ბონდო მძინარაშვილი: არსებობს სია, ვისაც დავეხმარებით, მეურვეების ჯიბეებში არცერთი თეთრი არ წავა!

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ წლის ბოლოს მორჩენილი ბიუჯეტიდან ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში დატოვა, ხოლო ნაწილი – 50 000 ლარი მეურვეების ჰონორარებზე გადაანაწილა.

ბორდში ამბობენ, რომ აღებულ ჰონორარს ქველმოქმედებისთვის გამოიყენებენ. 

არსებობს თუ არა კონკრეტული სია, ვისაც დაეხმარებიან და როგორ მოხდება ამის საჯაროობა? – ამ საკითხებთან დაკავშირებით “აიპრესთან” ინტერვიუში ბორდის წევრმა ბონდო მძინარაშვილმა ისაუბრა. მასთან სრულ ინტერვიუს მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. იქამდე კი გთავაზობთ მცირე მონაკვეთს:

ბონდო მძინარაშვილი: როდესაც თქვენ მეკითხებით, რატომ არ გაუშვით ეს თანხა კონკრეტულად კოვიდ ფონდში, ან რომელიმე თანამშრომლის დახმარებაზეო, ამაზე გიპასუხებთ, რომ კანონიდან გამომდინარ ჩვენი ამის უფლება არ გვქონდა. ერთადერთი საშუალება გვქონდა, რომ ეს თანხა ბორდის წევრებზე თანაბრად გაგვენაწილებინა და მერე ეს თანხა მიგვემართა მაუწყებლის თანამშრომლების ჯანმრთელობის და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. წმინდა სამართლებრივად მხოლოდ ეს მექანიზმი არსებობდა.

_ გაქვთ სია, ვის დასახამარებლადაც მიემართება?

_ არცერთი თეთრი არ წავა მაუწყებლის ბორდის წევრების ჯიბეებში. ჩვენ გვაქვს ჩვენი თანამშრომლების გარკვეული სია და როგორც კი დაჯდება ეს თანხა, მაშინვე მიემართება მათ დასახმარებლად. მოხდება საბანკო გადარიცხვები და ინვოისები ჩვეულებრივად გამოქვეყნდება. მე გამოვაქვეყნებ სოციალურ ქსელში.

_ ანუ, ვისაც უნდა დაეხმაროთ, ეს სია უკვე არსებობს?

_ რა თქმა უნდა. აბა თქვენ ფიქრობთ, რომ ქუჩაში უნდა ჩამოვურიგოთ ხალხს? – არა. კონკრეტულ ადამიანებს ხელზე კი არ მიეცემა, არამედ გადარიცხვებით მოხდება ეს. მე ვთქვი სამუშაო ფორმატში, რომ ერთ კონკრეტულ თანამშრომელს, რომელსაც სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა და ძვირადღირებული მედიკამენტები, მის ანგარიშზე ჩაირიცხება ჩემთვის გადმორიცხული თანხა. მე მექნება, როგორც ჩემთან ჩარიცხვის, ასევე ჩემგან გადარიცხვის საბანკო დოკუმენტი, რომელსაც ამოვიღებ ინტერნეტბანკინგიდან და გამოვაქვეყნებ სურათს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად