Bloomberg: კომპანია Apple პროდუქციის მასშტაბურ განახლებას გეგმავს

კომპანია Apple თავისი პროდუქციის მასშტაბურ განახლებას აპირებს. ახალი მოდელები გაყიდვაში რამდენიმე თვეში უნდა ჩაეშვას. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ერთ-ერთი პირველი უნდა გამოჩნდეს სმარტფონების სამი ახალი მოდელი, ე.წ. Pro iPhones, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლოს iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR.

Bloomberg-ის ინფორმაციის მიხედვით, ახალი მოდელებიდან არცერთს ექნება 5G მხარდაჭერა, მათ ექნებათ Apple A13-ის სწრაფი პროცესორები და ახალი კამერები ფართოკუთხიანი ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ iPhone-ში გაუმჯობესებული იქნება ვიდეო ჩაწერის ხარისხი, აგრეთვე გაჩნდება ვიდეოს რედაქტირების ფუნქცია რეალურ დროში, ჩაწერის დროს.

ახალი მობილური მოწყობილობების ზომები იგივე დარჩება, როგორიც წინა მოდელების იყო. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი მოდელები უფრო გამძლე და მეტად წყალგამძლე იქნება.

ახალი MacBook Pro-ის ეკრანის დიაგონალის სიგრძე 16 დუიმი იქნება, რაც კომპანიის ნოუთბუქების სერიაში ყველაზე დიდი ზომაა. აგრეთვე გაიზრდება ყველაზე იაფფასიანი iPad-ის ეკრანის ზომა, შედარებით ძვირადღირებული მოდელების ეკრანის ზომა კი კვლავ 11 და 12,9 დუიმი დარჩება, სამაგიეროდ გაუმჯობესდება მათი კამერა და პროცესორები იქნება გაცილებით სწრაფი.

Bloomberg-ის ცნობით, ცვლილებები შეეხება ყურსასმენებსაც. კომპანია გეგმავს, რომ AirPods გახადოს წყალგაუმტარი და მათ ხმის დახშობის ფუნქცია დაუმატოს. რაც შეეხება ჭკვიან საათს Apple Watch, იგეგმება მისი მხოლოდ პროგრამული გაუმჯობესება და კორპუსის განახლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...