ბოკუჩავა უმრავლესობას: ზონდერ პროკურორ ვასაძეს შეუძლია, ნებისმიერი თქვენგანის წინააღმდეგაც აღძრას საქმე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები: მამუკა ვასაძე და მირანდა ერემაძე გააკრიტიკა, რომლებსაც საკომიტეტო ფორმატში უკვე მოუსმინეს დეპუტატებმა.

როგორც თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი მამუკა ვასაძე ზონდერ პროკურორია, რომელიც მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებს და მას შეუძლია „ქართული ოცნების“ დეპუტატების წინააღმდეგაც კი აღძრას საქმე.

“ვნახეთ მამუკა ვასაძე, ზონდერ პროკურორი, რომელიც დარწმუნებული ვარ, დაიკავებს უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მოსამართლის სკამს, მოისხამს მოსამართლის მანტიას, რომელსაც ის არ იმსახურებს, რადგან ამ ადამიანმა უმარტივეს კითხვებს ვერ გასცა პასუხი კომიტეტის მოსმენაზე.

ეს ადამიანი არ იცნობს არც საერთო სასამართლოების პრეცედენტს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტს. „ქართული ოცნების“ წევრებს კითხვების დასმის გამბედაობაც არ ჰყოფნიდათ კონკრეტულად ამ ადამიანთან მიმართებაში, რადგან ის არის თადუმაძის მოადგილე, ზონდერ პროკურორი, რომელიც ზეწოლას ახორციელებს მოწმეებზე და შეუძლია ნებისმიერი თქვენთაგანის წინააღმდეგაც აღძრას საქმე და თქვენ აღმოჩნდეთ განსასჯელის სკამზე.

მას არ გააჩნია კომპეტენცია არა თუ იმის, რომ უზენაესის მოსამართლის სკამს იკავებდეს, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს მანტიის ღირსიც არ არის. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში აღარ ფასდებიან ადამიანები ცოდნის მიხედვით, ღირსების მიხედვით, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი უზენაესი, ერთადერთი ინტერესი, კანონი, კონსტიტუციის ჩამნაცვლებელი არის ბიძინა ივანიშვილი. თუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მოემსახურება ის უზენაეს სასამართლოში, მაშინ ის ღირსია რომ მოისხას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, ის მხარს უჭერს პარლამენტში სამოსამართლეო საქმიანობაში ქალთა აქტიურ ჩართულობას, თუმცა მირანდა ერემაძე არაპროფესიონალი, შეშინებული ქალია, რომელიც უფრთხის ლევან მურუსიძეს და ის უზენაესის მოსამართლეობას არ იმსახურებს.

„მირანდა ერემაძეს არ აქვს გამბედაობა თქვას, რომ ლევან მურუსიძის განცხადება, რომ ის არის სასამართლოს ლიდერი, ფუნდამენტურად არასწორია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას. ის გამოხატავდა ძალიან მხდალ პოზიციას. ეს ჩემთვის ძალიან უსიამოვნო იყო. რადგან მე მხარს ვუჭერ ქალთა აქტიურ ჩართულობას პარლამენტში თუ სამოსამართლეო საქმიანობაში და ძალიან მინდა ვიხილო კომპეტენტური, გამბედავი, მამაცი , პროფესიონალი ქალები, რომლებიც მოისხამენ, მათ შორის უზენაესის მოსამართლის მანტიას, მაგრამ მე ვნახე შეშინებული, არაპროფესიონალი ქალი, რომელიც უფრთხის ლევან მურუსიძეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად