ბოკერია: ქუჩაში ცოტა ხალხი არ დგას და ვწუხვარ, თუ გეცოტავებათ

ქუჩაში ცოტა ხალხი არ დგას და ვწუხვარ, თუ თქვენ გეცოტავებათ, – ამ განცხადებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „კვირის ინტერვიუს“ წამყვანს, ირაკლი აბსანძეს უპასუხა, რომელმაც სტუმარს შეკითხვა დაუსვა, რატომ დგას ქუჩაში ცოტა ხალხი, თუ ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანდა.

„ახლა უკვე ხელისუფლების პროპაგანდის მეორე საკითხზე გადახვედით. ამბობთ, რომ ცოტაა ეს ხალხი, მაგრამ ცდებით. ჩემი აზრით, არ არის ცოტა. თქვენ თუ გეცოტავებათ, ვწუხვარ. ხალხი ბევრია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ დისტანცირდება „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობისგან“, რადგან ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ საფრთხობელად იყენებს, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს კითხვა ერთი წლის წინანდელია, რადგან ახლა სხვა რეალობა დადგა, როცა ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანდა.

„ახლა ბურჯანაძისგანაც არ ვდისტანცირდებით. ახლა სააკაშვილი, ბოკერია და ვიღაცები კი არა, ბურჯანაძე, ელისაშვილი, ნათელაშვილი, ყველა გაერთიანდა. ეს ხელისუფლების პროპაგანდაა, რომ ბურჯანაძეც ნაციონალია, ნათელაშვილიც, ელისაშვილიც, „გირჩიც“, „ლელოც“, „სირცხვილიას“ ახალგაზრდებიც და ყველა, მაგრამ რეალობა სხვაა. ბურჯანაძეც კი ჩვენ გვერდით დგას“, – განაცხადა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანის შენიშვნაზე, ნინო ბურჯანაძე ხომ იმხელა პრობლემა არ ყოფილა ქვეყნისთვის, როგორიც მიხეილ სააკაშვილი იყო, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს მისი პრობლემაა, თუ ბურჯანაძე უფრო მოსწონდა, ვიდრე სააკაშვილი.

„თქვენი სიმპატიები თქვენი საქმეა, ბურჯანაძე რომ უფრო მოგწონდათ, ვიდრე სააკაშვილი. ეგ თქვენი გადასაწყვეტია, მე კი სხვა რამეს გეუბნებით. თქვენ ისევ გერევათ ერთმანეთში ვიღაცის სიმპატიები და ის, რაც საქართველოში ბოლოს მოხდა, როცა გაერთიანდა ყველა, ვისაც ერთმანეთი არ მოსწონს. მე რომ ქალბატონ ბურჯანაძეს არ მოვწონვარ შეხედულებებით, მონაგონია ხომ ყველაფერთან?!“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეკითხვაზე, ხალხს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეშინია, რომელიც 2012 წელს არჩევნებით გადააგდო და არა მის მიერ ჩამოთვლილი პიროვნებების, ბოკერიამ განაცხადა, რომ 2012 წელს ხელისუფლების გადარჩევა მოხდა, ხოლო გადაგდება შეიძლება, ახლა მოხდეს.

 

წყარო: საქართველოს პირველი არხი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად