ბოკერია: მოვუწოდებ ივანიშვილს, მინიმუმ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე, არ შეეხონ რ2-ს

“ტყუილად აქვთ ილუზია, რომ ამ გამარჯვებით, რაც მათ ჰგონიათ, გამარჯვება, შეცვლიან იმ ტალღას, რაც არის ქვეყანაში, “,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩემი აზრით, ცუდი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგმა. სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში ყოფილა გადაწყვეტილებები, რომლებიც სამოქალაქო თავისუფლებისთვის არ შეფასდა ისტორიისგან, როგორც საუკეთესო და შეიცვალა. ამიტომ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა რუსთავი ორის მხრიდან, გაასაჩივროს დიდ პალატაში და სცადონ ყველა ბერკეტი.

მოვუწოდებ ივანიშვილის გუნდს, კიდევ ერთი დიდი შეცდომა არ დაუშვან, მინიმუმ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე, არ შეეხონ რუსთავი ორს.

ტყუილად აქვთ ილუზია, რომ ამ გამარჯვებით, რაც მათ ჰგონიათ, გამარჯვება, შეცვლიან იმ ტალღას, რაც არის ქვეყანაში, პირიქით, მხოლოდ დაამძიმებენ მდგომარეობას, გაზრდიან რისკებს და თვითონ ამით პოლიტიკურად ვერ გადარჩებიან ”,-განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...