ბრიტანეთი მზად არის, პოლონეთში მეტი სამხედრო გაგზავნოს

ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების კრიზისის დასაძლევად, დიდი ბრიტანეთი მზად არის, პოლონეთში კიდევ 100 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნოს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

”ევროპის ამ ნაწილში უსაფრთხოებისთვის საშიში აქტივობა ფიქსირდება და ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი პასუხი უნდა იყოს ამ სოლიდარობის გამოვლენა, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით”, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, საზღვარზე, სავარაუდოდ, რომ სამეფო ინჟინრების ესკადრონი გაიგზავნება, რომელიც პოლონელ მესაზღვრეებს დაუჭერს მხარს და დარწმუნდება, რომ საზღვრები სათანადოდ არის დაცული.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში 100 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას ესტონეთიც გეგმავს. ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, კალე ლაანეტის განცხადებით, ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც პოლონეთში გაემგზავრება, შეიარაღებული ძალების და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები, ასევე რეზერვისტ-მოხალისეები იქნებიან.

ჯგუფის ნაწილი პოლონეთში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება, უმრავლესობა კი მომავალ კვირას.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა.

მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

კომენტარები
იტვირთება...