ბოლო ტურების საფეხბურთო არითმეტიკა: “ბათუმი” საჩემპიონო რბოლაში დაბრუნდა

 “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1“-ის ბოლოსწინა, მე-17 ტური გამორჩეულად უხვგოლიანთან ერთად, მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა. თითქოს უკვე გარკვეული ჩემპიონის ტიტულის ბედი ისევ ბურუსში გაეხვია. ყველაფერში დამნაშავე აბსოლუტურად უმოტივაციოდ მყოფი საჩხერის „ჩიხურაა“, რომელმაც უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აართვა ტიტულის დაცვის გზაზე რიხით შემდგარ „დინამო“ თბილისს  და ვითარება კიდევ ერთხელ დაძაბა.

დასკვნითი ორი ტურის შედეგისგან დამოუკიდებლად, „ჩიხურა“ სატურნირო ცხრილში თავის უკვე არსებულ მე-9 პოზიციას ვერც გაიუმჯობესებდა და ვერც გაიუარესებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, საჩხერული გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის გადათამაშებაში იბრძოლებს და ამისათვის ლიგა 2-ის მეორეადგილოსანთან მოუწევს დაპირისპირება. აი თბილისის „დინამოს“ კი ერთი შეხედვით ზემოტივაცია უნდა ჰქონოდა, რათა დამაჯერებელი თამაშით მთავარი ნაბიჯი გადაედგა ჩემპიონის ტიტულის დაცვისკენ. მათთვის სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და, როგორც ჩანს, დინამოელებმა მოედანზე გასვლამდე საქმე მოთავებულად ჩათვალეს. ყველასათვის მოულოდნელად, საჩხერელთაგან ესპანელი სპეციალისტის, ჩისკოს დამოძღვრილი გუნდი უდიდეს წინააღმდეგობას გადააწყდა. „ჩიხურა“ ისე იბრძოდა, თითქოს ამ თამაშის მოგების შემთხვევაში ჩემპიონი ხდებოდა და ასეთმა შემართებამ პრაქტიკული თვალსაზრისით უსარგებლო, მაგრამ ძალზე ღირსეული 3 ქულა მოუტანა.

შეხვედრა 2:0 დასრულდა და მასპინძლებმა ორივე ტაიმში აჯობეს სახელოვან მეტოქეს. ჯერ-მე-17 წუთზე თავი გამოიჩინა კახაბრიშვილმა, რომელმაც ჩამოწოდებულს ჰაერიდან ფეხი დაუხვედრა და ულამაზესი გოლი გაიტანა. 85-ე წუთზე კი კონტრშეტევის შემდეგ ლუკა კაკაბაძემ გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურის წინ მე-2 პოზიციაზე მყოფი ბათუმის „დინამო“ ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩებოდა და პრაქტიკულად გადაწურული ჰქონდა ჩემპიონობის იმედი, თუმცა, კონკურენტის მარცხმა ზღვისპირელებს სტიმული მისცა და გეგუჩაძის გუნდმა, ვერ ვიტყოდი, რომ დამაჯერებლად, მაგრამ „სამტრედიასთან“ მატჩში დაგეგმილი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ამით „ბათუმმა“ ქულების დეფიციტი ორამდე დაიყვანა. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ერთ, ისე მეორე „დინამოს“ ბოლო ტურის მატჩის გარდა  თითო გამოტოვებული თამაშიც აქვთ, ამ დეფიციტის აღმოფხვრა სავსებით რეალურია. მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა უეფას ზონის საგზურის განმსაზღვრელი მესამე ადგილისთვის.  „დილამ“ ექსჩემპიონ „საბურთალოს“ უმასპინძლა და გორის თენგიზ ბურჯანაძის არენაზე ტელემაყურებელმა ნამდვილი საფეხბურთო ტრილერი იხილა.  მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ „დილა“  1:2-ს მარცხდებოდა, შეხვედრის მეორე ნახევარში სამი გოლი გაუტანეს საბურთალოელებს, მხოლოდ ერთი გაუშვეს და 4:3 გაიმარჯვებს. 3:3-ზე გადამწყვეტი გოლი პენალტით გაიტანა გორელთა უკრაინელმა ლეგიონერმა კოფტალიუკმა. მართალია, მესამე პოზიციაზე მყოფ „ლოკომოტივთან“ „დილა“  2 ქულას აგებს, მაგრამ ბოლო ტურში ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის შესაძლებლობა მიეცემა, როცა ეს გუნდები ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ მესამე ადგილზე გასულის ბედს.

მესამე ადგილის მთავარმა ფავორიტმა, თბილისის „ლოკომოტივმა“ მსუბუქი სპარინგი მოიწყო ქუთაისში, სადაც დიდი ანგარიშით, 5:1 დაარბია მეტოქე. „ტორპედოსაც“ გადათამაშებაში გადარჩენისათვის მოუწევს ბრძოლა.

მე-17 ტური

საჩხერე – დინამო (თბილისი) 2:1

სამტრედია – დინამო (ბათუმი) 1:2

დილა – საბურთალო 2:0

ტორპედო – ლოკომოტივი 1:5

1.დინამო (თბ) – 34 ქულა (16 თამაში), 2. დინამო (ბთ) – 32 (16), 3. ლოკომოტივი – 29 (17), 4დილა – 27 – 17, 5. საბურთალო – 24 (17), 6. თელავი – 23 (17), 7. სამტრედია – 19 (16)მ 8. ტორპედო – 16 (16), 9. ჩიხურა – 12 (17), 10. მერანი – 6(17).

სტატიის ავტორი მიხეილ აბაიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად