ბოკერია “ქართულ ოცნებაზე”: ქუჩურ გარჩევებს აწყობენ, ბევრნი არიან და მიაჩნიათ, რომ ეს მათი ძალაა

“საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ცენზურის დაწესება არ მოხდება, ისინი კეთილს ინებებენ და სხდომათა დარბაზში მათთვის უსიამოვნო შეფასებების მოსმენას შეეგუებიან” – ამის შესახებ ჟურნალისტენთან საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მათთვის მიუღებელი გამოსვლების ატანა არ შეუძლიათ და საპარლამენტო ცხოვრებისთვის შეუფერებლად იქცევიან.

“ქუჩურ გარჩევებს აწყობენ. ბევრნი არიან და მიაჩნიათ, რომ ეს მათი ძალაა. ამით ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სახე ჩანს. ეს ცუდია პარლამენტარიზმისთვის, დემოკრატიისა და პოლიტიკისთვის აღქმისთვის, თუმცა ეს სამწუხარო რეალობაა. დარბაზში მოუწევთ, იმ აზრების მოსმენა, რაც მათთვის უსიამოვნოა. ზოგჯერ ემოციური ფონით, რადგან პოლიტიკური ლიდერები გამოხატვის სხვადასხვა ფორმით გამოირჩევიან. დემოკრატია იმის ატანაა, რაც არ მოგწონს”, – აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, ნიკა მელია როგორი პოლიტიკოსი და დეპუტატია, ეს ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს და არა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომლის ოპონენტია.

“შეფასება თუნდაც, მე არ შემიძლია, რომელიც ოპოზიციაში მისი ოპონენტი ვარ. მის პოლიტიკურ ძალაში იმიტომ არ ვარ, რომ ბევრ რამეში განსხვავებები გვაქვს. როცა შინაარსი არ მოგწონს და ფიზიკურ გაქაჩვას იწყებ და კრიმინალური ინსტიქტების დემონსტრირებას ახდენ, ეს არის დემოკრატიასთან შეუფერებელი საქციელი. ამომრჩეველს აცადონ შეფასება, მელია კარგად გამოვიდა თუ ცუდად და როგორი მანერები აქვს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად