ბოკერია “ოცნებაზე”: არ მაქვს ჯერჯერობით ნიშნები, რომ გონს მოეგნენ. თუ გვექნება ეს ნიშნები, ძალიან კარგი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მმართველ პარტიას რამდენიმე კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებები ჩაშალა და პოლიტიკური რეპრესიები გააგრძელა.

გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ განმარტა პირობები, რა შემთხვევაში დაბრუნდება ოპოზიცია მოპალარაკების მაგიდასთან.

„რა შემთხვევაში დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან ყველამ იცის – ეს არის გონივრული კომპრომისი იმაზე, რასაც ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას დაღვრილი სისხლის შემდეგ, თანაც მკაფიოდ და რაც არის საზოგადოების დაკვეთა – არჩევნების პროპორციულობა, ამ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და მეორე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერება, რომ შედარებით ნორმალურ ატმოსფეროში ჩაიაროს არჩევნებმა, რომელშიც ისინი დამარცხდებიან და უნდა შეეგუონ მარცხს. თუ არანორმალური ატმოსფერო იქნა, მაშინაც დამარცხდებიან და კიდევ უფრო დრამატული იქნება მათი მარცხი. რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია. ანუ, სწორად უნდა გავიგოთ – თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ, საჯაროდ ან არასაჯაროდ ამის შეტყობინების უამრავი გზა არსებობს და ახლა ჩაიციკლნენ, რომ ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, ამას ვინ ჭამს”-განაცხადა გიგა ბოკერიამ

მისი თქმით, მმართველ გუნდს მოლაპარაკებები  რომ სდომოდა, გონივრული კომპრომისის უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ და რეპრესიები არ უნდა დაეწყოთ.

“უგულავა ხომ იმიტომ დაიჭირეს, რომ მოლაპარაკებები არ უნდათ და ბრიყვული ილუზია აქვს ივანიშვილს, რომ ხალხის გადაგდების პირობებში რეპრესიებით დააშინებს პროტესტს, შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ეს პირდაპირ კავშირშია მასთან. თუ გარე და შიგნით საზოგადოების წნეხის შედეგად მოხდა ასეთი კარგი რამ, რომ ივანიშვილი (ისაა ყველაფერი, დანარჩენები ყველანი მასხარები არიან) მოეგო გონს, ჩვენ მზად ვართ, მოქნილები ვიყოთ, რათა ნორმალური მდგომარეობა იყოს. ჩვენი თვითმიზანი არ არის კონფრონტაცია, მისი დამარცხებაა ქვეყნის ეროვნული ამოცანა და რაც უფრო ნორმალურ ვითარებაში მოხდება ეს, მით უფრო ნაკლები ზიანი მიადგება ქვეყანას“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად