ბობოხიძე: როგორ დავიჯერო, რომ გახარია-ბახტაძემ დიალოგზე მიგვიწვიეს და ტყვიებით დაგვხვდნენ

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე გადაცემა “პირველებში” 20 ივნისის ღამეს იხსენებს, კერძოდ კი იმ ეპიზოდს, როგორ მიიღეს დიალოგზე შეთავაზება, როგორ მილაპარაკა ოპოზიციამ და როგორ მზადდებოდა პარლამენტში შესვლა რა დროსაც აქციის დარბევა დაიწყო.

“ზუსტად 11 საათზე ვხვდები პალიკო კუბლაშვილს, პალიკომ მითხრა იქნებოდა თუ არა ჩვენი მხარე მზად, რომ თუ ხელისუფლება დათანხმდებოდა დიალოგს, რაღაცით განმუხტულიყო მდგომარეობა. ბუნებრივია სიტუაციის განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება არის დიალოგი. მე თანხმობა მივეცი, მაგრამ მარტო მაინც არ მინდოდა პროცესებში ჩართვა, რადგან ქართული პოლიტიკური სპექტრი ეჭვიანია. პიონერთა სასახლის კუთხეში ვიყავით და მივედით მიკროფენებთან და უგულავას ვეუბნები რომ ასეთი შემოთავაზებაა და მინდა, რომ შენ ესწრებოდე ჩვენს ლაპარაკს. გიგი უგულავა უყოყმანოდ წამოვიდა. გამოვდივართ პიონერთა სასახლის წინ და ვიღაცას ურეკავს კუბლაშვილი. სანამ კუბლაშვილმა მეორე თუ მესამე დღეს არ დაადასტურა, რომ გახარიას ელაპარაკებოდა და სანამ გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას არ დაადასტურა, რომ შეთანხმება შედგა მოლაპარაკებაზე, მე არ მიხსენებია გახარია. პავლე კი მეუბნებოდა, რომ გახარიას ელაპარაკებოდა, მაგრამ მე ხომ ვერ ვხედავდი და დადასტურებულად არ მივეცი თავს უფლება.

მე მათ გადავეცი ჩემი წინადადება, რომ თუ თანახმა იქნებიან მოლაპარაკებაზე, მე უგულავას გარდა დამატებით გადავცემ ამ წინადადებას მელიას და ვაშაძეს. უნდა მომცეთ რამდენიმე წუთი, რომ ხალხი კობეებიდან ჩავიყვანოთ-მეთქი. იმიტომ, რომ მოლაპარაკების დროს არ მინდოდა პოლიცია და ხალხი ერთმანეთთან უშუალო შეხებაში ყოფილიყვნენ. ეს დეტალიც გახარიას არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელიაია, როცა პოლიცია და აღელვებული ხალხი ერთმანეთთან უშუალო შეხებაში იყო.

უთხარით გახარიას ექსპერიმენტი ჩაატაროს, არათუ პატარა გოგო-ბიჭები, არამედ უძლიერესი სპეცრაზმელები მოიყვანოს და აბა ერთი გაანგრიოს პარლამენტში შესასვლელი ღობე. შეუძლებელია. ვინმეს რომც სდომოდა პარლამენტში შეჭრა, იმ მხრიდან პარლამენტში შეჭრა შეუძლებელია.

პრემიერის განცხადება შემთხვევით კი არ იყო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ტყვიების გამოყენებასო. იმიტომ, რომ იცოდა ცოტა ხანში უკვე მოლაპარაკება უნდა დაიწყოს და წინასწარ სასახელო პლატფორმას იკეთებს, რომ ჩვენ არ ვისვრით ტყვიას და მერე უნდა იტრაბახოს, როგორ მოაგვარეს გონივრულად მოლაპარაკებებით. როგორც კი შევთანხმდით მოლაპარაკებაზე, პრემიერი ჩვენთან შეუთანხმებლად აკეთებს განცხადებას. იწყება დროის ათვლა. მე მოვდივარ, ვხვდები მელიას და ვაშაძეს. გახარია ამბობს, რომ თურმე ვიღაცებს უთქვამს, რომ რატომ უნდა შევიდეთ, როცა წარმატებულად ვუტევთო. ანუ გახარია გვეუბნება, რომ იქ ჰყავდა ვიღაცა, ვინც პირდაპირ დროში გადასცემდა იმ წუთში რას ვლაპარაკობდით?! თუ მერე ნახა ეს კადრები, ეს ვერ იქნებოდა სროლის გადაწყვეტილების საფუძველი. გამოდის, რომ ვიღაცა პირდაპირ დროში ელაპარაკებოდა, მან არ უთხრა, რომ ჩვენ ეს 5 წუთი დაგვჭირდა ხალხთან სალაპარაკოდ. ეს ის დროა, როცა მელია და ვაშაძე ელაპარაკებიან მეგაფონით, მე კი ველაპარაკები ჩემი ხმით, რომ ბიჭებო უნდა ჩავიდეთ დაბლა, რომ შევდივართ მოლაპარაკებაზე. ამ დროს სპეცრაზმმა კი არ დაიწყო შტურმის მოლაპარაკება – ჯერ ერთი სიტყვა “სპეცრაზმი” არასწორია. იქ იდგა სპეციალური ფორმით ეკიპირებული ჩვეულებრივი პოლიციელები, 3 თუ 4 მწკრივი. მათ ვუთხარით, რომ გადაეცით თქვენს უშუალო ხელმძღვანელს, რომ პრემიერთან და შს მინისტრთან მოდის ეს ხალხი სალაპარაკოდ, რომ გავეტარებინეთ. ამ დროს შიგნიდან, არა ვითომ შეტევის მომგერიებელი პოლიციელებიდან? არამედ შიგნიდან იწყება გაზის კაფსულების სროლა. რა თქმა უნდა ამით დამთავრდა მოლაპარაკების მცდელობაც და ყველაფერი. როგორ დავიჯერო, რომ ადამიანები, რომლებმაც მიგვიწვიეს მოლაპარაკებაზე ტყვიებით დაგვხვდნენ”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ თემაზე თავდაპირველად განცხადება ყოფილმა პარლამენტარმა პავლე კუბლაშვილმა გააკეთა, რომელმაც თქვა: მე დავურეკე და მე შევთავაზე გახარიას ოპოზიციასთან მოლაპარაკება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...