ბოკერია ბათიაშვილის საქმეზე: დიახ, ეს ფირი სახელმწიფომ მიაწოდა “რუსთავი 2”-ს

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია, არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად.

„დიახ, ბათიაშვილის საქმეზე დადგინდა უდანაშაულობის პრეზუმფციის და პროცესში მიუკერძოებლობის დარღვევა ფირის გამო, რომელიც გაუშვა მაშინ სახელმწიფომ ეთერში. დიახ, ეს ფირი სახელმწიფომ მიაწოდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია (და რაც ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, სხვა საკითხებში ბათიაშვილმა ვერ მოიგო საქმე) არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად, ნებისმიერ ეტაპზე. არ უნდა დაამონტაჟო ფირი, როცა ეს ფირი შეიცავს მტკიცებულებებს, სრულფასოვნად უნდა მიაწოდო. წინააღმდეგ შემთხვევაში, აჩვენებს ეს ხელისუფლების ჩარევას პროცესში. გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის ეს. მე მიყვარს იმაზე ფოკუსირება, რაც ხელისუფლების ხელში იყო და რა შეცდომაც არ უნდა დაუშვა არასდროს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. .

მისი თქმით, ირაკლი ბათიაშვილის საქციელზე აზრი არ შეუვლია და მიაჩნია, რომ ეს იყო ამბოხი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც შემდგომში გაირკვა, ჩრდილოელ მტერთან კოორდინაციაში.

“ყველას გვახსოვს, კვიციანი სად წავიდა – რუსეთში, იქ შეიფარეს. ბათიაშვილი ამ პროცესში მას კოორდინაციას უწევდა და რჩევებს აძლევდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და სახელმწიფოს დაუმალა კონკრეტული ინფორმაცია. ეს ფაქტები უდავოა, მაგრამ მართლმსაჯულება გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს, იქნება ეს ბათიაშვილი თუ კვიციანი, უნდა მოექცე კანონის შესაბამისად და არ შეიძლება, რომ დაუშვა ამ შენი მოტივაციის გამო, რამე საკითხშიც კი ასეთი მანიპულაცია, რაც მოხდა იმ ფირთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის გაკვეთილი და ყველასთვის ასე უნდა იყოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისათვის: 2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად