს ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთში ნავთობკომპანია Saudi Aramco-ზე განხორციელებული თავდასხმების უკან ირანი დგას. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

მან დაადასტურა, რომ ლონდონი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, თეირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ხელი შეუწყოს.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა დიდი ბრიტანეთი ინციდენტის გამო, საომარი მოქმედებების შესაძლებლობას, ჯონსონმა უპასუხა, რომ იგი ყურადღებით განიხილავს საუდის არაბეთის დასაცავად აშშ-ს წინადადებას.

”თუ ჩვენ არაბები ან ამერიკელები გარკვეული როლის შესრულებისთვის მოგვმართავენ, განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ის სასარგებლო აღმოჩნდეს,” -დასძინა ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ის ირანის ხელისუფლების ქმედებებს ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როუჰანთან შეხვედრაზე განიხილავს.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით- დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად