ბიზნესის დაწყების სიმარტივით, საქართველო, მსოფლიო რეიტინგში პირველ ხუთეულშია

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის- “Doing Business 2018” მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით, საქართველო დაწინაურდა და მერვედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით კი, ქვეყანა კვლავ სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ ხუთეულში,- ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

 

საქართველოში ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
აღნიშნულ მსოფლიო რეიტინგში, ბიზნესის რეგისტრაციის სფეროს შეფასების კრიტერიუმები სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობას, რეგისტრაციისათვის საჭირო დროსა, ხარჯებს და მინიმალურ საწესდებო კაპიტალს მოიცავს.

საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი; რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

“Doing Business” მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 4 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად