“ბორდის დაბალ ღობედ განხილვა მიუღებელია” – ინტერვიუ ბონდო მძინარაშვილთან

2020 წელი მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევების წელია. ურთულესი მდგომარეობაა საქართველოშიც როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ამას ემატება პოლიტიკური კრიზისიც. ამ ფონზე და იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობა ქამრების შემოჭერაზე საუბრობს, ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ.

ბორდმა წლის ბოლოს გადაწყვიტა ბიუჯეტიდან 50 000 ლარი არც მეტ არც ნაკლები, საკუთარი, ისედაც მაღალი ანაზღაურებისთვის დაემატებინა, თუმცა როგორც ამბობენ, ეს არა საკუთარი ჯიბეების “გასასქელებლად” კეთდება, არამედ კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე იხელმძღვანელეს და მათ ანგარიშებზე დარიცხული თანხები ქველმოქმედებისკენ მიემართება. 

ბორდის ამ გადაწყვეტილებას 9 წევრიდან მხარი შვიდმა დაუჭირა. ერთ-ერთი ვინც ამას ემხრობოდა ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილია, რომელიც “აიპრესთან” ინტერვიუში საუბრობს იმაზე თუ რა მოტივაციით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას.

_ რითი იხელმძღვანელეთ გადაწყვეტილების მიღებისას და პირადად თქვენ ეთანხმებოდით თუ არა მას?

_ მე დავეთანხმე ამ გადაწყვეტილებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე როდესაც გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი, მისი ნახვის შესაძლებლობა ყველას ექნება. ზოგადად მიმაჩნია, რომ ჩვენ კანონის ფარგლებში უნდა ჩავჯდეთ. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ სამეურვეო საბჭო ყოველი წლის დეკემბერში ამტკიცებს ბიუჯეტს და კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

_ თუმცა, 2020 წელი არაორდინალური წელია.

_ მინდა, რომ ფართოდ დაინახოთ სურათი და არა ერთი – 50 000 ლარის ფარგლებში. მე საბჭოს სხდომაზე ვრცელი განმარტება გავაკეთე და მას ესწრებოდნენ მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლებიც. ფინანსური სამსახური ბიუჯეტს ამზადებს, რომელსაც სამეურვეო საბჭო, ანუ ჩვენ ვამტკიცებთ, სადაც პირდაპირ არის გაწერილი საჰონორარო ანაზღაურების მოცულობა, რომელიც გამომდინარებს არა ვინმეს სურვილიდან, არამედ ამას განსაზღვრავს კანონი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მშპ-ს 0,14%-ია. შესაბამისად, იმავე კანონით მაუწყებელი კი არ წყვეტს, რა ანაზღაურება უნდა ჰქონდეს ბორდის აპარატს, არამედ კანონში პირდაპირ წერია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში გადმორიცხული თანხიდან 1.5% ბორდის საქმიანობას უნდა მოხმარდეს და მას ვერ ეხება მენეჯმენტი, იმიტომ რომ ბორდი დამოკიდებული არ იყოს მენეჯმენტის კეთილგანწყობაზე. ეს საკანონმდებლო ჩანაწერი, მაუწყებლის ბიუჯეტის მშპ-ს მიხედვით განსაზღვრა და ბორდის ბიუჯეტის მაუწყებლის 1,5% სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეალურად შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და პარლამენტის, კონკრეტული მმართველი პარტიის კეთილგანწყობაზე არ იყოს დამოკიდებული, რამაც შესაძლოა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი შემოიტანოს მაუწყებელში, ხოლო ბორდის საქმიანობის დამოუკიდებლობას, როგორც პოლიტიკური გავლენებისგან, ასევე მენეჯმენტზე დამოკიდებულების საფრთხის აცილებას სწორედ ამ 1,5%-ის ხელშეუხებლობაც განაპირობებს.

ამჯერად კი თანხები იმიტომ  მორჩა, რომ სადღაც 38 000 ლარამდე იყო ბორდის იმ სამი წევრის სამი თვის ანაზღაურება, რომლებიც პანდემიის გამო პარლამენტმა აპრილში ვერ აირჩია. 1 ივლისს აგვირჩია ჩვენ – სამეული, და პარლამენტის გადაწყვეტილებამდე ამ თანხას ვერავინ ვერ იღებდა. საბოლოოდ კი ჰონორარისთვის განსაზღვრული და დაზოგილი თანხის მოცულობამ 132 000 ლარს მიაღწია. ეს თანხა იმიტომ მორჩა, რომ ბორდმა 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს კანონით განსაზღვრული საჰონორარო ნაწილი თვეების მიხედვით არ გადაანაწილა ბორდის წევრებზე. მაგალითად, თქვენი ანაზღაურება თქვენმა დირექტორმა რომ განსაზღვროს 1 წლით 10 000 ლარის ოდენობით, მაგრამ ყოველთვიურად იღებდეთ 700 ლარს, წლის დამლევს თქვენი ყოველთვიური ანაზღაურების ჯამი იქნება არა 10 ათასი, არამედ 8400. ასეა ჩვენთანაც. კანონით განსაზღვრულ თანხაზე ნაკლებს იღებენ ბორდის წევრები და ამიტომ რჩება ეს თანხა. ბორდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან კი არ წამოიღო ეს თანხა, არამედ საჰონარორო ნაწილიდან მორჩენილი თანხა გაანაწილა. ამ თანხიდან 82 000 ლარი დავუბრუნეთ მაუწყებელს დაწყებული პროექტების დასამთავრებლად ან ახალი პროექტების დასაწყებად, დარჩენილი 50 000 ლარი კი გადავანაწილეთ ბორდის წევრებზე და მათ იქვე გააკეთეს განცხადება, რომ რაც ჩაირიცხება ბორდის წევრების ანგარიშზე, სრულად მომხმარდება ქველმოქმედებას, მათ შორის, მაუწყებლის თანამშრომლების სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას და გამოჯანმრთელებას.

_ მაშინ რა საჭირო იყო ანგარიშებზე ჩარიცხვა? თავიდანვე ეს თანხა მიგემართათ სოციალური პროექტებისკენ.

_ სწორი შეკითხვაა და კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით, რადგან განმარტების საშუალება მეძლევა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლება აქვს განკარგოს მხოლოდ ეს თანხა. მაუწყებლობის შესახებ კანონში წერია, რომ ეს არაუმეტეს 1%-სა უნდა იყოს. ბორდს 1.5% რომ ეძლევა მაუწყებლის ბიუჯეტიდან იქიდან მაქსიმუმ 1% შეუძლია გასცეს ჰონორარად.

როდესაც თქვენ მეკითხებით, რატომ არ გადავრიცხეთ ეს თანხა კონკრეტულად კოვიდ ფონდში, ან რომელიმე თანამშრომლის დასახმარებლად, ჩვენი ამის უფლება არ გვქონდა. ერთადერთი საშუალება გვქონდა, რომ ეს თანხა ბორდის წევრებზე თანაბრად გაგვენაწილებინა და მერე ეს თანხა მიგვემართა მაუწყებლის თანამშრომლების ჯანმრთელობის და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. წმინდა სამართლებრივად მხოლოდ ეს მექანიზმი არსებობს.

_ გაქვთ სია, ვის დასახამრებლადაც მიემართება?

_ არცერთი თეთრი არ წავა მაუწყებლის ბორდის წევრების ჯიბეებში. ჩვენ გვაქვს ჩვენი თანამშრომლების გარკვეული სია და როგორც კი ანგარიშზე დაჯდება ეს თანხა, მაშინვე მიემართება მათ დასახმარებლად საბანკო გადარიცხვების გზით და ინვოისები ჩვეულებრივად გამოქვეყნდება. მე გამოვაქვეყნებ სოციალურ ქსელში.

_ ანუ, ვისაც უნდა დაეხმაროთ, ეს სია უკვე არსებობს?

_ რა თქმა უნდა. აბა, თქვენ ფიქრობთ, რომ ქუჩაში უნდა ჩამოვურიგოთ ხალხს?! – არა. კონკრეტულ ადამიანებს ხელზე კი არ მივცემთ, არამედ გადავურიცხავთ. მაუწყებლის ყველა თანამშრომელს აქვს საბანკო ანგარიში, სადაც ხელფასი ერიცხებათ და ჩვენც იქ ჩავურიცხავთ. მე ვთქვი სამუშაო ფორმატში, რომ ერთ კონკრეტულ თანამშრომელს, რომელსაც სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა და ძვირადღირებული მედიკამენტები, მის ანგარიშზე გადავრიცხავ ჩემთვის ჩარიცხულ თანხას. მე მექნება, როგორც ჩემთან ჩარიცხვის, ასევე ჩემგან გადარიცხვის საბანკო დოკუმენტი, რომელსაც ამოვიღებ ინტერნეტბანკიდან და გამოვაქვეყნებ.

ეს ვითარება გამოიწვია ბიუჯეტის დამტკიცების დროს დაშვებულმა შეცდომამ და ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს, რომ მერე არ აღმოვჩნდეთ ამ უხერხულობაში. პირობითად, ბორდის 9 წევრზე თუ განსაზღვრულია ყოველთვიურად 1 000 ლარი, ეს თანხა უნდა განაწილდეს მაუწყებლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს და არა 800 ლარი, რომ მერე წლის ბოლოს ვიფიქროთ, სად წავიღოთ 200 ლარი. ეს კანონით არის განსაზღვრული.

სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს საკითხები ან სირღმისეულად არ ესმით, ანდა სპეკულაციისთვის იყენებენ და მიზანმიმართულად აკნინებენ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას – საზოგადოებრივ მაუწყებელს, რაც დიდი საფრთხეა ქართული დემოკრატიისთვის. მინდა მივმართო ყველას, რომ ნუ ცდილობთ ბორდის დისკრედიტაციას!

_ ვინ ცდილობს ბორდის დისკრედიტაციას?

_ ყველა, ვისაც არ ეზარება და ვინც ჩასაფრებულია, რატომ იღებენ ანაზღაურებასო. რატომ აკეთებენ ამას და იმასო. თავში წამორტყმას ცდილობენ. საბჭოს სხდომაზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: სამეურვეო საბჭო არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქუდი, რომ როდესაც დაცხება, მოიხადონ და როცა აცივდება, დაიხურონ. ეს არის ინსტიტუცია, რომელიც შეიქმნა საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის საქმიანონას, უფლებებს და მოვალეობებს განსაზღვრავს მაუწყებლობის შესახებ კანონი. ბორდი სერიოზული ინსტიტუციაა და მისი  დაბალ ღობედ განხილვა მიუღებლად მიმაჩნია. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ.

_ ბორდის ფუნქცია კვლევების ჩატარებაც თუ არის და თუ ატარებთ?

_ ჩვენი მოვალეობაა პრიორიტეტების განსაზღვრა და მის შესრულებაზე თვალყურის მიდევნება. ჩვენ არ ვერევით  არც კონკრეტული გადაცემის მომზადებაში და არც ჟურნალისტების საქმიანობაში. ეს მიუღებელია. მაგრამ ჩვენი საქმეა მაუწყებლის პრიორიტეტები, მიუკერძოებლობა და ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი, რადგან მაუწყებლის ბიუჯეტსაც ბორდი ამტკიცებს და მენეჯმენტი ბიუჯეტის 1%-ზე მეტ თანხაზე ტენდერს უჩვენოდა ვერ გამოაცხადებს. კანონის მოთხოვნაა ესეც. რასაკვირველია, მაუწყებლის თანამშრომლებთან ხელშეკრულებას გენერალური დირექტორი აფორმებს და ხელშეკრულების პირობებიც მაშინ განისაზღვრება, მაგრამ ამ გენერალურ დირექტორსაც ბორდი ირჩევს.

რაც შეეხება კვლევებს, წლეულს დავაკვირდით, რამდენად მიუკერძოებლად გააშუქა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საპარლამენტო არჩევნები, რაც ბორდს აქამდე არასოდეს არ გაუკეთებია. წინასაარჩევნო პერიოდზე დასკვნა გამოვაქვეყნეთ. არჩევნების დღესთან დაკავშირებით, პოსტსაარჩევნო პერიოდზეც მომზადებულია – როგორი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა და ა. შ.

_ რა დასკვნა დადეთ?

_ დასკვნა არის ის, რომ მაუწყებელი მიუკერძოებლად აშუქებდა ამ პროცესებს. ეს სამუშაო დოკუმენტი გვაქვს ჩვენ და მივიღებთ დასკვნით დოკუმენტსაც. შუალედური დასკვნის მიხედვით, რაც უკვე გამოქვეყნდა, ჩანს, რომ მართლა მიუკერძოებელია. არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით, თუ ვინმეს პრეტენზია აქვს მაუწყებელთან, თქვას, როდის და რომელ გადაცემაში დაირღვა ბალანსი, სად არ იყო მიუკერძოებელი მაუწყებელი.

ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ვუყურებთ გადაცემებს და ვაკვირდებით პროცესებს. ისე არ გამოვიდეს, რომ ბორდმა ქვეყანა დაანგრია. ვიმეორებ, ჩვენ ბიუჯეტის ხარჯზე კი არ მოვინდომეთ ქველმოქმედება, არამედ კანონის მიხედვით, ბიუჯეტში განსაზღვრული იყო ჰონორარის მოცულობა და იქიდან გადავწყვიტეთ მაუწყებლის თანამშრომლების დახმარება. საჰონორარო ნაწილის დარჩენილი თანხა გადავანაწილეთ – 82 000 ლარი დავაბრუნეთ მაუწყებლის ბიუჯეტში, ხოლო 50 000 ლარი მაუწყებლის თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტებისთვის განვსაზღვრეთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად