ბრძოლა რუკებით ანუ დავით გარეჯის დილემა – რას ითხოვს პროკურატურა და რა არგუმენტები აქვს დაცვის მხარეს

შესავლის ნაცვლად და ცნობისთვის: დავით გარეჯი ქართული ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლია. მის შემადგენლობაში, დაახლოებით 27 მონასტერია. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ამ ტერიტორიაზე საფუძველი ჩაუყარა 13 ასურელი მამიდან ერთ-ერთმა, დავითმა, რომელსაც მოგვიანებით გარეჯელი უწოდეს. საუკუნეების განმავლობაში დავით გარეჯში სამონასტრო ცხოვრება ხან ყვაოდა, ხანაც დევნასა და შევიწროებას განიცდიდა.

დროთა განმავლობაში, სამლოცველოების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა არა სხვა ტოპონიმიკის ქვეშ, არამედ, როგორც დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილად. სწორედ ეს გახლავთ ქართული მხარისთვის ერთ-ერთი ყველაზე მყარი არგუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ დავით გარეჯას გაყოფა და მისი ფრაგმენტებად წარმოდგენა სხვადასხვა სახელმწიფოებში ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. ამიტომაცაა ემოციური და მტკივნეული ყველა ქართველისთვის გაცნობიერება იმისა, რომ ამ ერთიანი კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყნის ფარგლებშია მოქცეული.

“დავით გარეჯის” თუ “კარტოგრაფების საქმე?” – ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს, თუმცა ფაქტი ერთია – ეს საქმე დავით გარეჯის გარშემო ტრიალებს…

2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა .

მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.

„აიპრესმა“ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ივერი მელაშვილის ადვოკატთან გიორგი მშვენიერაძესთან. მასთან იმ ბრალდებებზე ვცადეთ პასუხის მიღება, რაც პროკურატურას აქვს. ბრალდება ბევრია და დაცვის მხარესაც ბევრი პასუხი აქვს, შესაბამისად, სტატია დიდია, თუმცა ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო – დეტალურად და ქრონოლოგიურად მივყოლოდით მოვლენებს…

ივერი მელაშვილის პირველი გამოჩენა – რა წერია 1994 წლის 31 დეკემბრის მინისტრთა დადგენილებაში…

დავიწყოთ სულ თავიდან, ვინ არიან ივერი მელაშვილი და ნატალია  მელიჩოვა და  რომელი წლიდან დიწყო მათი ჩართულობა „დავით გარეჯის საქმეში“, საიდან იწყება ამ ორი ადამიანის შემოსვლა ამ ისტორიაში?

გიორგი მშვენიერაძე: ბუნებრივია, მე უფრო მეტს ვისაუბრებ ივერიზე, ვიდრე ნატალიაზე, რადგან ივერის ადვოკატი ვარ და  ნტალიასთან ბევრ თემაზე პირისპირ საუბრის საშუალება აქამდე არ მქონია.

პირველი დავიწყოთ იმით, რომ ეს არ არის დავით გარეჯის საქმე. ამ საქმეზე ამ სახელის დარქმევას სამთავრობო პროპაგანდა ცდილობდა. ბრალდებულებს პროკურატურა არ ედავება და ვერც შეედავება დავით გარეჯის მონასტრის რომელიმე ნაწილის შეთანხმებას, რადგან ასეთი შეთანხმება ბუნებაში არ არსებობს.

რაც შეეხება ივერის ჩართულობას საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის შეთანხმების პროცესში, ის 1994 წლის 31 დეკემბერიდან იწყება, როდესაც გამოიცა  მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, რომლითაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა მოემზადებინა საქართველოს მხარის პოზიცია აზერბაიჯანთან და სომხეთთან დელიმიტაციის პროცესის დასაწყებად.

ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში  შედიოდა რამდენიმე უწყების წარმომადგენელი და მათ შორის მიწის რესურსებისა და მიწის განკარგვის დეპარტამენტიდან იყო ივერი მელაშვილი. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ამ კომისიამ გამართა არანაკლებ ორი შეხვედრა. პირველი შეხვედრა იყო მოსამზადებელი ხასიათის, რომელიც 1995 წლის თებერვალში გაიმართა, ხოლო მეორე შეხვედრა მარტის თვეში გაიმართა.

1995  წლის 16 მარტის ოქმში წერია რომ _ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა საბჭოში შედგა მუშა ჯგუფის მორიგი, რიგით  მეორე შეხვედრა. ამ შეხვედრაზე გეოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა მოხსენება, რომელიც მათ შორის გარეჯის მონაკვეთს შეეხო. ამავე შეხვედრაზე იქნა პირველად გაჟღერებული აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისთვის 1942-43 წლების 1:100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების გამოყენების საჭიროება, რომელზეც 1938 წლის საზღვრის ხაზი იყო დაბეჭდილი. აღინიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკასთან  საზღვრების საკითხი უფრო მეტად არის მოწესრიგებული, ვიდრე აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, მეტიც აზერბაიჯანთან არცერთი მონაკვეთი არ არის შეთანხმებული. როგორც უკვე ვთქვი, სხდომაზე აღინიშნა აგრეთვე გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებული ვითარება. როგორც ოქმში წერია, კომპლექსის ნაწილი მდებარეობს სამხრეთ  კალთაზე, რომელიც  აზერბაიჯანის ტერიტორიას წარმოადგენს. აჟამად არსებული საზღვარი პირდაპირ თხემზე არის გატარებული,  რაც ადრე არსებულ მდგომარეობას საფუძლიანად არ შეესაბამებოდა. ამის გამო გარეჯის კომპლექსის ნაწილი მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზრვრებში. ეს საზღვარი უნდა აღდგეს ადრინდელი სახით და ითქვა რომ  თუ აზერბაიჯანის მხარე ამის თაობაზე  თანხმობას არ განაცხადებს, მაშინ  პრობლემის მოგვარების ერთადერთი  გზა, სანაცვლოდ ტოლფასი ტერიტორიის შეთავაზება იქნებოდა.

აიპრესი: ეს ხდება  1995 წელს, ანუ მანამდე, სანამ აზერბაიჯანის მხარესთან ოფიციალურ მოლაპარაკებას დავიწყებდით?

გიორგი მშვენიერაძე: დიახ და აქვე არის ერთი საინტერესო დეტალიც. როგორც ზევით აღინიშნა, ამავე შეხვედრაზე დაისვა საკითხი, თუ რომელი საზღვრები შეიძლებოდა მიჩნეულიყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრად. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი იყო პოზიცია, რომ ამოსავალ წერტილად შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო 1942 წლის რუკები – ერთი 1:100 000. ანუ საუბარია 1942 წლის კარტოგრაფიულ მასალაზე, რომელიც ივერი მელაშვილის გადმოცემით ზემოხსენებული სამსახურის წარმომადგენელმა, ჟიული თოდუამ წარმოადგინა და მისსავე სამსახურში ინახებოდა.

შესაბამისად, როდესაც აზერბაიჯანთან 1996 წლის ივნისის შეთანხმება მზადდებოდა, რომლითაც განისაზღვრა რომ მხარეებს საზღვრის ხაზად 1938 წლის ხაზი უნდა აეღოთ, ქართული მხარე სწორედ ამ, 1:100 000 მასშტაბრის რუკებზე დატანილ 1938 წლის ხაზს ეყრდნობოდა.

გზა 1996 წლიდან 2006 წლამდე – რა ხდებოდა „ყავისფერ ალბომში“

აიპრესი: გავაგრძელოთ ამბავი 1996 წლიდან. თუკი 1996 წელს ბრალდებულების მიერ შედგენილი, ეგრეთწოდებული რუკის ალბომში, საზღვრის ხაზი   მაქსიმალურად ემთხვევა საქართველოს  პოზიციას, რა მიზეზით შეიცვალა ის 2006 წელს?

გიორგი მშვენიერაძე: ალბათ თქვენი შეკითხვა შეეხება ე.წ. ყავისფერ ალბომს, რომელიც 1996 წლის ოქტომბერში გადაეცა აზერბაიჯანის მხარეს, როგორც ქართული მხარის პოზიცია, როგორ უნდა შეთანხმებულიყო საზღვარი სახელმწიფოებს შორის. აზერბაიჯანის მხარემ საკუთარი პოზიცია მის მიერ შედგენილი ალბომის სახით გადმოგვცა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნშვნელოვანია ორი საკითხი, პირველი – 1996 წლის შეთანხმებით შევთანხმდით, რომ საზღვარი გადიოდა 1938 წლის ხაზზე. შესაბამისად ჩვენმა მხარემ იმ მომენტისათვის მის ხელთ არსებული ყველა რელევანტური მასალა დაამუშავა და პოზიცია წარადგინა ისე, როგორც დელიმიტაციის პროცესში ხდება – მოითხოვე მაქსიმალური, რათა შეთანხმდე ოპტიმალურზე.

ამიტომ, როცა  „ყავისფერი ალბომი“ 1996 წლის ოქტომბერში გადავეცით აზერბაიჯანის მხარეს, ამ ალბომში  იყო მოთხოვნილი მონაკვეთები, რომლებიც სრულად ეყრდნობა რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალას და იყო მონაკვეთები, რომლებიც  არ ეყრდნობოდა კარტოგრაფიულ მასალას, მაგრამ ეყრდნობა ფაქტობრივ  მიწათსარგებლობის მონაცემებს (მაგალითად, სოფელი ერისიმედი, რომელიც  გასულია  ჩვენი საზღვრებიდან და გადასულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) ან ისტორიულ და კულტურულ ინტერესებს (ასეთი არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, სადაც  კარტოგრაფიულ თვალსაზრისით ჩვენთვის ხელსაყრელი მოცემულობა არ იყო, მაგრამ ისტორიულ კულტურულ და რელიგიურ თვალთაზრისით, კულტურის სამინისტროს ჩართულობით  მომზადდა რუკებისგან განსხვავებული პროექტი,  რომლითაც ბერთუბანიც  უნდა ყოფილიყო საქართველოს შემადგენლობაში მოქცეული.)

 აიპრესი: ამ პერიოდში რომელი რუკით ხელმძღვანელობს ქართული მხარე და ვინ მოამზადა მასალები?

გიორგი მშვენიერაძე: სათანადო მასალების მოძიება და წარმოდგენა კომისიაში დაევალა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამმართველოს, პირველ რიგში კარტოგრაფიული მასალის. აქვე აღსანიშნავია, რომ 1996 წლისთვის ჩვენ მხარეს ხელთ არ ჰქონდა იმ 1:500 000 რუკის ასლი, რომელზეც საზღვარი მხარეებმა შეათანხმეს თავის დროზე და ხელიც მოაწერეს. შესაბამისად, თუ დააკვირდებით, 1996 წლის ოქმშიც, სადაც 1938 წლის საზღვარზეა საუბარი, მითითებაა საზღვრის ხაზზე და არა რუკაზე.

1996 წლისთვის საქართველოში გვქონდა 1:500 000 მასშტაბის რუკის მხოლოდ ამონახაზი, რომელიც გაკეთებულია 1940იან წლებში 1938 წლის იმ რუკიდან, სადაც საზღვარი შეთანხმდა და წითელი ფანქრით დაიხაზა. ცხადია, ამ ამონახაზზე ვერ ვიტყვით რომ ის რუკაა, თუმცა დოკუმენტად ითვლება  მაგრამ მასზე ვერ ვხედავთ სად არის მთა, მდინარე, გორა… ამდენად, ამ მონახაზს გააჩნია თავისი ცდომილებები. ანუ მთავარია ხაზი ვიცით დაახლოებით როგორი იყო. ამავე დროს, როგორც უკვე აღინიშნა, კომისიას იმ მომენტში გააჩნდა ერთი 1:100 000 მაშტაბის 1942-43 წლებში გამოცემული ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც იყო ეგრეთწოდებული მორიგე რუკების წინავერსია. აქვე რომ ავხსნათ, მორიგე რუკა ეს არის საბჭოთა კავშირში აკურატულად შედგენილი რუკები, რომელზეც დაიტანება საზღვრის ნებისმიერი ცვლილება. ამ ტიპის რუკებზე ხელით დაიტანება მსგავსი ცვლილებები და  მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ მის სისწორეს.

მორიგე რუკა, პაკეტური გადაწყვეტილებები და ბუნდოვანი ამბები დავით გარეჯის გარშემო…

გიორგი მშვენიერაძე: ამ ეტაპზე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ეს რუკები მორიგე  იყო, მაგრამ იყო მორიგე რუკების შესაქმნელად დაბეჭდილი 1942-43 წლებში. ეს ერთ-ერთ  ყველაზე ზუსტ რუკად ითვლება, იმიტომ რომ ომის დროსაა შედგენილი. რატომ იყო ეს რუკები  მნიშვნელოვანი, რომლებზეც ახლა მიმდინარეობს დავა: ამ რუკებზე 1945 წელს, საქართველომ და აზერბაიჯანმა დაიტანეს საზღვრის ახალი ხაზი. არსებობს შავი დაბეჭდილი  ხაზი, რომელიც არის 1938 წლის ხაზი და მასზე წითლად დაიტანეს, საზღვრის ახალი  ხაზი, ეს იყო  1945 წლის შეთანხმება.

ამასთან დაკავშირებით არსებობს 1945 წელს გაფორმებული ოქმი, სადაც წერია, რომ  ცვლილებები შეაქვთ ამ რუკაზე. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ  ეს შავი ხაზი რადგან 1938 წლისაა და ეს რუკა ყველაზე მსხვილმაშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკაა, სწორედ ეს ხაზი შეედარებინა ამონახაზზე. 100%-იანად ვერ შეადარებდნენ, რადგან მაშინ კომპიუტერები არ არსებობდა, მაგრამ რაც შედარდა, არსებული ტექნოლოგიებით, ამონახაზები ემთხვეოდა და ითქვა რომ ამ რუკებზე არსებული ხაზი უნდა გამოყენებულიყო საზღვრის შესათანხმებლად.  აზერბიჯანმა კი საკუთარი მოთხოვნა მოიტანა წითელი ხაზით, ანუ ისინი 1945 წლის რუკის მიხედვით ითხოვდნენ პროცესის წარმართვას. ჩვენმა მხარემ ამაზე უარი განაცხადა და უთხრა, რომ მხოლოდ 1938 წლის ხაზის მდგომარეობაზე ვთანხმდებოდით. ამ რუკებით გავაგრძელეთ პროცესი. ამ პერიოდში ნატალი ილიჩოვა კომისიის წევრი არ არის, ივერი მელაშვილი კი არის კომისიის წევრი.

აიპრესი: სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საკმაოდ ბუნდოვანი ამბები

არსებობს ჩანაწერები ეგრეთწოდებულიპაკეტური გადაწყვეტილებები, რაზეც პროკურატურა  ამბობს, რომ ამოღებულია ბრალდებულების სამუშაო კაბინეტიდან, სადაც საქართველოს პოზიცია იყო დაფიქსირებული. ასე რომ ქართული მხარისთვის 1991 წლამდე უახლეს გამოცემის რუკებზე დაყრდნობა არ არის მიზანშეწონილი, რადგან 1942-91 წლებში სხვადასხვა გამოცემების რუკებში მოცემული ეს საზღვრის ხაზები არის დამახინჯებული მეტწილად საქართველოს საზიანოდ. მაშინ რატომ იყენებდნენ ვთქვათ ბრალდებულები ამ პერიოდის რუკებს, ანუ 1938 წლის შემდგომი პერიოდისთუკი არსებობდა 1:200 000 მასშტაბის რუკა,  სწორედ 1938 წლის?

 

 

გიორგი მშვენიერაძე: ჩვენ დღემდე ზუსტად ვერ გავიგეთ რას გულისხმობს პროკურატურა, როცა ამბობს, რომ ბრალდებულები 1970-80-იანი წლების რუკებს იყენებდნენ. თუ პროკურატურა 70-80 წლების რუკებში 1:50 000 მასშტაბის რუკებს გულისხმობს, რომლებიც გამოიყენებოდა ალბომების შესადგენად და არა თავად საზღვრის ხაზის დასატანად, მაშინ ეს უბრალოდ ადამიანთა დაბნევას ემსახურება.

თუ პროკურატურა მის მიერვე ჩატარებულ ექსპერტიზას გულისხმობს, რომლითაც დაადგინა რომ შეთანხმებულ მონაკვეთებზე საზღვრის ხაზი ემთხვევა 1970-80 წლების 1:100 000 მასშტაბის რუკებს, თავად ეს ექსპერტიზაც და მისი შედეგებიც მანიპულაციურია, რადგან შეთანხმებულ მონაკვეთებზე საზღვარი მხარეებს შორის 1938 წელს რომ შეთანხმდა, მის მერე არ შეცვლილა და ის როგორც 1938 წლის, ისე 1942-43 წლის და 70-80 წლების რუკებზეც საერთოა. ამიტომ ვთქვათ, რომ საზღვარი 70-80 წლების რუკებითაა შეთანხმებული, მანიპულაციური ტყუილია.

 აიპრესი: თქვენი პოზიცია მსგავსია, რომ 1:500 000 რუკის ამონახაზი ედრებოდა 1:100 000 რუკებს, მოახდინეს თუ არა ამ ორი მასშტაბის შედარების სამუშაოს ჩატარება ბრალდებულებმა? ამაზე პროკურატურა აპელირებს, რომ მათ აქვთ ექსპერტიზის დასკვნა და ეს დასკვნა ადასტურებს, რომ  1:500 000 მასშტაბის რუკის ამონახაზი ფიზიკურად გამოუსადეგარია

გიორგი მშვენიერაძე: პროკურატურას აქვს დასკვნა, რომელიც ამბობს რომ 1:500 000 მასშტაბის რუკიდან ამონახაზით საზღვარს ვერ შეათანხმებდი და ეს მართალია. ამიტომაც საზღვარი თანხმდებოდა 1:100 000 მასშტაბის 1942-43 წლის ტოპოგრაფიულ რუკებზე დაბეჭდილი საზღვრის ხაზით. თუმცა ვფიქრობ ტექნიკურად შესაძლებელია ხსენებული ამონახაზისა და 1:100 000 რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზის მოყვანილობის შედარება. ეს თავის დროზე ივერი მელაშვილმა გააკეთა და დარწმუნდა მათ მსგავსებაში. პროკურატურას ეს კითხვა ექსპერტიზისთვის არ დაუსვამს.

აიპრესი: პროკურატურა აპელირებს იმაზე, რომ 1:500 000 რუკის ამონახაზი არის უვარგისი, თუ ასეა, რატომ მოხდა ამ ორი მასშტაბის შედარება?

გიორგი მშვენიერაძე: როგორც უკვე აღვნიშნე, 1:500 000 რუკის ამონახაზს ვერ გამოიყენებენ ცალკე, შეუძლებელია იმით საზღვარი დაადგინო. ერთადერთი რისი დადგენაც შეგიძლია, 1942 წლის 1:100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკაზე  დაბეჭდილი 1938 წლის საზღვრის ხაზის  მოყვანილობა რამდენად შეესაბამება ამონახაზს.  ეს იცოდა ივერიმაც და ყველამ, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და ეს შედარება გაკეთდა და არა ამონახაზით საზღვრის შეთანხმება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ,  ის რომ საზღვარი შეთანხმებულიყო 1942-43 წლის 1:100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დაბეჭდილი საზღვრის ხაზით, იყო არა ივერის, არამედ კომისიის პოზიცია და ის ჯერ კიდევ 1995 წლის მარტში ჩამოყალიბდა ასეთად, სანამ მოლაპარაკებები დაიწყებოდა აზერბაიჯანთან.

სად გადის საზღვარი და იცოდა თუ არა ივერი მელაშვილმა 1:200 000-იანი რუკის შესახებ 1996 წელს?

აიპრესი: თუ კი ერთი მხრივ ვთანხმდებით იმაზე, რომ 1942-91 წლებში დამახინჯებულია ყველაფერი საქართველოს საზიანოდ, მაინც ვიყენებთ?

გიორგი მშვენიერაძე: დამახინჯება ვფიქრობ არასწორი სიტყვაა. საუბარია იმაზე, რომ საქართველოს საზიანოდ საზღვრები 1945 წლის შეთანხმებით შეიცვალა (დაახლოებით 5000 ჰა კიდევ დავკარგეთ), რომელიც აზერბაიჯანის უმაღლეს ორგანოებს არ დაუმტკიცებიათ. მიუხედავად ამისა, 1945 წლის შემდეგ რუკები სწორედ ახალი საზღვრის ხაზით იბეჭდებოდა. საზღვრის ცვლილება არ შეხებია საზღვრის ყველა მონაკვეთს, არამედ მათ ნაწილს შეეხო. შესაბამისად, 1945 წლის შემდეგ დაბეჭდილი რუკები, რომლებზეც საზღვრის ის მონაკვეთებია დატანილი, რომელიც 1945 წელს არ შეცვლილა, საერთოა 1942 წლის რუკებისთვისაც. ამიტომ, ჩვენი მიზანი იყო 1938 წლის საზღვრის ხაზის დაცვა, რასაც იცავდა ივერი და კომისია.

აიპრესი: თქვენ განაცხადეთ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის მხრიდან ადგილი ქონდა მანიპულაციას რა მანიპულაციას?

გიორგი მშვენიერაძე: მე არ მითქვამს, რომ ექსპერტების მხრიდან ადგილი ქონდა მანიპულირებას რაიმე ნაწილში. მე ვთქვი, რომ ექსპერტიზას კითხვები დაუსვა პროკურატურამ იმდაგვარად, რომ მიღებული პასუხები სიტუაციურ მანიპულაციაში დახმარებოდა. მაგალითად, პროკურატურა არ ეკითხება ექსპერტიზის ბიუროს, რამდენად ვარგისია 1:200 000 მასშტაბის რუკები. თუ მის ვარგისიანობას არ ამოწმებ, როგორ შეიძლება მასზე დატანილი საზღვრის ხაზი აპრიორი სწორად მიიჩნიო და დასკვნები მას დააფუძნო?

აიპრესი: თუკი 1996 წელს ბრალდებულების მიერ შედგენილი ეგრეთწოდებული  რუკის ალბომში  საზღვრის ხაზი მაქსიმალურად  ემთხვევა საქართველოს პოზიციასრა შეიცვალა 2006 წელს?

გიორგი მშვენიერაძე: 1996 წელს შედგენილ „ყავისფერ ალბომში“ მოცემული საზღვრის ხაზი არანაირად არ ემთხვევა  1937-38 წლებში გამოცემული 1:200 000-იანი რუკის საზღვრის ხაზს და ვერც დაემთხვეოდა, რადგან 1996 წლეს ქართულმა მხარემ და კერძოდ ივერი მელაშვილმა საერთოდ არ იცოდა 1:200 000 მასშტაბის რუკების არსებობის შესახებაც კი. ეს რუკები 2000 წელს გახდა მისთვის ცნობილი.  თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ზოგიერთ მონაკვეთთან დაკავშირებით (გარეჯის ქედის სამხრეთ კალთა,  სოფელი ერისიმედი, მეოთხე ქვემონაკვეთი)  საზღვარი ჩვენთვის სასარგებლოდ იმაზე უკეთ იყო დატანილი, ვიდრე ამის საშუალებას თუნდაც 1938 წლის საზღვრის ხაზი იძლეოდა. თუმცა, მას ქონდა მიზეზი, ჩვენი მხარე ამ ტერიტორიების (გარდა მეოთხე ქვემონაკვეთისა) სანაცვლოდ აზერბაიჯანის მხარეს მოცვლას (ანუ ტოლფასი მიწის ნაკვეთის დათმობას) თავაზობდა. დავით გარეჯთან მიმართებაში გამართულ შეხვედრებზე ყოველთვის ამ პოზიციით მივდიოდით.

აიპრესი: რა არის თქვენი პოზიცია, გადის თუ არა საზღვრის ხაზი უდაბნოს მთის კალთის ქვეშ?

გიორგი მშვენიერაძე: ჩვენი პოზიცია ეს ვერ იქნება, რადგან ეს პოზიცია ადვოკატებს ვერ გვექნება, რადგან ჩვენი გადასაწყვეტი არ არის სად გადის  საზღვარი.  მე შემიძლია გითხრათ, მხოლოდ ის, რომ 1995 წლიდან მოყოლებული, ყველა დოკუმენტში, რომელიც გაგაცანით,  კომისია თუ სამუშაო ჯგუფი საკითხს აყენებდა, რომ 1938 წელს დადგენილი საზღვრის ხაზი გადის ქედის თხემზე.  ეს პოზიცია სამუშაო ჯგუფში ჩამოყალიბდა ძალიან ბევრი მასალის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად.  მსგავსი მონაცემები წარუდგინა 1995 წელს სამუშაო ჯგუფს ექსპერტმა, ბატონმა უკლებამ. ამასვე ადასტურებს 1939 წელს გამოცემული 1:500 000 მასშტაბის რუკა, რომელზეც საზღვარი დატანილია 1938 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ამასვე ადასტურებს 1929 წლის აზერბაიჯანისა და საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის შეთანხმების ოქმიც, სადაც სიტვყიერადაა აღწერილი რომ საზღვარი გადის თხემზე.    ერთადერთი ამოვარდნაა ამ ყველაფრიდან,  არის 1937 წლის 1:200  000-იანი  მასშტაბის რუკა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 1937 წლის რუკამდეც და მის მერეც, ყველა სამართლებრივი და კარტოგრაფიული მასალა მის საწინააღმდეგოს ადასტურებს.

აიპრესი: ეს ამოვარდნა რითი არის განპირობებული? ასე უცებ, გაურკვევლად ამოვარდა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი?

ეს კითხვა გვაქვს ყველას. ნებისმიერ დოკუმენტს ან რუკას, კარტოგრაფიულ მასალას მაშინ აქვს ძალა, როცა მას ზურგს უმაგრებს გარკვეული სამართლებრივი საფუძველი.  ანუ რაღაც სამართლებრივი დოკუმენტი არსებობს,  რომლითაც საზღვარი უნდა შეცვლილიყო. თანმიმდევრობას გავყვეთ და ვნახოთ შემდეგი დოკუმენტები:  1929  წლის ოქმი, რომლითაც საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარი შეთანხმდა ამ მონაკვეთზე, რომელიც 1938 წლის შეთანხმებამდე მოქმედი სამართლებრივი დოკუმენტი იყო აცხადებს, რომ საზღვარი გადის თხემზე. შესაბამისად, 1937 წლის 1:200 000-იანი რუკა ამ ოქმთან შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას აცდენილია და მის მიხედვით საზღვარი უდაბნოს ქედზე არ გადის, არამედ ქედის სამხრეთით. ამიტომ კითხვა არის ასეთი, თუკი 1937 წელს  რუკას ბეჭდავ და  სამართლებრივი საფუძველი საზღვრის გაქვს 1929 წელი,  რატომ არ შეესაბამება ეს რუკა ამ სამართლებრივ დოკუმენტს?

მაგრამ ამაზე არანაკლებ საინტერესოა  კიდევ ერთი საკითხი. საქართველომ და აზერბაიჯანმა 1938 წლის მარტ-მაისში  დაადგინა ახალი საზღვარი (რომელიც გარეჯის მონაკვეთზე არ ცვლიდა 1929 წლის საზღვრის ხაზს), ხოლო 1938 წლის დეკემბერში დასაბეჭად ჩაუშვა 1:500 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც  1939 წლის თებერვალში გამოვიდა და ამ რუკაზეც საზღვარი გადის ზედ უდაბნოს მთაზე. 1942-43 წლის 1:100 000 მასშტაბის რუკებზე აღარ ვისაუბრებ.

ამიტომ, ერთ რომელიმე მათგანს მაინც რომ ემთხვეოდეს 1:200 000 მასშტაბის 1937 წლის რუკა (ე.წ. ხიდაშელის რუკა) კიდე ჰო, მაგრამ არცერთს ემთხვევა, არცერთი დოკუმენტი არც სამართლებრივი არც კარტოგრაფიული ისეთ მოცემულობას არ ასხავს, რაც მასზეა დაბეჭდილი.

სად დაიკარგა და  იპოვა „ამოვარდნილი“ რუკა ნატალია ილიჩოვამ – კითხვა, რომლის პასუხი ყველას აინტერესებს

 

აიპრესი: და ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დაამოვარდნილირუკა სად იპოვა ნატალია ილიჩოვამ?

გიორგი მშვენიერაძე: სად იპოვეს, ამას პროცესზე დეტალურად მოყვება თავად ნატალია. როგორც მისი ჩვენებიდან ვიცი, ეს იყო 2000 წელი. როდესაც ნატალიამ ეს რუკა იპოვა,  მოიტანა, აბა  ვნახოთ, იქნებ გამოგვადგესო და პირველი რასაც აკეთებენ, კარტოგრაფიც და მიწათმომწყობიც, იწყებენ  რუკის შემოწმებას. რადგან ამ რუკას ქონდა დაშვებულზე ძალიან რამდენჯერმე დიდი აცდენები, მისი გამოყენება გახდა შეუძლებელი. არც სამართლებლივი საფუძველი ჰქონდა და არც  კარტოგრაფიულად იყო  ვარგისი. ამიტომ, გადაწყვიტეს ის გვერდზე გადაედოთ.

აიპრესი: მაინტერესებს, ეს რუკა რომ გამოჩნდა,  მაშინვე გაიარეს თუ არა კომისიის სხვა წევრებთან ეს თემა,  ჩააყენეს თუ არა ისინი საქმის კურსში, რომ ასეთი რუკა იყო ნაპოვნი და მათი აზრი თუ მოისმინეს ამასთან დაკავშირებით?

გიორგი მშვენიერაძე: ამას სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ მოვაყოლებთ ბრალდებულებს, რა და როგორ იყო. ჩვენებაში ჩანს ასეთი ინფორმაცია, რომ ნატალიამ და კიდევ ერთმა ადამიანმა ეს რუკა მოიპოვეს და მოიტანეს. როგორც ივერი იხსენებს, ამ შემხვედრას ესწრებოდა კიდევ, სავარაუდოდ საზღვრის დაცვის წამომადგენელი და მოხდა ამ რუკის შემოწმება. ყველაფერი აცდენილი იყო, ჰიდროქსელი აცდენილია, მდინარეები ერთმანეთს არ ემთხვევა, გეოდეზიური წერტილები  აცდენილია, საზღვარი აცდენილია. ამიტომ ითქვა, რომ კარტოგრაფიულად არ ვარგა.

ასევე ითქვა, რომ პოლიტიკურადაც არასწორი იქნებოდა აზერბაიჯანულ მხარესთან  ამით მისვლა, რადგან ჩვენ თუ ჩავცდებოდით 1938 წლის შეთანხმების თარიღს ქვემოთ,  მაშინ აზერბაიჯანი ისევ დააყენებდა საკითხს  გვემოქმედა 1929 წლის მინაცემებით, რაც ჩვენთვის დაუშვებელი იყო. ამიტომ არგუმენტით (კარტოგრაფიულად უვარგისია, სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და მისი გამოყენება აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს 1938 წლის ხაზიდან „გაიქცეს“) ითქვა რომ, ეს რუკა არ უნდა გამოგვეყენებინა.

აიპრესი: ვისთან ერთად იმსჯელეს ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩევამ? ვინ ადასტურებს ამას? იქნებ სხვას სხვა არგუმენტები ჰქონდა?

გიორგი მშვენიერაძე: ეს მსჯელობა რომ  ყოფილა კომისიაში ამაზე ინფორმაციას ადასტურებს მოწმე მალხაზ მიქელაძე, რომელიც ამბობს, რომ ის არ იყო მაშინ კომისიის წევრი მაგრამ მას გაუგია რომ ასეთი მსჯელობა იყო ექპერტების დონეზე.

კითხვა, იქნებ სხვას სხვა აზრი ჰქონდა კარგად ჟღერს, მაგრამ მას აქვს პასუხიც. ამ რუკების ვარგისიანობაზე მსჯელობა 2014 წლიდან მიმდინარეობს და ხელისუფლებამაც კარგად იცის, რომ რასაც ბრალდებულები ამბობენ, სიმართლეა. თქვენ, როგორც მოქალაქეს, არ გიჩნდებათ კითხვა, პროკურატურამ რატომ არ დასვა რუკის ვარგისიანობის შესახებ მოთხოვნა ექსპერტიზაზე? ხო მარტივი კითხვაა? როცა ამბობენ ნატალია და ივერი, რომ 1: 200 000 -იანი რუკა არ ვარგოდაო,  ხომ შეიძლებოდა მარტივად გადაემოწმებინა პროკურორს და დაესვა კითხვა ექპერტიზაზე, ეს რუკა  მართლა ასეთია როგორც ამბობენ, თუ  გვატყუებენო?

რაში უნდა დაჭირვებოდა რუკის დამალვა ნატალია ილიჩოვას და რა ჩვენებებს იძლევიან კომისიის სხვა წევრები

აიპრესი: ძალიან ხშირად სვამთ კითხვას –  რაში უნდა დაჭირვებოდათ იმ რუკის დამალვა    ნატალია ილიჩოვას, რომელიც თავად მოიპოვა. ამაზე პროკურატურა გპასუხობთ რომ თუ არ ჭირდებოდა ეს ყველაფერი, რატომ  დაუმალა კომისიის სხვა წევრებსპროკურატურის განცხადებით,  დაკითხეს ეს ადამიანები და არცრთმა მათგანმა 1: 200 000-იანი მასშტაბის რუკის არსებობის შესახებ  არაფერი იცოდა.

გიორგი მშვენიერაძე: ესეც არის მანიპულაციური ტყუილი და რატომ. დავიწყოთ იმით, რომ 2014 წელს როდესაც ეს საკითხი პირველად დაისვა, იკითხა ბატონმა ნოდარ ხორბალაძემ (თავდაცვის ძალების კარტოგრაფიაგეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი)  ჩემთვის  ცნობილია, რომ ასეთი რუკები არსებობს და თქვენ თუ იცითო, კომისიის სხდომაზე მას აუხსნეს, რომ  ჩვენ ვიცით ამ რუკების არსებობის შესახებ, შესწავლილია ეს რუკები და ამიტომ და ამიტომ უვარგისიაო.

მაშინ, ხორბალაძემ მოითხოვა, მომეცით ეს რუკებიო. ეს არ ხდებოდა კომისიის სხდომაზე, ეს იყო მინდია ჯანელიძის უწყებაში გამართული შეხვედრა.  ივერის უთქვამს, მე არ მაქვს ეს რუკები, ჩემთან არ ინახებაო. მოკლედ, სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა იქ ადგილი. თუ სწორად მახსოვს, ბერი კირიონიც ესწრებოდა ამ შეხვედრას და მერე კირიონი ითხოვდა რუკას.

ნატალია ილიჩოვა არასრორად მიიჩნევდა რიგითი მოქალაქისთვის – ბერი კირიონისთის, არაფორმალურად რაიმე კარტოგრაფიული მასალის გადაცემას. ამის შემდეგ,  გიორგი სვანაძემ (დაკითხულია მოწმედ, რომელიც იყო მინდია ჯანელიძის თანამშრომელი)  აღნიშნული კარტოგრაფიული მასალა გამოითხოვა საზღვრის დაცვის პოლიციიდან და მიიღო კიდეც. სამსახური ატანს ამ რუკებს, ამ ფაქტს თავადაც ადასტურებს და უფლებამოსილი პირის ჩვენებაც არსებობს საქმეში. ეს რუკა გადაეცემა ნოდარ ხორბალაძეს, ხოლო მისი სკანირების შემდეგ, უბრუნდება სასაზღვრო პოლიციას. ანუ, ეს რუკა დამალული კი არ იყო, 2014 წელს უკვე ხობალაძეს ჰქონდა. თავად  ადასტურებს ამას.  2017-18 წლებში სკუთარ ნაშრომშიც აქვს გამოქვეყნებული ამ რუკის სკანირებული ვერსია.  ამიტომ, როცა ამბობენ, რომ ეს რუკები იმალებოდა, უბრალოდ ტყუილია. ასევე, ამ საკითხზე და რუკების თემაზე 2015 წელს  შემოწმება აქვს ჩატარებული კონტრდაზვერვას.

 აიპრესი: 2015 წელს რომ ყველამ იცოდა უკვე ამ რუკის არსებობის შესახებ, ეს გასაგებია. ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ დაუმალეს კომისიის წევრებს მისი არსებობის შესახებ 2006-2007 წლებში? თუ პროკურატურა იტყუება, როდესაც ამბობს, რომ კომისიის წევრების განცხადებით, მათ ამ რუკის შესახებ არაფერი იცოდნენ?

გიორგი მშვენიერაძე: ვერ ვხვდები დაუმალეს რას ნიშნავს. კომისიის წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას რუკის წაკითხვაც კი არ შეეძლოთ და ამას საკუთარ ჩვენებებში ადასტურებენ. მაგალითად, მოწმე  მალხაზ მიქელაძე, ადასტურებს, რომ მან იცოდა ამ რუკების არსებობის შესახებ და ამბობს რომ ინფორმირებული იყო, რომ ნამსჯელი ჰქონდათ მათ შესახებ. დაკითხულები არიან კომისიის სხვა წევრებიც. მე მაგალითად შემრცხვებოდა ზოგიერთი მათ ნაცვლად.

რატომ შეგრცხვებოდათ?

რავიცი, ხელს აწერენ რაღაც ოქმებს და ამბობენ, წაკითხულიც არ მქონდაო, არ ვიცითო რას წერდნენო და ტექნიკურად ვაწერდით ხელსო. სრული უპასუხისმგებლობა და საკუთარი როლის ვერგაცნობიერებაა ეს.

 აიპრესი: ამ კომისიის წევრებიდან არიან თუ არა ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირობოდ უჭერენ მხარს  ივერი მელაშვილის მხრიდან რუკის დაწუნებას და მის გადაწყვეტილებებს იმ პერიოდში, თუ ასე ყველა ერთხმად ამბობს რომ ეს რუკა თვალით არ უნახავთ

გიორგი მშვენიერაძე: ბევრი ამბობს ჩვენებებში, რომ არ ახსოვს დეტალები, რადგან დიდი დრო გავიდა. როგორც ჩანაწერებიდანაც გამოჩნდა, დაკითხვაზე რომ იბარებდნენ, მერე ურეკავდნენ ივერის და ეუბნებოდნენ – გამახსენე რა ხდებოდაო. ზოგიერთი წევრი ამბობს,  კი ვიყავი შეხვედრაზე, მაგრამ არ მახსოვს არაფერიო.  ასე რომ ვთქვათ წავიდა ბაქოში და გაისეირნა.

ივერი არ უარყოფს,  რომ დიახ, ამ კარტოგრაფიულ მასალაზე ხაზებს საზღვრისას თავად ადგენდა და წარუდგენდა კომისიას. მომლაპარაკებელს დეტალებს და რისკებს აცნობდა წინასწარ. რამდენიმე ხნის წინ ანდრია ჯაღმაიძემ, საპატრიარქოს პრესმდივანმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი. ის დოკუმენტი არ შეიძლება საჯარო იყოს, ის დოკუმენტი არის ქართველი მომლაპარაკებლის  შიდა პოზიცია, რითიც  უნდა ელაპარაკოს მეორე მხარეს. საიდან მოხვდა მის ხელში ეს დოკუმენტი, არ ვიცი.

მე რაც ვიცი, არის ის, რომ ალბომებში საზღვრის ხაზი დაქონდა ივერი მელაშვილს, ხოლო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც კომისიაში მივიდა, ნატალია, ისიც ეხმარებოდა ამ პროცესში, როგორც კომისიის წევრი. ამ პროცესში ტექნიკურად ჩართული იყო  გივი კეკელიძე და მერაბ ნადარაია.

რატომ დატოვეს კომისია პროფესიონალმა წევრებმა – საპენსიო ასაკი თუ უთანხმოება რუკებზე?

 აიპრესი: გივი კეკელიძე ახსენეთ, რომელიც ერთ-ერთი გამოცდილი კადრი იყო და  რომელმაც ასევე დატოვა კომისია

გიორგი მშვენიერაძე: დიახ, დატოვა, თუ სწორად მახსოვს საპენსიო ასაკს მიღწევის გამო.

 აიპრესი: გივი იყო ერთ-ერთი პროფესიონალი და მისი მხრიდან კომისიის დატოვება, არ იყო გამოწვეული ბანალური მიზეზით.

 გიორგი მშვენიერაძე: როგორც დავაზუსტე, მგონი საპენსიო ასაკს მიღწევის გამო მოუწია კომისიის დატოვება, თუმცა ჩვენებაში არ უწერია გივის მიზეზები. ასევე ვიცი, რომ საქმეში წარმოდგენილია სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გივი კეკელიძესა და ივერის შორის. გივი კეკელიძე ურეკავს ივერის, სადაც ცდილობს აღიდგინოს დეტალები, რა და როგორ იყო.

 გივის გარდა კიდევ ერთმა პროფესიონალმა დატოვა კომისია, ჯანო კეკელიამ

მე როგორც ვიცი, ბატონი ჯანო კეკელია არსოდეს ყოფილა საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისიის წევრი. ის იყო საქართველო-სომხეთის სადელიმიტაციო კომისიის წევრი. თუმცა, ბატონი ჯანოს ნაშრომები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საკითხებზე საინტერესოა.

 აიპრესი: თქვენ საუბრობთ იმაზე რომ ხარვეზიანია ეს 1:200  000 –იანი რუკა და ამასვე ასაბუთებს ბატონი ივერიც, ამ ფონზე გვაქვს ეგრეთწოდებული რუკის ამონახაზი, 1:500 000-იანი, რაც რუკადაც არ ითვლება, და მასზე არანაირი გეოგრაფიული ობიექტები არ არის ასახული.მაშინ როგორ შეძლო ბრალდებულმა მისი გამოყენება დელიმიტაციის პროცესში?

გიორგი მშვენიერაძე: ამ კითხვას უკვე ზევითაც ვუპასუხეთ. როცა საუბარია 1938 წლის საზღვრის ხაზზე, ვგულისხმობთ 1942-43 წლის 1:100 000-იანი  მაშტაბის რუკებზე დაბეჭდილ საზღვრის ხაზს.

სწორედ ამ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზის მიხედვით მოხდა ქართული მხარის პოზიციის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 1995 წელს. თუმცა, ამ ხაზის მოყვანილობა შდარდა სწორედ ხსენებულ ამონახაზს და მათ შორის არსებითი განსხვავება არ ყოფილა, რამაც ქართული მხარე თავის დროზე დაარწმუნა საკუთარი პოზიციის სიმყარეში.

.ანუ, ეს ამონახაზი საერთოდ არ გამოუყენებია ივერი მელაშვილს?

ამონახაზი გამოიყენა იმდენად, რამდენადაც ერთმანეთს შეადარა ამონახაზისა და 1942-43 წლის რუკებზე დატანილი 1938 წლის საზღვრის ხაზის მოყვანილობა.

რა გამოდის ანუ? ამ რუკებით პირდაპირ საზღვარს ვერ დაადგენ, რადგან თთქმის ყველა რუკა ხარვეზიანია?

ამ რუკებში თუ 1:500 000 მასშტაბის რუკიდან ამონახაზს გულისხმობთ, ცხადია ვერ დაადგენთ. დღეს საზღვარი დგინდება 1:50 000-იანი მასშტაბის რუკაზე. ცხადია, 1:500 000 რუკის ამონახაზიდან მასზე საზღვარს ვერ გადაიტანთ.  ის რომ საზღავრი 1938 წელს 1:500 000 ადმინისტრაციულ რუკაზე შეთანხმდა და ამ რუკის ორიგინალიც კი არ გვქვს, ეს არც ივერის ბრალია და არც სხვისი. კომისიას რა მოცემულობაც და კარტოგრაფიული მასალაც ჰქონდა, იმის მიხედვით ყველაზე ლოგიკური და საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს.

აქ კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა მინდა დავსვა. თუ 1937წლის 1: 200 000-იანი რუკა ნამდვილად კარგი იყო და საზღვარი სწორად იყო მასზე დაბეჭდილი,  1938 წელს, რატომ მასზე არ მოაწერეს ხელი მხარეებმა ნაცვლად 1: 500 000 მასშტაბის რუკაზე ფანქრით დატანილი საზღვრისა? განა ბევრად ახლო მასშტაბის და უკეთესი ხარისხის რუკა უფრო გამოსადეგი არ იქნებოდა ამ საკითხისთვის? მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ იყო და ეს კარგად იცის ყველა კარტოგრაფმა, ვინც ამ საქმეშია ჩართული.

და ამ კითხვაზე რა პასუხია?

არ არის პასუხი. ისევე როგორც არ არის პასუხი კითხვაზე, ილიჩოვა თუ ამ რუკებს  მალავდა, რომელიც მის საწინააღმდეგო იყო, საერთოდ რატომ მალავდა? უბრალოდ რატომ არ გაანადგურა?  ან საერთოდ, თუ აზერბაიჯანისთვის რამის გადაცემა უნდოდა, რატომ მოიძა და მიიტანა ეს რუკები კომისიაში?

ბრძოლა რუკებით – რ ატარებს პროკურატურა ამ რუკების ვარგისიანობის შესახებ ექსპერტიზას? 

აიპრესი: ეს რუკა ხომ ნატალია ილიჩოვამ იპოვა და არა მელაშვილმა?

გიორგი მშვენიერაძე: დიახ, ილიჩოვამ იპოვა.

აიპრესი: იქნებ, ივერი მელაშვილის ინტერესებში არ შედიოდა ამ რუკის გამოჩენა?

გიორგი მშვენიერაძე: ცოტა შეურაცხმყოფელიც არის ეს კითხვა, მაგრამ რადგან მისი ავტორი არა თქვან, არამედ საზოგადოების მცირე ნაწილია, რომელსაც პასუხი აინტერესებს, მაინც ვუპასუხებ. რატომ? რა მოტივი შეიძლება ჰქონოდა ივერი მელაშვილს? და თუ ნატალია ილიჩოვა არგამოჩენის ნაწილში მისი მოკავშირე იყო, საერთოდ არტომ მიიტანდა ამ რუკებს სამსახურში? ვფიქრობ არის გარკვეული საკითხები, რომელსაც ბევრი ფიქრიც არ ჭირდება ლოგიკური პასუხის მოსაძებნად.

 გამორიცხავთ იმ ფაქტს, რომ ნატალია ილიჩოვას დაავალეს ასე დაადგინეო?

 კი, გამოვრიცხავ. ისევე როგორც გამოვრიცხავ ივერი მელაშვილის ბრალეულობას. ხომ მარტივი კითხვაა –  რატომ არ ჩაატარა და არ ატარებს პროკურატურა ამ რუკების ვარგისიანობის შესახებ ექსპერტიზას? იმიტომ რომ ისინი მართლა უვარგისია.

აიპრესი: იქნებ, სულაც არ სურდა ილიჩოვას რუკის განადგურება და კიდევ ერთი კითხვაც: ადრე, 1995 წელს დელიმიტაციის კომისიის  ერთერთ სხდომაზე ბატონი ივერი რატომ უჭერდა  მხარს, რომ არსებული საზღვარი რომელიც თხემზე იყო გატარებული, ადრე არსებულ მდგომარეობას საფუძვლიანად არ შეესაბამებოდა და ამის გამო გარეჯის კომპლექსის ნაწილი მოქცეული იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრებში; ხოლო 2006 წლიდან მელაშვილი ამტკიცებს, რომ საზღვარი სსრკის დროს ყოველთვის გადიოდა თხემზე, რამ განაპირობა მისი პოზიციის შეცვლა?

გიორგი მშვენიერაძე: სავარაუდოდ, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეგ მოხსენება 1995 წლის მარტში გააკეთა დ.უკლებამ.  ბატონი ივერი თვლიდა და თვლის, რომ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი ყველა მონასტერი, ისტორიულად იყო და მომავალშიც უნდა დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში. მაგრამ, ამის საწინააღმდეგო რეალობა შეიქმნა კომუნისტური მმართველობის პერიოდში, სტალინის და ფილიპე მახარაძის დროს, როდესაც საზღვარი გაივლო ზედ, ქედის თხემზე. ეს არის სამწუხარო მოცემულობა, რომლის შეცვლა ჩვენი ქვეყნის ინტერესშია.

ბრალდების არგუმენტი – რას გვეუბნება გერმანულ და ამერიკულ რუკებზეე დატანილი საზღვრის ხაზი

აიპრესი: ბრალდება აპელირებს, რომ ეს 1:200 000 მასშტაბის რუკა მსგავსია ამერიკული და გერმანული რუკებისა, ამაზე რას იტყვით, ამერიკული და გერმანულიც არ გამოდგება? მათზეც შეცდომით არის დატანილი საზღვრის ხაზი უდაბნოს მთის კალთის ქვეშ?

გიორგი მშვენიერაძე: ბატონმა გორდეზიანმა, თუ ხორბალაძემ გასცა პასუხი ამასწინათ ამ კითხვას, ეს რუკები რომელიც დაბეჭდილი იყო მაღალი  ტირაჟით,  სავარაუდოდ ჩაუვარდა გერმანიას და შემდგომ ამერიკის დაზვერვას ხელში, მათ  ამ რუკებს გადაუღეს ფოტო-ასლი და რუსულ დასახელებებს ზემოდან დააწერეს, გერმანულად და ინგლისურად.  სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა  ამ რუკების „გაჟონვას“ საბჭოთა კავშირიდან და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ამ ფაქტის გამო უკეთესი კარტოგრაფიული მასალაა.

“აიპრესი” : მაინც და მაინც ამ 1:200 000 – იანმა  რუკამ გაჟონა? მაშინაც ხომ არსებობდა სხვა რუკები? იქნებ სწორედ იმიტომ დასჭირდა გერმანიას ეს რუკა, რომ ყველაზე ზუსტი იყო?

გიორგი მშვენიერაძე: მე არ ვიცი სხვა რუკამაც გაჟონა თუ არა, მაგრამ ცხადია ე.წ. გერმანული და ამერიკული რუკები ამ რუკების ასლია. თუმცა სწორედ იმიტომ, რომ ეს რუკები არ იყო აკრატული, 1942-43 წლებში შეიქმნა სწორედ ის, წითელი არმიის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებსაც ბრალდებულები იყენებდნენ და  რომლებიც იყო სახელმწიფო საიდუმლო.

1937-38 წლის 1:200 000-იანი რუკები არ იყო გრიფით საიდუმლოდ დაბეჭდილი. ზოგადად ყველა რუკის გამჟღავნებას უფრთხილდებოდა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ერთია როცა სამოქალაქო მიზნებისთვის ბეჭდავ რუკას 4 ათასიანი ტირაჟით და მეორეა, როცა ომი გაქვს და ზუსტი, საიდუმლო რუკები გჭირდება. სწორედ ასეთი რუკები იყო საიდუმლო  და ბეჭედდასმული, რომელიც მკაცრ დაცვას ექვემდებარებოდა.

აიპრესი: ამ მოლაპარაკებების დროს შემოიწია საქართველოს მხარეს საზღვრის ხაზმა და იმ მონაკვეთებზე, რომელზეც ჩვენ ტექნიკური გადაწყვეტით ვხელმძღვანელობთ, აზერბაიჯანული მხარე იყენებს რუკებსსაერთოდ რას ნიშნავს  ეს ტექნიკური გადაწყვეტა?

გიორგი მშვენიერაძე: ტექნიკური გადაწყვეტის პრინციპი  მოცემული იყო შეთანხმებაში. ეს გულისხმობს, რომ  საზღვარმა უნდა გაიაროს მდინარეზე – მდინარის ცენტრშიც, ქედზე – ქედის თხემზე, არხზე – არხის შუაში და ასე შემდეგ, ამას ნიშნავს ტექნიკურად სწორად საზღვრის გავლება. ეს მოითხოვს ორივე მხარის მიერ გარკვეულ დათმობას.

აიპრესი: მოდით, ისევ ამ იდუმალებით მოცულ 1:200 000-იან ათასიან რუკას დავუბრუნდეთ, ანუ დაცვის მხარე რა ვარიანტს მიყვება საერთოდ, ეს რუკა ჰაერიდან გაჩნდა? არაფერს  არ ეყრდნობოდა? თავისი ისტორია ხომ აქვს ამ რუკას?

გიორგი მშვენიერაძე: მე კონსულტაცია მქონდა კარტოგრაფებთან, ასევე გათავისუფლების შემდეგ ნატალიასაც დაველაპარაკე ამის შესახებ. ჩვენი მიდგომა 1: 200 000  რუკებთან ასეთია: ვარგისია თუ არა კარტოგრაფიულად, ეს უნდა დაადგინოს ექსპერტმა. როგორ უნდა დაადგინოს? რუკას აქვს დასაშვები ცდომილების ზღვარი, ეს არის 0,2 მილიმეტრი, რაც არის 40 მეტრი.

ლიტერატურაც, რაც მოვიძიეთ და დართული გვაქვს საქმეზე მტკიცებულებად, ჩვენს პოზიციას სრულად ამყარებს. მათ შორის არის 1936 წელს დაბეჭდილი ძალიან საინტერესო  ნაშრომი, რომლის ავტორიც ბატონი კირიოკოვია. ნაშრომი არის კრიტიკა, რატომ არ არის სანდო 1:200 000-იანი მასშტაბის ამ ტიპის რუკის გამოყენება. ის ამბობს, რომ ძალიან მაღალი ცდომილება აქვს ამ პროექციის რუკებს და ამის ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ აღარ გამოდიოდა მიუფლინგის პორექციით იმავე მასშტაბის რუკები. ის იძლევა რეკომენდაციას, უარი ითქვას მიუფლინგის პროექციაზე და სამომავლოდ გაუს-კრიუგერის პროექციით მოხდეს რუკების შედგენა. ამიტომ, როდესაც ბატონი ხორბალაძე ამბობს, რომ ეს უზუსტესი რუკებია, დარწმუნებული ვარ მას წაკითხული აქვს ეს სტატია და უბრალოდ ცრუობს.

იქნებ სტატიის რუსი ავტორი იმიტომ ამბობს ამას, რომ რუსეთს აწყობდა ასე? ეს კომისია ხომ მხოლოდ აზერბაიჯანთან არ ადგენდა საზღვრებს, მას რუსეთთანაც უნდა დაედგინა საზღვრის ხაზი და სულაც არ აწყობდა რუსეთს რუკა საქართველოს სასარგებლოდ?

გიორგი მშვენიერაძე: მგონი სწორად ვერ გამიგეთ. საუბარია 1936 წელს დაწერილ ნაშრომზე და ამ პერიოდში რუსეთთან საზღვრის შესათანხმებლად ეს საკითხი აქტუალური ვერ იქნებოდა.

აიპრესი: ეს სტატია რომელ წელსაა დაწერილი და სად გამოქვეყნდა? რატომ ფიქრობთ, რომ ეს ასეთი დიდი მნიშვნელობისაა? საქართველოსთვის, თორემ რუსეთს ეს პოზიცია იქნებ ძალიანაც აწყობდა

გიორგი მშვენიერაძე: კირიაკოვის ნაშრომი 1936 წლს გამოცემული, სახელმწიფო გაერთიანება სამეცნიერო ტექნიკური გამომცემლობას ნოვოსიბირსკი-მოსკოვი-ლენინგრადი-გროზნო ერქვა. ნაშრომში ახსნილია დეტალურად, რომ მიუფლინგის პროექციით შედგენილ ამ მასშტაბის რუკებზე, ცდომილება დასაშვებზე 4-6-ჯერ და ზოგჯერ უფრო მეტჯერაც დიდია.

კიდევ ერთი ნაშრომი გვაქვს წარდგენილი სასამართლოზე, თანამედროვე  ავტორის და იქ უკვე  ახსნილია, რომ  ცდომილებები მსგავს რუკებზე დასაშვებზე 8-ჯერ და ზოგიერთ შემთხვევაში 10-ჯერ დიდია.

აიპრესი: შეიძლება ძალიან დილეტანტურად ვსვამ კითხვას, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო: ვთქვათ არის რაღაც ცდომილებები 1:200 000-იან რუკაში, მაგრამ მე, კომისიის  წევრს, მაქვს ეს რუკა. ასევე იდენტური გერმანული და ამერიკული რუკები, ასევე ვიცი, რომ დავით გარეჯს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია აქვს მინიჭებული, არ უნდა მქონდეს ამ რუკის გამოყენების მცდელობა მაინც მოლაპარაკების მაგიდასთან? ხომ შეიძლებოდა, გვესინჯა მაინც?

გიორგი მშვენიერაძე: დავიწყოთ იმით, რომ გარეჯის მონაკვეთი დღემდე შეუთანხმებელია და ხელისუფლებას შეუძლია ახლაც სცადოს ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უშედეგო იქნება. ასევე მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რა მონაკვეთშია ჩვენთვის სასარგებლო ეს რუკები?

გარეჯის მონაკვეთზე თუ ვსაუბრობთ, 1996 წელს, როდესაც ამ რუკების არსებობა საერთოდ არ ვიცოდით, გარეჯზე ჩვენი პოზიცია იყო, რომ ბერთუბანიც გვინდოდა საქართველოს შემადგენლობაში. ანუ ამ რუკით თუკი მიდიხარ და ამბობ მე პრეტენზია იმ ტერიტორიაზე, რაც მასზე დაბეჭდილი საზღვრის ხაზით ჩემიაო, მაშინ ბერთუბანი უნდა დაივიწყო. მაშინ შენ იწყებ ბრძოლას, რომ თხემის ქვეშ გაატარო საზღვარი, ჩვენ (ქართული მხარე) კი ბოლომდე ვლაპარაკობდით, რომ ბერთუბანიც უნდა მოგვცეთ, თორემ ისე არ შევათანხმებთ საზღვარს.

ანუ ეს სტრატეგიის ნაწილია, როგორ იწყებ შენ მოლაპარაკებას. ეს ერთი. მეორე – შენ თუკი 1938 წლის ქვევით ჩამოდიხარ, ის გეუბნება, რომ  1929 წლის ხაზი მაქვს მაშინ, თუ ჩავდივართ 1938-ის ქვემოთ, მაშინ 1929 წლის ხაზიც შევათანხმოთ, და 1929 წლის ხაზით გარეჯთან კარგად გვაქვს საქმე მაგრამ  სხვა ადგილებში გვაქვს ცუდად საქმე, რაც 1938 წელს დავიბრუნეთ, იმას ვკარგავთ, მაგალითად, ასევე ვკარგავთ წითელ ხიდთან არსებულ რამდენიმე ასეულ ჰექტარს და თავად წითელ ხიდსაც.

ამას სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ. თუ ქართული მხარე გადიხარ 1938 წლის შეთანხმებიდან (რადგან 1:200 000 რუკა 1937 წლისაა), მაშინ აზერბაიჯანსაც აძლევ საშუალებას, უარი თქვას საზღვრის 1938 წლის ხაზით შეთანხმებაზე, რომელ ხაზზეც უკვე დათანხმებული გყავს და აქამდე არ აძლევდი საშუალებას, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ გასულიყო.  ეს რისკი დგას, ეს პოლიტიკური რისკია მათ შორის, და უნდა გადაწყიტო – შენ გაწყობს თუ არა სტრატეგიულად 1938 წლის ხაზიდან გახვიდე, თან იმის ხარჯზე, რომ წინსაწარ იცი, რომ ეს რუკა უვარგისია და მერე ისევ 1938 წლის ხაზთან დაბრუნებას ვეღარ მოითხოვ. ამ 1:200 000 რუკაზე შეუძლია მარტივად გვითხრას, უბრალოდ არ გამოვიყენებო, როგორც  ეს უკვე გვითხრა 2019 წელს.

აიპრესი:  2019 წელს, ცხადია გვეტყოდა, მიზეზი ის ჰქონდათ, თუკი ამდენი ხანი იცოდით ამ რუკის შესახებ, აქამდე სად იყავითო

რა მნიშვნელობა აქვს? ვთქვათ ახლა აღმოვაჩინეთ. მაგრამ რა შეუძლია იცით?  თუ მისთვის საკმარისი არგუმენტი არ ერთვის თან, უბრალოდ არ გამოიყენებს. აი, როგორც ჩვენ არ ვთანხმდებოდით ბერთუბნის გარეშე გარეჯის მონაკვეთის შეთანხმებას – არ გვინდა და არ ვათანხმებთ. სწორედ ამას ამბობს მალხაზ მიქელაძეც იმ ჩანაწერში.

აიპრესი: საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და დემარკაციის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი დაახლოებით 11 საათის განმავლობაში იკითხებოდა.  ფარულ ჩანაწერში ჩანს, რომ ივერი მელაშვილი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ 2006 წელს გოგი მანჯგალაძეს ხელი მოეწრა შეთანხმებაზე, რა მიზეზით იყო წინააღმდეგი ივერი მელაშვილი?

 გიორგი მშვენიერაძე: თავიდანვე,  როდესაც დაიწყო დელიმიტაციის პროცესი, ალბომები გაკეთდა, დაიყო საზღვარი დაიყო 23 მონაკვეთად. ამ 23 მონაკვეთიდან  ვათანხმებდით თითო-თითოს. 1996-97 წლებში საზღვრის 50 %-ი შეთანხმდა, მაგრამ მერე გაიჭედა პროცესი. რადგან დანარჩენ მონაკვეთებში გარკვეულ ნაწილებზე იყო შეუთანხმებლობა. მაშინ ითქვა, რომ ეს მონაკვეთები ხომ არ დაგვეშალა ქვემონაკვეთებად და სადაც შეთანხმება მიღწევადი იყო, ისინი შეგვეთანხმებინა, ხოლო რაზეც ვერ ვთანხმებოდით, დროებით შეუთანხმებელი დაგვეტოვებინა.

ამიტომ, 2005-2007 წლებში მიღწეული შეთანხმებები არის ქვემონაკვეთებად დაშლილი მონაკვეთების ნაწილების შეთანხმებები.

გოგი მანჯგალაძეს  შიდა სამუშაო შეხვედრაზე ექსპერტისითვის უკითხავს: თუ აზერბაიჯანელები რუკებით მართლები არიან, და მართლა ასეა,  რატომ არ ვათანხმებთ მეექვსე მონაკვეთს (რაც მოიცავს გარეჯის ქედის სამხრეთ კალთასაც) ერთიანად? თუ ამ ტერიტორიის მხოლოდ მოცვლას ვითხოვთ, ხომ შეგვიძლია შევათანხმოთ და მერე მოვცვალოთო?

ივერიმ უპასუხა, რომ ეს გამორიცხული იყო. ჩვენ თუკი ამას  შევათანხმებთ და მერე მოცვლაზე აღარ წამოვა აზერბაიჯანის მხარე, მაშინ მდგომარეობის აღსადგენად დეზავიურების გაკეთება მოგვიწევს და სჯობს ასე არ ვქნათო.

ამის შემდეგ, აზერბაიჯანის მხარე გვეუბნება, გავიგეთ  რომ თქვენ გაინტერესებთ პირობითად ბერთუბანი,  ჩიჩხიტურის კოშკის ქვეშ არსებული კელიები და უდაბნო, მაგრამ იმ ტერიტორიას რატომ მთხოვთ, რომელიც ამ ნაწილებს სცდებაო? მაშინ ქართულმა მხარე დათანხმდა ისეთ შეთანხმებას, რომელიც ძალაში დატოვებდა გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ყველა ძეგლის საქართველოს საზღვრებში მოქცევის შესაძლებლობას და საზღვარი ისე შეათანხმა, რომ ჩიჩხიტურამდე 100 მეტრით ჩრდილო დასავლეთით შეჩერდა და გაგრძელდა მთა უდაბნოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. ასეთი შეთანხმება პოლიტიკური ნების პირობებში შესაძლებელს ხდიდა ჩასასვლელი გზის მოწყობას ბერთუბნამდეც. აი ეს იყო (მონაკვეთის სრულად შეთანხმება), რასაც ივერი არსწორად მიიჩნევდა და ამიტომაც ქართულმა მხარემ სხვა ტიპის გადაწყვეტილება მიიღო.

რომელ წელს ხდება ეს ამბები?

2006 წელს, აგვისტოში.

გიორგი მშვენიერაძე: საარჩევნო და პოლიტიკურ სიტუაციას სჭირდებოდა მსხვერპლთშეწირვა და ეს მსხვერპლი აღმოჩნდა ივერი და ნატალია…

 აიპრესი: საზოგადოების გარკვეული ნაწილი და მათ შორის თქვენც  მიიჩნევთ, რომ ამას აქვს პოლიტიკური სარჩული და ხელისუფლებას ამ თემის წამოწევა სჭირდებოდა წინასაარჩევნოდ. რა არგუმენტებზე დაყრდნობით აცხადებთ ამას?

გიორგი მშვენიერაძე: ამ თემაზე საუბარი ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. ეს თემა ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია და ამავდროულად ამ თემასთან დაკავშირებით არის ინფორმაციული ვაკუუმი.

საზოგადოებამ ცხადად ისიც კი ვერ გაიგო, ზუსტად რაზე ვსაუბრობთ. არ იცის, რომ ივერი მელაშვილს ბრალი წარდგენილი არ აქვს გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით, რადგან ამ მონაკვეთზე არაფერია შეთანხმებული. არ იცის, რომ თავად გარეჯის სამონასტრო კომპლექსი შეიცავს ძალიან ბევრ კომპლექსს. რაც ყველაზე მთავარია,  საზოგადოებას  ეს თემა ძალიან აწუხებს, იმიტომ რომ მას არ  უნდა  რამე  წაართვან,  და ეს ბუნებრივია.

ის დოკუმენტები, რაც საქმეშია, ვინმეს რომ არ ქონდეს ნანახი, შეიძლება თქვს რომ წინა ხელისუფლებამ გააფუჭა საქმე… იმიტომ რომ ამაში გვარწმუნებს სახელისუფლებო პროპაგანდა. მაგრამ, თუ საქმის მასალებს კარგად გავეცნობით ცხადია, რომ შევარდნაძის ხელისუფლებაც, სააკაშვილის ხელისუფლებაც და ეს ხელისუფლებაც, ყველა იბრძოდა გარეჯის კომპლექსში შემავალი ძეგლების დასაბრუნებლად.

აქ არის ოქმები, მაგალითად 2005 წლის დეკემბრის, სადაც  ალიევი გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრაზე ამბობს, იმიტომ ვერ დაგითმობთ შეუთანხმებელ მონაკვეთებს, რომ იქ ჩასული ვიყავი, ვნახე და სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისო.

ამ ყველაფრის შემდეგ, სააკაშვილი ხვდება ალიევს და შეხვედრაზე, იმავე არგუმენტის გამოსაცლელად ეუბნება, რომ თუ  სამხედრო თვალსაზრისით თქვენთვის მნიშვნელოვანია სიმაღლეები, გარდა გარეჯის კომპლექსში შემავალი ძეგლებისა, სხვა სიმაღლეებს დაგითმობთ ამ მონაკვეთზე,  მაგრამ გარეჯი მომეციო. ალიევს პასუხი აღარ ჰქონდა და დათანხმდა, მაგრამ მალევე მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შეთანხმება გადათქვა. ადგილობრივ პრესაში ცუდი გამოხმაურება მოყვა და ვერ ვიზამთო.

ცხადია, თავად ნატალია და ივერი პოლიტიკური მოთამაშეები არ არიან, ისინი ჩვეულებრივი რიგითი სპეციალისტები იყვნენ.  არც გმირები ვართ და არც მოღალატეებიო იძახიან, ერთგულად და პატიოსნად ვაკეთებდით იმ საქმეს, რაც გვევალებოდაო.

უბრალოდ, საარჩევნო და პოლიტიკურ სიტუაციას სჭირდებოდა მსხვერპლთშეწირვა და ეს მსხვერპლი აღმოჩნდა ივერი და ნატალია. მსხვერპლი სჭირდებოდათ, რათა უფრო თამამად ეთქვათ, აი, “ქართული ოცნება“ იბრძვის გარეჯის დასაბრუნებლად და ქართული მიწის გამყიდველებს სჯის. ეთქვათ, ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ მთავარ დამნაშავეებზე მალე გავალთ და ეს დამნაშავე წინა ხელისუფლებაა. ამით კვებავდა საკუთარ ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება, ასე მუშაობდა სამთავრობო პროპაგანდა. ამიტომ არიან ნატალია და ილიჩოვა პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლები.

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...