ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა და მილიონით გაზრდილი ხარჯები თსუ-ს მე-2 კორპუსისთვის – რას წერს სახელმწიფო აუდიტი

აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისობის აუდიტი. როგორც შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

აუდიტმა მოიცვა 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. გარდამავალ და წინა აუდიტით გამოვლენილ რისკის შემცველ თემებთან დაკავშირებით შესწავლილი იქნა მეორე კორპუსის რეაბილიტაციის საკითხიც.

აუდიტის დასკვნის მიხედვით: თსუ-ის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად შეირჩა პროექტირება-მშენებლობის – ე.წ. Design-Build (DB) მეთოდი. შესყიდვა განხორციელდა 2018 წლის 14 მარტს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 5,829.9 ათასი ლარი.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ და გამარჯვებულად გამოცხადდა სატენდერო წინადადების უმცირესი ფასის წარმომდგენი შპს „დიკა 2010“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება (N430/06, 03.05.2018წ.) ღირებულებით – 5,192.0 ათასი ლარი.

სამშენებლო პროექტების განხორციელების DB მეთოდის ერთ-ერთ უარყოფით მხარეს წარმოადგენს შესყიდვის საშუალებად ტენდერის გამოყენების სირთულე (გარდა ტიპური პროექტების განხორციელების შემთხვევებისა).

იმის გამო, რომ აღნიშნული მეთოდი გულისხმობს საპროექტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ერთი კონტრაქტორისგან შესყიდვას, ტენდერის გამოცხადების ეტაპზე არ არსებობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა), რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სწორად განფასდეს შესასრულებელი სამუშაოები და შედეგად, ადეკვატურად განისაზღვროს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. ასეთ შემთხვევაში ტენდერებში ფასების კლებაც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში შეიძლება დაფიქსირდეს და მაღალი რისკი არსებობს იმისა, რომ რეალურ საბაზრო ღირებულებამდე ვერ ჩამოვიდეს (რადგან თვით პრეტენდენტებსაც არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა ფასის ადეკვატურობაზე და დაზღვევის მიზნით შესაძლოა მაღალ ფასებზე შეაჩერონ შეთავაზება).

ამასთანავე, თსუ-ის მე-2 კორპუსის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის ღირებულების გაანგარიშების დროს არ არის გათვალისწინებული სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფები, ხოლო ნებართვების ღირებულების (რომელიც ასევე გაზრდილია) დადგენას არ ესაჭიროებოდა ბაზრის კვლევა, რადგან ის გაიცემა მხოლოდ სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ და მისი ფასები ფიქსირებულია.

აქედან გამომდინარე, შედეგად, სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა გაზრდილია ჯამურად 1,116.3 ათასი ლარით (225.8 ათასი ლარით, მომსახურებების ნაწილში + 890.5 ათასი ლარით, სამუშაოების ნაწილში), რამაც შექმნა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის რისკი.

ამ დრომდე, თსუ-ს ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ მოკლე განმარტებით შემოიფარგლა თსუ-ს ყოფილი რექტორი ლადო პაპავა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს საკითხი, როგორ წესი განიხილებოდა თსუ ფინანსური დეპარტამენტის მიერ და იყო უშუალოდ თსუ-ს კანცლერის გამგებლობაში.

“ფინანსური საკითხები რექტორის კომპეტენციაში არ შედიოდა”-აღნიშნა ლადო პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სარემონტო სამუშაოები 2018 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებამ, რომელიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დიკა 2010“-თან გაფორმდა, 5 192 000 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად