“ბოქსირებულში შედიხარ ცალკე შესასვლელიდან და გკეტავენ” – ნიკოლოზ გამყრელიძე მკურნალობის პერიოდს იხსენებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის შვილმა ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა “რეაქციაში” გაიხსენა პერიოდი, როდესაც მას კორონავირუსი დაუდგინდა და ბოქსირებულ განყოფილებაში შეიყვანეს

“შედიხარ ბოქსირებულ პალატაში ცალკე შესასვლელიდან. იმიტომ, რომ ყველა შესასვლელიდან ვერ შეხვალ, იმიტომ რომ გადამდები ხარ. ყველა ბოქსირებულ პალატას აქვს ინდივიდუალური შესასვლელი გარედან. შედიხარ და გკეტავენ და ვერსად ვეღარ მიდიხარ. პატარა პალატაა, შუშიდან გესაუბრებიან და მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობით შეუძლია სამედიცინო პერსონალს შემოსვლა.

რაც არ არის სასიამოვნო გრძნობაა და აქ ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ არ იცი რა დაავადებაა და რამდენი ხანი სჭირდება განკურნებას, ასევე იცი რომ არ არსებობს სამკურნალო წამალი. ყველა სიმპტომი მქონდა, ეს იყო ხველა, სიცხე და შემდგომში დამიდასტურდა პნევმონია ერთ ფილტვზე, მაგრამ ცუდად არ ვგრძნობდი თავს, ჟანგბადი არ დამჭირვებია და ა. შ. მაგრამ მაინც რთულია. უბრალოდ, ბევრი სამუშაო მქონდა იმ პერიოდში და ამით ვირთობდი თავს”, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

გამრელიძე იმასაც იხსენებს, როდესაც ვირუსი გადაედო.

“როდესაც ჩამოვიდა, ვიცოდით რომ რისკ ზონიდან იყო, ამიტომ ხვევნა და ხელის ჩამორთმევის პროცესი არ გვქონია. ვიჯექით ერთმანეთის პირისპირ დაახლოებით 1.5 მეტრის დისტანციის დაცვით. მერე ვინც ვიყავით იქ ვიხსენებდით, რომ არც დაუხველებია, არც დაუცემინებია… მეორე დღეს მისული ვიყავი ოთახში და ვმუშაობდი, იმ ადგილას ვიჯექი, სადაც ის იჯდა. ვვარაუდობ, რომ შესაძლოა მაგიდის ზედაპირიდანაც გადამედო. მაშინ კიდევ ვერ გავთვალეთ რაღაცები, არ იყო ჯერ საკმარისად გავრცელებული, თორემ შეგვეძლო დისტანციურად ჩაგვეტარებინა შეხვედრა. იმ ოთახში 5 ადამიანი ვიყავით და მარტო მე გადამედო, საერთოდ კი ჩვენი კლასტერიდან 19 ადამიანი დავინფიცირდით”, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად