“ბოკერიას სტილში საუბარს არ გირჩევთ”, “არ ვარ კრემლის აგენტი”… “მე არ ვარ ბოკერია!” – კამათი გრიგოლია-ინაშვილს შორის

ასეთი შინაარსის კამათი გაიმართა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიასა და “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილს შორის.

“ის კონტექსტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ თურმე უამრავმა ადამიანმა ჩემს ქმედებაში დაინახა პუტინის და კრემლის გეგმები, ეს არ მიმაჩნია სწორად. იმიტომ, რომ საზოგადოებრივი განწყობები სულ სხვაა. საზოგადოების უმრავლესობა ნათლად ხედავდა დღეს, რომ არ მიეცა საშუალება კონფერენციაზე დასწრების, საქართველოს დეპუტატს და ამ შემთხვევაში მარტო მე კი არ შემიზღუდეს მონაწილეობის უფლება. მე როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელს, შემდეგ ისე მიპასუხეს.

მე არავითარი პროვოკაცია არ მომიწყვია და ეს აბსურდია. საერთოდ არ ვაპირებდი მისვლას კონფერენციაზე. ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს უფლება, რომ თუნდაც დახურული კონფერენცია მოაწყოს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მაშინ როდესაც არ იყო მიწვეული კონფერენციაზე და არ ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი, რამდენად იყო ეს ქართული საქმე და რამდენად ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს? – ინაშვილი პასუხობს:

“ასე მგონია, რომ ახლა გრძელდება ბოკერიას სტილში საუბარი და ინგა ამას არ გირჩევთ”, – რაზეც გრიგოლიას პასუხი ასეთია:

“არ მირჩევთ რას ნიშნავს” მე არ ვსაუბრობ ბოკერიას სტილში, მე გისვამთ იმ კითხვას, რაც მაქვს? – ინაშვილი კი ამბობს:

“უბრალოდ არ გირჩევთ. არ მინდა ახლა ჩხუბი… გრძელდება ბოკერიას პათოსით საუბარი”.

გრიგოლიას რეპლიკა ასეთია: “მე თქვენი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადავეცი და მე რომ რამის მიჩქმალვა მდომოდა ამას არ გავაკეთებდი. მე არ ვარ გიგა ბოკერია, მე ვარ ინგა გრიგოლია და გისმენთ”, – ინაშვილი კი პასუხობს:

“მეც ირმა ინაშვილი ვარ და არ ვარ კრემლის აგენტი, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და საქართველოს პატრიოტი. ნუ ცდილობთ ბოკერიას სტილში იარლიყების მიკერებას. ვინ გითხრათ, რომ ადვილად მოვიპოვე იქ მიკროფონი და ვინ გითხრათ, რომ იქ სიტყვას მაძლევდნენ?! არავინ აპირებდა ჩემთვის დროის დათმობას”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...