ბოკერია: ყველამ ვიცით, რომ ნეიტრალიტეტი კოდური სიტყვაა, რომ უნდა ჩავბარდეთ რუსეთს

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც განმარტა, თუ რამ გამოიწვია პარლამენტში მას და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის დაპირისპირება.

“ვფიქრობ, რომ ზოგადად, პოლიტიკური ნერვების თვალსაზრისით უმრავლესობის უმრავლესობას მძიმე მდგომარეობა აქვს. ისინი პოლიტიკური მორალისა და ინტელექტუალობის თვალსაზრისით კუთხეში მიმწყვდეულად გრძნობენ თავს და ასე რეაგირებენ”. – აცხადებს ბოკერია.

როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, უმრავლესობა თავს პოლიტიკურად დამცირებულად გრძნობს და ოპოზიციაზე ბრაზდება.

“ივანიშვილის დღევანდელი რეპრესიებიც ხომ შედეგია, რომ კუთხეში მომწყვდეული და დასუსტებულია. ეს თვითონაც იცის და ამით ცდილობს კომპენსირებას. სხვა ახსნა არ მაქვს იმაზე, როგორც ისინი იქცევიან. ბუნებრივია ისიც, რომ ” ქართული ოცნების” , “პატრიოტთა ალიანსის” და ამ ტიპის ძალების ერთად ყოფნა ახალ საფეხურზე გავიდა. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ერთად მოქმედებდნენ და ახლა აღარც მალავენ ამას. სხვათა შორის, ამ ინციდენტამდე ტრიბუნასთან გამოდიოდა ადამიანი, რომელიც ღიად აწარმოებდა პუტინის პროპაგანდას და პროცედურის დარღვევით ტრიბუნასთან მიუშვეს.

ამიტომ, ნახევრად ვიხუმრე, ახალი წესი ხომ არ არის, რომ პროპუტინისტური ძალები ტრიბუნასთან უნდა გამოვიდნენ, მაშინ, როცა სხვები ადგილიდან გამოდიან-თქო. ეს არ არის პრინციპული, უბრალოდ სიმბოლური ამბავია. მდინარაძეს და “ოცნებას” პროტესტი ამაზე კი არ გასჩენიათ, ასევე იმ ხალხზე, ვინც პუტინის გზავნილს იმეორებს, რომ თურმე ნატო-ს გამო შიმშილობენ ჩვენი ბავშვები და ნეიტრალიტეტი უნდა იყოს. არადა, ყველამ ვიცით, რომ ნეიტრალიტეტი კოდური სიტყვაა, რომ უნდა ჩავბარდეთ რუსეთს.

ასევე, იმან კი არ აღაშფოთათ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე კილომეტრით გადმოსწიეს საოკუპაციო ხაზი, ამაზე კი არ ბრაზდებიან, ბრაზდებიან ჩვენზე, იმიტომ რომ თავს პოლიტიკურად დამცირებულად გრძნობენ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად