Brexit-ის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში, მოხმარებაში ძველი დიზაინის, ლურჯი პასპორტები დაბრუნდება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომდევნო თვიდან, მოხმარებაში ბრუნდება ძველი დიზაინის მქონე, ლურჯი პასპორტები და აღარ იქნება მუქი წითელი ფერის პასპორტები, რომლებიც ქვეყანაში ევროკავშირის რეკომენდაციით დაწესდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველ ძველი დიზაინის მქონე ლურჯი პასპორტების გაცემა მარტის დასაწყისში დაიწყება, ხოლო 2020 წლის შუა რიცხვებიდან, პასპორტის გაცემა მხოლოდ ამ ფერში იქნება შესაძლებელი.

„ევროკავშირიდან გასვლამ მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, აღვადგინოთ ჩვენი ეროვნული იდენტობა. ჩვენს საზოგადოებაში დაბრუნდება ძველი დიზაინის მქონე პასპორტები, რომელსაც ლურჯი დიზაინი და ოქროსფერი წარწერები ექნება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა.

დიდმა ბრიტანეთმა მუქი წითელი-ოქროსფერი წარწერების დიზაინის მქონე პასპორტების გაცემა 1988 წელს, ევროკავშირის რეკომენდაციების მიხედვით დაიწყო. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი კი აცხადებდა, რომ დიდ ბრიტანეთს არასდროს დაკისრებია პასპორტის ფერის შეცვლის ვალდებულება.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 31 იანვარს დატოვა. ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი კი ქვეყანაში 2016 წელს ჩატარდა. მაშინ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა. თავდაპირველად, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა თემთა პალატამ ლონდონსა და ბრიუსელს შორის გაფორმებული შეთანხმება არ მიიღო. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ თანამდებობა დატოვა, ხოლო ივლისში აღნიშნულ პოსტზე ბორის ჯონსონი დაინიშნა. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი 1973 წლიდან მოყოლებული იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად