ბობოხიძე პროკურორებს: სად არის რაინდი? რატომ არ არის დაკავებული ლევან ვასაძე?

„სად არის რაინდი? რა ხდება მის საქმეზე, რომელიც, ნიკა მელიასგან განსხვავებით, ხალხს ქუჩაში კრეფდა, რაც ყველამ ვიხილეთ. ლევან ვასაძე არის რუსეთის მოქალაქე და თუ გადაგასწრო იქ, არავინ მოგცემთ უკან. რატომ არ არის დაკავებული რაინდი?!“.

ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე რევაზ ბაღაშვილს და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსს ამირან გულუაშვილს, რომლებმა დეპუტატებს ნიკა მელიას ბრალის დადგენილება გააცნეს.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამეტში საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თამარ ჩუგოშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილს განიხილავენ, რომელიც გუშინ პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომაზე განიხილეს.

წერილის მიხედვით, თადუმაძე საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ, დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ითხოვს, დეპუტატისთვის საპატიმრო ღონისძიების უზრუნველყოფისთვის.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეებს გიორგი კახიანს და ანრი ოხანაშვილს „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ მიმართა, მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხის განხილვის გადადებაზე.

კახიძის თხოვნა კომიტეტის თავმჯდომარეებმა არ დააკმაყოფილეს.

საკითხის განხილვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ და დეპუტატი დღეს გამოკითხვაზე პროკურატურაშია და დაბარებული.

კომენტარები
იტვირთება...