Binance-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მზადაა, თანამდებობიდან გადადგეს

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟის, Binance-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო აცხადებს, რომ მზადაა, თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგეს. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს.

ჟაოს სურს, რომ კომპანიის ლიდერობა იმ პირს გადააბაროს, ვისაც მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს.

მისი განმარტებით, Binance-ის მიზანია საერთაშორისოდ დარეგულირებული საფინანსო ორგანიზაცია გახდეს და სრულად მოერგოს სხვადასხვა სახელმწიფოების კანონმდებლობებს.

Binance-ს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ყოველთვიურად 2 ტრილიონ დოლარამდე მოცულობის ტრანზაქციებს ახორციელებს. ივნისში გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ Binance-ი აკრძალა, რაც კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის არქონით იყო განპირობებული.

აშშ-მა 2019 წელს Binance.com აკრძალა.აკრძალვის თავიდან არიდების მიზნით, ორგანიზაციამ ახალი შვილობილი კომპანია დააარსა – BinanceUS, რომელსაც სათავო ოფისი სან-ფრანცისკოში აქვს.

კომენტარები
იტვირთება...