ბიზნესომბუდსმენი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე: პროცესი პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს

მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ პროცესი იყოს პოლიტიკისგან დაცლილი – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

ჩაერთვება თუ არა ბიზნესომბუდსმენი პროცესში და დაუჭერს თუ არა მხარს სასამართლოს ეტაპზე ბიზნესმენებს, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ  საქმის აღნიშნულ ეტაპზე ბიზნესომბუდსმენის კომპეტენცია სრულდება.

„ბიზნესომბუდსმენის საქმიანობას არეგულირებს კანონის საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ, სადაც დეტალურად არის გაწერილი ჩვენი უფლებამოსილება და  ის მექანიზმები, რითიც ჩვენ ბიზნეს  მხარს ვუჭერთ – სასამართლო განხილვები სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ის ეტაპია,  სადაც ჩვენი კომპეტენცია სრულდება.“ – ამბობს ლექვინაძე.

ირაკლი ლექვინაძე  ხაზს უსვამს, რომ გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და დღეს პროკურატურის მიერ გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილ საქმეს ეხება.

„საქმე ეხება ორი კონკრეტული ბიზნესმენის მიერ  2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურას კითხვები გაუჩნდა. ცხადია, აღნიშნულ პროცესს გავლენა ექნება იმ  სამეწარმეო საქმიანობებზე,  სადაც აღნიშნული ბიზნესმენები არიან წარმოდგენილი, თუმცა კითხვები თუ არსებობს უნდა დაისვას,  პასუხებიც იქნეს გაცემული და შედეგიც მოკლე ვადაში დადგეს. შემდეგი ეტაპი სასამართლოა, სადაც  ყველა მხარეს ექნება შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი პოზიციები “ – ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

ირაკლი ლექვინაძე ანაკლიის პორტზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მთავრობამ კვლავაც შეუფერხებლად უნდა გააგრძელოს ანაკლიის პორტის მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...