ბოკერია: ლაშა ნაცვლიშვილი წარსულის გახრწნის სიმბოლო იყო, დღეს კი ივანიშვილის რეჟიმის სახეა

“დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გახრწნილი ხალხი, როგორიც ლაშა ნაცვლიშვილია, საქართველოში 1 წლის შემდეგ ხელისუფლებაში აღარ იქნებიან”, – ​ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ქართული ოცნების” კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ტელეეთერში, ამნისტიის საკითხზე მსჯელობისას გაკეთებული მოსაზრებების კომენტირებისას ჟურნალსიტებს განუცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ლაშა ნაცვლიშვილი არის შევარდნაძის პერიოდის კორუფციის და მორალური გახრწნის სიმბოლოა და ეს კაცი დღეს ივანიშვილის რეჟიმის ერთერთ სახეს წარმოადგენს.

“არ მიყვარს წარსულზე საუბარი, მაგრამ ეს კაცი გახრწნის სიმბოლო იყო, დღეს არის ერთერთი სახე ივანიშვილის რეჟიმის. ყველამ ვიცით, რომ ესენი პოლიტიკურ დევნას ახორციელებდნენ – ამას ჩამოხრჩობა, იმას დახვრეტა. ისხდნენ და პიროვნებებზე წყვეტდნენ, ეს დავიჭიროთ, ეს არ დავიჭიროთ, ამის დაჭერა ღირს, ამის – არ ღირს. თვითონ პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა. სამართლებრივი დევნა ის კი არ არის, რომ ადამიანების გვარებს არჩევ, არამედ კანონის უზენაესობა ის არის, რომ არჩევ საქმეებს. ესენი ისხდნენ და სიებს გადიოდნენ. ზუსტად ამიტომ ვართ მომხრე, რომ მომავალში არავითარი სიები არ არსებობდეს, თუნდაც ასეთი გახრწნილი ხალხი იყოს ხელისუფლებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გახრწნილი ხალხი, როგორიც ლაშა ნაცვლიშვილია, საქართველოში 1 წლის შემდეგ ხელისუფლებაში აღარ იქნებიან” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა “ქრონიკასთან” განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ რეჟიმის მსახურები, ისინი არიან სასიკვდილო ცოდვა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.

“ბატონი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ იმ რეჟიმის იდეოლოგები – ბოკერია და ძმანი მისნი გამოსწორდნენ იმ დონეზე, რომ მათ შეიძლება ქვეყანა ვანდოთ. თუმცა, იმავდროულად, ბატონი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ შეუძლებელია გამოსწორდეს რეჟიმის ერთ-ერთი ნაწილი. ანუ, იდეოლოგი შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ ის მოსამართლეები, რომლებიც რეჟიმს ემსახურებოდნენ – შეუძლებელია”-განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად