ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ტყის ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში არმიაც ჩართო

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ ამაზონში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქვეყნის არმიაც ჩართო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ბოლსონარო ასევე ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინადადებას დათანხმდა, რომელიც ბრაზილიას ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაციით დაეხმარება. ამ დროისთვის ბრაზილიაში სამხედრო თვითმფრინავები ხანძრის ლოკალიზებას წყლით ცდილობენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.

INPE-ს კოსმოსური კვლევითი სააგენტოს მონაცემებით, 24 აგვისტოსთვის ბრაზილიაში ხანძრის დაახლოებით 80,000 კერა დაფიქსირდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ადრე, ბრაზილიის რამდენიმე შტატმა ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო დახმარება ითხოვა.

ხანძრის გამო მთელს მსოფლიოში შეშფოთება გამოთქვეს. „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი თემა ასევე ამაზონის ტყის ხანძარი იყო. მსოფლიო ლიდერები სამიტზე შეთანხმდნენ, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს დაეხმარებიან.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ამაზონის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის და ბრაზილიის დახმარების სურვილი გამოთქვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად