ბოკერია წულუკიანზე: უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ მინისტრი იმ პრობლემებით შეწუხებულიყო, რაც სახალხო დამცველის მოხსენებაში იყო და დისკუსია გაემართათ, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობას და ივანიშვილის რეპუტაციას.

„ჩვენ ვიხილეთ სახალხო დამცველის მოსმენა კომიტეტში, უფრო სწორად ვიხილეთ წულუკიანის სპექტაკლი ამ კომიტეტზე. უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ და რაც ადრე გვინახავს. ისიც კი არ იცის, არ გაუგია და არ დაინტერესებულა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არსად მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში, არ არის ივანიშვილის, ზოგადად ხელისუფლების და უფრო ფართოდ, პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა. ეს საყვედურად წაუყენა, რატომ არ იცავთ ჩვენს რეპუტაციასო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ისაუბროს იუსტიციის მინისტრმა? იმის მაგივრად, რომ შეწუხებულიყო იმ პრობლემებით, რაც ამ მოხსენებაში იყო და დისკუსია გაემართათ ამ ყველაფერზე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობის და მისი მარჩენალი ივანიშვილის რეპუტაციას. სხვათაშორის, თუ თვლიდა, რომ პრობლემა იყო ჩაცმულობაში, ამის რაციონალური რეგულაციაც მისი საქმეა. გამოეცა ბრძანებულება. რაზე საუბრობს საერთოდ? ეს არის ფიგურა, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა. მაგრამ ამ ერთ ადამიანში არ არის პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ივანიშვილში, ამ სამარცხვინო ლიდერში, რომელმაც ასეთი „კლოუნები“ მოგვიყვანა და ამდენი წელია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციებს თავზე დაასვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისათვის: სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა.

კომიტეტის სხდომას საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების: “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები არ დასწრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად